“გზა რუსეთ-თურქეთის ტვირთების ტრანზიტისთვის?!” - პაატა ზაქარეიშვილი

“ჩვენი ხელისუფლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის საკითხში იმდენად პასიური გახდა, რომ რასაც ადრე მოითხოვდა, იმაზეც კი დუმს - რუსეთისგან თავისი ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანასაც კი არ მოითხოვს. ახალ ღონისძიებებზეც კი არ არის ლაპარაკი.

საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით, აფხაზეთის ტერიტორიის გამოყენებით თურქეთში ტვირთების გადატანასაც კი არ აპროტესტებენ. თურქეთს მუდმივად ვიცავ, მის მხარდაჭერას და მოკავშირეობას ვაფასებ, მაგრამ ახლა ქართულმა მხარემ თურქეთის ელჩს მაინც უთხრას, რომ რუსეთი თურქეთს იყენებს აფხაზეთის ტერიტორიის გამოყენებით, რათა სანქციებს გვერდი აუაროს. თურქი საჯარო პირი ან ექსპერტი რომ ვიყო, აქეთ ვეტყოდი ჩვენს ხელისუფლებას, ლარსზე რომ გაგაქვთ ჩვენი ტვირთები, თურქეთის გამოყენებით რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში რომ მონაწილეობთ და ხმას არ იღებთ, მაგაზე რას გვეტყვითო? არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ტვირთები ლარსის გავლით თურქეთიდან უწყვეტად გადის”, - აცხადებს კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "გზა რუსეთ-თურქეთის ტვირთების ტრანზიტისთვის?!”

 

“სერგეი ლავროვმა განსაკუთრებული მადლობა რომ გადაგვიხადა იმისთვის, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, იმასაც შევახსენებდი. ლარსიდან შეიძლება და ოჩამჩირიდან არ შეიძლება-მეთქი? ვკითხავდი. საქართველოს ხელისუფლება თავისი დაუსრულებელი მდუმარებით უკვე ისეთ უხერხულ მდგომარეობაშია, რომ ეშინია, რამის გაპროტესტების, ხმის ამოღების შემთხვევაში ისეთი რამე არ უპასუხონ, რაც უარეს მდგომარეობაში ჩააგდებს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე განაცხადა, ამერიკა საქართველოს სახელმწიფოდ არ თვლისო. უკაცრავად, თავად თვლიან?! რა ეტყობათ, რომ თვლიან, როდესაც ცხვირწინ 3 ათასამდე ტონა ტვირთს უტარებენ და სამარცხვინოდ გატრუნული არიან. ვინმე იმით მაინც დაინტერესდა, იმ 100-მდე კონტეინერით რა გადააქვთ, ან კიდევ რა აქვთ გეგმაში? მაშინ, როცა რუსეთი მსოფლიოს ყველა წერტილში ყველაფრის გაფუჭებას ცდილობს, რათა არეულობა სათავისოდ გამოიყენოს, დასავლეთს ყურადღება უკრაინიდან გადაატანინოს, რა გარანტიაა, რომ ქვეყანა ასეთი რამის წაყრუებისთვის საერთაშორისო სკანდალში არ გაეხვევა? შესაძლოა ეს იყო სურსათი, რუსეთში დეფიციტური საქონელი, ქვანახშირი ან ნებისმიერი რამ, მაგრამ სულ რომ ურანი მიჰქონდეთ, საქართველოს ხელისუფლება დუმს, თითქოს მას არ ეხება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“არც თურქული მხარე ამბობს რამეს და არც რუსული. აფხაზებმა დადეს ინტერნეტში ათობით კონტეინერის ფოტო, მაგრამ იმის იქით არაფერი ვიცით, არც ის, რომელი დროშით მცურავი გემია, ვისი საკუთრებაა. შესაძლოა გზა-კვალის ასარევად ტვირთი ბელარუსისკენ წავიდეს, იქ რამდენიმე დღე დარჩეს და შემდეგ ბოსფორისკენ გაცუროს. უამრავი რამ შეიძლება დავუშვათ, სანამ თურქეთი განცხადებას არ გააკეთებს, მხოლოდ ვარაუდებით შეგვიძლია მსჯელობა. არადა, თურქეთში საელჩო გვაქვს და კითხვის დასმა მაინც შეგვიძლია - აფხაზეთის გავლით თქვენკენ რატომ მოდის ტვირთი, ეს ხომ ჩვენი ტერიტორიაა და არამეგობრული ჟესტია, რატომ აკეთებთ ამასო. ვინმე რომ ბანდაში მოხვდება, თანდათან შეტოპავს და შემდეგ ხმის ამოღებას აზრი აღარ აქვს, იმ მდგომარეობაშია საქართველოს ხელისუფლება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ძალიან სამწუხაროა, სოხუმსა და თბილისს რუსეთისგან ერთი და იგივე დაკვეთა აქვთ, იმ განსხვავებით, რომ ჩვენი ხელისუფლება “მეორე ფრონტზე” მაშინ იწყებს ლაპარაკს, როცა დასავლეთი გააკრიტიკებს. ახლა არჩევნებისთვის ემზადებიან და მეორე ფრონტის საფრთხეზე მუდმივი საუბრით ცდილობენ ამომრჩეველთან პოზიცია გაიმყარონ - აი, რამხელა საფრთხისგან ვიცავთ ქვეყანას, ოპოზიცია გვიშლის ხელს, თორემ ჩვენ კონფლიქტების თემაზეც სხვაგვარად ვიმუშავებდითო. ოპოზიცია კი ისეთ საცოდავ დღეშია, ამ საქმეში კვალიფიცირებული კადრიც კი არ ჰყავს, რათა კონფლიქტის საკითხზე რამე არგუმენტირებულად გააკრიტიკოს და დაბლოკოს. კიდევაც რომ უნდოდეთ, ვერ დაბლოკავენ, რადგან “ქართული ოცნება” უკვე ყველა ინსტანციას აკონტროლებს: სასამართლოს, პროკურატურას, პარლამენტს, ბიუჯეტს”, - ამბობს კონფლიქტოლოგი.

