აფხაზეთმა COVID19 -ის გამო „დაამუხრუჭა“

რუსულ გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეც“-ში («Московский комсомолец») გამოქვეყნებულია მასალა სათაურით „აფხაზეთმა „კოვიდ-19“-ის გამო „დაამუხრუჭა“: ტურისტულმა ბუმმა გაიარა, ფასები დაეცა“. პუბლიკაციის ავტორი ეკატერინე საჟნევა, რომელიც აფხაზეთში იმყოფებოდა, მკითხველს იქაურ რეალურ სიტუაციას აცნობს.


 
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:


 
ის, რომ აფხაზეთი რუსეთისაგან ისევ ჩაიკეტებოდა, ეს მოსალოდნელიც იყო, თუმცა ზუსტად თუ ვიტყვით, „ჩაკეტვა“ მთლიანად დახურვას არ ნიშნავს, 5 ოქტომბრიდან გარკვეული შეზღუდვები იქნება შემოღებული, რაც ხალხმრავალი ქორწილებისა და ქელეხების დროებით შეჩერებას გულისხმობს.


 
„სულების ქვეყნის“ (ასე უწოდებენ აფხაზები თავიანთ ქვეყანას) მცხოვრებლები ამის გამო უკვე აღარ დარდობენ: რა აზრის აქვს ჩაკეტვა-დახურვას, როცა 3030 წლის ტურისტული სეზონი უკვე დაკარგულია? სოხუმში პლაჟზე კაციშვილი არ ჩანს - არადა, ამინდი ჯადოსნურია, წყლის ტემპერატურა პლუს 28 გრადუსია, ჰაერის - პლუს 27.


 
„წელს მხოლოდ მესამედი გვეწვია იმ ტურისტების რაოდენობისგან, რომლებიც წინა წლებში ჩამოდიოდნენ“, - ამბობს ბაზარზე ხილის გამყიდველი ქალი, - ისე, როცა რუსეთმა საზღვარი გახსნა, აგვისტო პირველ რიცხვებში, მართლაც ბევრი ტურისტი მოდიოდა, ფსოუს სასაზღვრო პუნქტზე რიგიც კი დადგა, მაგრამ სამი-ოთხი დღის შემდეგ აჟიოტაჟი ჩაქრა“.


 
ალბათ, იმის გამო, რომ რუსეთმა და თურქეთმა იმავდროულად საზღვრები გახსნეს და ბევრმა, როგორც ჩანს, თურქული კურორტებისკენ გაინავარდა, სადაც მომსახურების ბევრად მაღალი დონე და შედარებითი სიიაფეა.


 
ტურისტების სიმცირემ ბაზრებში ფასების მკვეთრი დაცემა გამოიწვია. ისეთი სიტუაციაა, რომ მოსახლეობა მალფუჭებად პროდუქტებს, რაც არ იყიდება „კაპიკის ფასადაც“ კი, უბრალოდ ნაგავში ყრის.


 
აფხაზეთში დაგეგმილ განმეორებით ეპიდემიოლოგიურ შეზღუდვებს თავისი მიზეზი აქვს: ბოლო დღეებში რესპუბლიკაში მკვეთრად იმატა კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ. 18 სექტემბრის მონაცემებით, სულ კორონავირუსი 782 ადამიანს გამოუვლინდა, გუდაუთის ჰოსპიტალში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 72 პაციენტი წევს. 7 დასნებოვნებული უკვე გარდაიცვალა.

რატომ გავრცელდა ინფექცია ასე სწრაფად, წინა პერიოდისგან განსხვავებით?


 
დაპირებების მიუხედავად, საზღვარზე ტემპერატურას არავინ ზომავდა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არც არავინ არავის ეკითხებოდა. კაცმა რომ თქვას, კორონავირუსის საკითხი აფხაზებს „ერთ ადგილზე ჰკიდიათ“. პირბადეები არ იყიდება. ინფექციის არავის ეშინია. უბრალოდ, აფხაზების გონებაში „კოვიდ-19“-ის არსებობა არანაირად არ თავსდება.


 
ადგილობრივ პოლიტიკაშიც კორონავირუსი და სტაგნაცია მეფობს. სოხუმისა და სხვა ქალაქების ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივი არჩევნების გადატანას ითხოვენ იმ მიზეზით, რომ ინფექციით ვაითუ კიდევ უფრო მეტი დაავადდესო. თვითონ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ამას წინათ საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ილაპარაკა: „მე ყოველდღიურად ორ კილომეტრამდე მანძილზე ფეხით დავდივარ. კვირაში ერთხელ კი რეზიდენციის ირგვლივ სამ წრეს ვაკეთებ - ეს დაახლოებით 6 კილომეტრია. 100-ჯერ ვჯდები და ვდგები. ასევე კვირაში ერთხელ ზღვაში ორ კილომეტრს ვცურავ. ვისაც არ სჯერა, წამოვიდეს და ჩემთან ერთად ივარჯიშოს, რათა ჩემს ნათქვამში პირადად დარწმუნდეს“.


 
შეზღუდვებს ხუთ ოქტომბრამდე უფრო ადრეც დააწესებდნენ, რომ არა რამდენიმე სადღესასწაულო ღონისძიება, რომლებიც სექტემბერის ბოლოს უნდა ჩატარდეს - მაგალითად, საქართველოსთან ომში გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ამის შემდეგ კი რესპუბლიკა ზამთრის დასაწყისამდე შეზღუდვებით იცხოვრებს“.
 
მოამზადა სიმონ კილაძემ
 
წყარო:
https://www.mk.ru/social/2020/09/18/abkhaziya-pritormozila-izza-kovida-opyat-vvodyatsya-ogranichitelnye-mery.html

წაკითხვა 505 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 21 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.