April 26, 2024

„ნაკაწრი და სიწითლე აღენიშნებოდა“ - მოწმეებმა ნელი დოროყაშვილს სხეულზე ძალადობის კვალის არსებობა დაადასტურეს

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი გრძელდება.

საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ორი მოწმე: სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრი და საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაიკითხა. მოწმეებმა დაზარალებულ ნელი დოროყაშვილთან შეხვედრის ეპიზოდი გაიხსენეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე მოწმის ჩვენება ერთმანეთს ემთხვევა და ისინი ადასტურებენ, რომ 2020 წლის 21 მაისს, გამოძახების შედეგად ქუჩაში, ნიკოლოზ ბასილაშვილის სახლის მიმდებარედ ნახეს დაზარალებული - ნელი დოროყაშვილი, ბავშვთან ერთად, რომელიც იმყოფებოდა ძლიერი სტრესის ქვეშ, ატირებული, იყო უკიდურესად აღელვებული, მარჯვენა მკლავის არეში კი დაზიანება აღენიშნებოდა. იგი იყო შიშისა და სტრესის ქვეშ.  სასწრაფოს ექიმმა ნელისა და ბავშვს ადგილზე დახმარება აღმოუჩინა.

 

როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის თანამშრომელმა დაზარალებულს ჰკითხა, იყო თუ არა ეს ძალადობის პირველი შემთხვევა, ნელიმ აღნიშნა, რომ ძალადობის ფაქტებს სხვა დროსაც ჰქონდა ადგილი.

 

დღევანდელი სასამართლო პროცესი ორ საათს გაგრძელდა, შემდეგი პროცესი კი - 19 აპრილს, 4 საათზეა ჩანიშნული. საქმეზე გრძელდება მტკიცებულებათა გამოკვლევა.

 

აღნიშნულ საქმეს ვრცლად მიმოიხილავს "ნეტგაზეთი" და წერს, რომ ვალერი კირვალიძე და თამარ გამყრელიძე პირველი ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის მაისში ინციდენტის შემდეგ ნელი [იგივე ნეკა] დოროყაშვილს შეხვდნენ.

 

FirstNews.ge სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

 

კირვალიძე პოლიციელია, გამყრელიძე კი სასწრაფოს ექიმი. არც ერთი მათგანი პირადად არ შესწრებია ძალადობას, ორივე მათგანმა მომხდარის შესახებ თავად დოროყაშვილისგან იცის.

 

თუმცა, როგორც პოლიციელი, ასევე სასწრაფოს ექიმი ყვება, რომ დოროყაშვილი ტიროდა, ხელის მკლავზე კი სიწითლე შეემჩნეოდა.

 

სად შეხვდნენ მოწმეები დოროყაშვილს?

როგორც მოწმეები ყვებიან, დოროყაშვილმა პოლიცია და სასწრაფო სარაჯიშვილის გამზირზე, ე.წ. ხელოსნების ქალაქის დასახლებასთან გამოიძახა. იქ ის შვილთან ერთად იყო და როგორც თავად ქალი ამბობდა, მას ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური ძალადობა მიაყენა, ყოფილმა მამამთილმა კი სიტყვიერი.

 

რამდენიმესაათიანი დაკითხვის დროს მოწმეებმა ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გაიხსენეს, მათ შორის, დოროყაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით თქვეს ისიც, რომ ქალი ყოფილის ქმრისგან წარსულში ძალადობის რამდენიმე ფაქტს იხსენებდა.

 

რას ყვება პოლიციელი?

ვალერი კირვალიძე ნელი დოროყაშვილის 2020 წლის მაისში, ოჯახში ძალადობის სავარაუდო ფაქტზე გამოძახების შემდეგ შეხვდა. ის და რამდენიმე პოლიციელი ადგილზე მაშინ მივიდნენ, როდესაც დოროყაშვილი და მისი მცირეწლოვანი შვილი სასწრაფოს მანქანაში მედიკოსებთან ერთად ისხდნენ. სასწრაფო რამდენიმე წუთის მისული იყო.