 

“ვისთანაც აფხაზეთში მე ურთიერთობა მაქვს, არ სჯერა, რომ ქართული მხარე ტანკებს დაქოქავს და ენგურისკენ დაიძრება. აფხაზეთში პოპულარულ “იუთუბ” არხზე გადაცემა აქვს “ჩეგემსკაია პრავდის” რედაქტორ ინალ ხაშიგს, თავის ეთერში მუდმივად ეპატიჟება ადგილობრივ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, მიმომხილველებს. როცა თბილისში აქციების დროს რუსული პროპაგანდის გავლენით პრორუსი აფხაზები მძვინვარებდნენ, აფხაზეთს საფრთხე ემუქრებაო, არც ერთი კვალიფიცირებული მიმომხილველი ამ მოსაზრებას არ იზიარებდა. ხაშიგთან საუბრისას პოლიტოლოგმა ასტამურ ტანიამ, რომელიც თავის დროზე ვლადისლავ არძინბას მარჯვენა ხელი, შემდეგ კი რაულ ხაჯიმბას მრჩეველი იყო, განაცხადა, სისულელეა ეს ყველაფერი, ვიღაცას აწყობს რეალობა ასე წარმოაჩინოს. სინამდვილეში, არავითარი საფრთხე არ არსებობს. ამხელა მიტინგი ჩატარდა თბილისში და აფხაზეთზე არავის ულაპარაკიაო. მხოლოდ პოლიტიკოსები და ის დევნილი იგულისხმა, რომელმაც გულწრფელი გულისტკივილი გამოხატა სოხუმის ხსენებით. რუსეთმა ამ ერთი სიტყვის გამო სცადა ხელახალი ანტიქართული საომარი კამპანიის აგორება. თუმცა პრორუს კლანს თუ არ ჩავთვლით, რომლის გაფართოებასაც ცდილობს ინალ არძინბასა და მისი თანაშემწე გვაზავას ფრთა, ამის არავის სჯერა”, - ამტკიცებს პაატა ზაქარეიშვილი.

 

“არადა, სიმონიანი-ზახაროვას პროპაგანდისტები ძალისხმევას არ იშურებდნენ, “საფრთხე” რეალისტურად წარმოეჩინათ. გვაზავაც და არძინბაც მოსკოვში არიან გაზრდილი და რუსულ ნარატივს იცავენ. თუმცა არიან ისეთი აფხაზი ახალგაზრდები, რომელთაც დიდი წვალებით, მაგრამ მაინც განათლება ევროპასა და ამერიკაში მიიღეს. არძინბას კლანის გავეშებული ბრძოლა ყველაფერ დასავლურთან, მათ შორის არასამთავრობოებთან, სწორედ ამას ემსახურება. ეშინიათ, რომ ხვალ-ზეგ სინათლის მხარეს სხვებიც დადგებიან და ამიტომაც ცდილობენ დასავლეთთან გზის ჩაჭრას, რათა მოსახლეობას არჩევანის საშუალება არ ჰქონდეს. დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდები პროქართველები ნამდვილად არ არიან, მაგრამ არც პრორუსები არიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი პროაფხაზები არიან, რაც ბევრად ჯობია არძინბა-გვაზავა ნარატივს”, - მიიჩნევს რესპონდენი და შეკითხვაზე - “თეორიულად თუ დავუშვებთ, მათთან მოლაპარაკება შეიძლება?” - პასუხობს:

 

“თეორიულადაც ასეა და პრაქტიკულადაც... ქართველი საზოგადოების ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ აფხაზ ახალგაზრდებს განათლების ევროპაში მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ, რადგან რუსეთის ვერაგული პოლიტიკა იქიდან გაცილებით კარგად ჩანს. 30 წელია ამ კონფლიქტს ვაკვირდები და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვინც კი ევროპაში სწავლობდა, მათთან ლაპარაკი შეიძლება, რადგან რუსები არ არიან, ინალ არძინბასგან განსხვავებით. ის, ისევე, როგორც მისი მხარდამჭერები, რუსი ჩინოვნიკები არიან, აფხაზობის არაფერი სცხიათ. იმ ახალგაზრდებთან, რომლებისთვისაც აფხაზური იდენტობა მნიშვნელოვანია, შეიძლება ლაპარაკი, ე.წ. დამოუკიდებლობის გარდა, სხვა უამრავი თემა არსებობს, რაც ქართველებისა და აფხაზებისთვისაც საერთოა, მაგრამ სიმონიანისა და ზახაროვას დაფინანსებულ არძინბებს ეს არ აინტერესებთ. ისინი აფხაზეთის გადარჩენის გზას რუსეთში ხედავენ, რასაც ევროპაში განათლებამიღებული ფრთა უპირისპირდება. რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსი და პროპაგანდის ძალა პრორუსების მხარესაა. ამიტომაც ჩვენს ინტერესებში უნდა შედიოდეს დასავლეთში განათლების მიღების მსურველი ახალგაზრდების ხელის შეწყობა. ჩვენი მთავრობა ამის ნაცვლად პარლამენტისთვის რკინის ჯებირების შემოვლებით არის დაკავებული”.

წაკითხვა 197 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.