April 26, 2024

“ქართულ-რუსული კონფრონტაცია ისტორიული მოცემულობაა და ჩვენ მასში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ”

“რაც უნდა ცდილობდეს კრემლი ისე წარმოაჩინოს, თითქოს საქართველო მისი საგარეო პოლიტიკისთვის პრიორიტეტული არ არის, ამას არავინ დაიჯერებს.

რაც უფრო დემოკრატიული იქნება საქართველო, მით მეტად გაღიზიანდება ოფიციალური მოსკოვი, რადგან ამით შევქმნით პრეცედენტს, რომ რუსეთის ორბიტას სამუდამოდ დავშორდით. ამიტომაც არაფერს დაიშურებს, რომ არ შედგეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაცია. ის ეცდება ყველა სასიკეთო სახელმწიფოებრივი საქმე ჩაგვიშალოს ეს უნდა გააცნობიეროს ყველა პასუხისმგებლობის მქონე ქართულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, უპირველესად კი ხელისუფლებამ - მას უნდა ესმოდეს, რომ მის ნებისმიერ არადემოკრატიულ და არასამართლებრივ ნაბიჯს ჩვენს შინაურ საქმეებში რუსეთის ჩარევა მოჰყვება”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კრემლში ძალიან კარგად იცნობენ “ქართულ სისუსტეებს” და იყენებენ კიდეც”.

 

“მცირედი შანსის გაჩენის შემთხვევაშივე რუსეთი შეეცდება ქვეყანაში გააჩინოს დესტაბილიზაციისა და დაუცველობის განცდა, თუნდაც საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციებით, ახალი ეკონომიკური წნეხის გამოგონებით - კრემლი ამის ოსტატია, იცის, როგორ “ითამაშოს” და მიზანსაც აღწევს - მოსახლეობა მის გამოხდომებს ლამის პრეაპოკალიფსურ მოვლენებად აღიქვამს. კრემლში ძალიან კარგად იცნობენ “ქართულ სისუსტეებს” და იყენებენ კიდეც. რუსეთი გააქტიურდება საინფორმაციო ველშიც, სოციალურ ქსელებში, ონლაინმედიაში, საინფორმაციო საშუალებებში; მოწოდების სიმაღლეზე იქნება რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი მედია არ ვგულისხმობ მხოლოდ “სპუტნიკს” ან სხვა გამოცემებს. ასეთივე გზავნილების ავტორები არიან ემიგრანტებიც, სხვადასხვა რელიგიური ჯგუფი... და კიდევ - საქართველო მულტიეთნიკური ქვეყანაა და შესაძლოა კრემლმა ესეც გამოიყენოს იარაღად - ვითარებას თუ ვერ გაამწვავებს, ისე მაინც წარმოაჩენს, თითქოს გამწვავებულია. ბუნებრივია, ყოველივე ეს ხალხის დემორალიზებას უწყობს ხელს, ნიჰილიზმს თესავს. კრემლის უმთავრესი ამოცანაც ეს არის - ქართველი საზოგადოების გატეხა. ასე რომ, ამ გაშმაგებული დაპირისპირების დროს პოლიტიკური გუნდები უნდა შეთანხმდნენ ქვეყნის საგარეო კურსზე, დასავლეთთან მჭიდრო კავშირსა და თანამშრომლობაზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

 

“სერგეი ლავროვის განცხადება - “ქართველი ხალხი ბრძენია, მჯერა, მას სიცოცხლე უყვარს, შეიძლება ისეც კი, როგორც რუსეთის ფედერაციაში შემავალ ერებსო” - აშკარა მუქარაა და იმასაც მიუთითებს, რომ რუსეთს საქართველოში მყარი დასაყრდენი აქვს, და ეს მხოლოდ “პატრიოტთა ალიანსი” არ არის. ლავროვი გულისხმობს ნინო ბურჯანაძეს, რომელიც საქართველოს უბლოკო სტატუსზე ძალიან ხშირად ლაპარაკობს, ასევე სხვა ამგვარად მოაზროვნე პოლიტიკოსებს. რუსეთი ასეთი განცხადებებით მკაფიოდ ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია საქართველოს დამოუკიდებლობა, რადგან ეს ეწინააღმდეგება რუსულ ეროვნულ პროექტს - ის რეგიონში ჰეგემონი უნდა იყოს”, - ამბობს რესპონდენტი.

 

“საბჭოთა კავშირი იგივე რუსეთის იმპერია იყო, შეცვლილი პოლიტიკური ორგანიზმით, იმპერიის დაშლას კი ყოველთვის მოჰყვება რევანშიზმი და ეს მოსკოვის პოლიტიკურ მეხსიერებაში დღემდე ჩარჩენილია. ასე რომ, ქართულ-რუსული კონფრონტაცია ისტორიული მოცემულობაა და ჩვენ მასში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. საფრთხეებს ვერ გავაქრობთ, მათი მართვა უნდა ვისწავლოთ, ამისთვის კი ერთადერთი გზა კონსოლიდაცია და განვითარებაა. ამას კი მარტო ვერასდროს შევძლებთ - რუსეთთან დახურულ კარს მიღმა დიალოგი მიუღებელია, რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთმა საქართველოში სამი საერთაშორისოდ აღიარებული ეთნიკური წმენდა ჩაატარა, წაგვართვა ტერიტორიები და მასთან, პრაქტიკულად, საომარ მდგომარეობაში ვართ”, - განმარტავს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.

 

“კრემლს ოკუპირებული რეგიონები ნელ-ნელა ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიჰყავს. საკუთარ მიწაზე მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე ლაპარაკის, თავისუფლად მიმოსვლის უფლებას ართმევს. ეს ქვეყანა საქართველოსთვის მუდმივი დესტაბილიზაციის წყაროა. ამას ემსახურება ლავროვის ფრაზა, “მჯერა, ქართველებს სიცოცხლე უყვართო” და ეს კოლონიური დამოკიდებულებაა. მან იცის, რომ საქართველოს სუვერენიტეტს დღეს-ხვალ ვერ გააქრობს, მაგრამ შეგვახსენებს, ქართველები რუსეთის იმპერიაშიც მშვენივრად ცხოვრობდნენო. ის, რომ თითქოს საბჭოთა კავშირში ქართველი პრივილეგირებული იყო, მითია - საქართველო თავისი გეოგრაფიის გამო კურორტი იყო. აქ დასასვენებლად, გასართობად, ჩამოდიოდნენ და ცხოვრებისგან დატანჯული სახეების ხილვა არავის სურდა. ამიტომ გვყავდა ასე ცოტა მეცნიერი ტექნოლოგიის მიმართულებებში, სამაგიეროდ, გვყავდა ბევრი ცეკვის ანსამბლი და ვიღებდით კომედიებს. იმ იმპერიაში ჩვენი როლი ასეთი­იყო: კარგი ბუნება, სამზარეულო, მხიარული საზოგადოება და ცეკვა-თამაში. აი, ამას ვერ ელევიან რუსები”, - დასძენს გობრონიძე.

წაკითხვა 471 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.