 

პოლიციელი ნელი დოროყაშვილის მონაყოლიდან იხსენებს:

„როდესაც გამოვკითხეთ, თუ რაში მდგომარეობდა ოჯახური ძალადობის ფაქტი, მან განგვიმარტა, რომ 2020 წლის 21 მაისს მის ყოფილ მეუღლეს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰქონდა ბავშვის ნახვის დღე, რომელმაც ბავშვი წამოიყვანა, თუმცა, თავად ბავშვს არ უნდოდა მამასთან წასვლა და დედამ, ნელი დოროყაშვილმა დაითანხმა ბავშვი, რომ გაყოლოდა მამას და შემდგომ თვითონ მიაკითხავდა მას წამოსაყვანად — ამ პირობით მას ბავშვი გაყვა. და წაიყვანა მისმა ყოფილმა მეუღლემ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მისი მშობლების [სახლში]… ზაჰესის, ავჭალის ტერიტორიაზე…

 

როდესაც დედამ (ნელი დოროყაშვილმა) მიაკითხა აღნიშნულ მისამართზე ბავშვს წამოსაყვანად, მამამ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ავტომანქანაში ჩასვა ბავშვი და დაჰპირდა სადღაც წასვლას, რაზეც წინააღმდეგი იყო დედა, ვინაიდან ბავშვმა დაიწყო ტირილი, გააღო ქალბატონმა ნელი დოროყაშვილმა ავტომობილის კარი, ხოლო ამ კარების დახურვის პროცესში ფეხიც მოყვა ავტომანაქანის კარებში, თუმცა, როგორც მან განმარტა ბავშვი უკვე იყო პანიკურ მდგომარეობაში და ტიროდა. როდესაც დოროყაშვილმა ბავშვი გადმოიყვანა ავტომანქანიდან, ის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით წავიდა, რათა ბავშვისთვის  წყალი მიეწოდებინა, ვინადაინ ბავშვი სტრესულ მდგომარეობაში იყო.

 

როდესაც შევიდა ეზოში, ნელი დოროყაშვილმა დაინახა, რომ [ყოფილი] მამამთილი მისი მიმართულებით მოემართებოდა ხელში რაღაც საგნით.. თუმცა, ვერ დაასახელა, ეს საგანი კონკრეტულად რა იყო, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა, უწოდებდა უწმაწურ სიტყვებს და ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის ხელყოფით. ამ ფაქტთან დაკავშირებით, შემეშინდაო და გამოტრიალდა, რათა მამამთილის ეზო დაეტოვებინა და როდესაც გადიოდა ჭიშკარში, დაეწია ყოფილი მეუღლე ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოკიდა მკლავში ხელი და აჯანჯღარებდა. ჩვენს დასმულ კითხვაზე გვიპასუხა, რომ რამდენჯერმე ხელის არეში დაარტყა ყოფილმა მეუღლემ და ასევე, თავში დაარტყა ხელი,“ — ამბობს პოლიციელი.

 

პოლიციელი კირვალიძე იხსენებს, რომ დოროყაშვილმა გამვლელ მანქანას სთხოვა დახმარება და იმ ტერიტორიამდე მიყვანა, სადაც მას საბოლოოდ სასწრაფო და პოლიციის ეკიპაჟები შეხვდნენ.

 

ბრალდების მხარის კითხვაზე, თუ რა ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა ჰქონდა ნელი დოროყაშვილს, პოლიციელი იხსენებს, რომ ის ტიროდა და იყო აღელვებული და „ასევე ბავშვს… ის იმ მომენტში არ ტიროდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ იყო ნამტირალევი და შეშინებული“

 

„ნაკაწრი და სიწითლე აღენიშნებოდა მარჯვენა ხელის მკვლავთან,“ — ამბობს პოლიციელი და ამატებს, რომ თავად დოროყაშვილის თქმით, ეს დაზიანებები მას შემდეგ მიიღო, რაც ყოფილმა ქმარმა მას მკლავებში ხელი მოკიდა და „აჯაჯგურა“.

 

პოლიციელი ამბობს, რომ დოროყაშვილის თქმით, მსგავსი ქმედება ყოფილი ქმრის მხრიდან არ იყო პირველი, ხოლო მამამთილის მხრიდან პირველი იყო. პოლიციელი ასევე დასძენს, რომ საუბარი სრულად ნელი დოროყაშვილთან ჩაწერილია პოლიციის სამხრე კამერით.

 

კითხვები პოლიციელს დაუსვეს ასევე ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატებმა, მათ ნაწილზე პოლიციელმა უპასუხა, რომ ეს დეტალები არ ახსოვდა. მაგალითად, მას არ ახსოვდა, ეკეთა თუ არა ნელი დოროყაშვილს მზის სათვალე და შესაბამისად, ცრემლები მის თვალებზე არ უნახავს — მხოლოდ ლოყებსა და ცხვირზე. ასევე პოლიციელმა ვერ უპასუხა, თუ ვის ესაუბრა ტელეფონით დოროყაშვილი.

 

მან ასევე თქვა, რომ დოროყაშვილის შვილს წყალი დაალევინა, რისთვისაც ქუჩის საპირისპირო მაღაზიაში გადაიყვანა. დაცვის მხარის კითხვების ბოლოს მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ძალადობას უშუალოდ არ შესწრებია და მის შესახებ, დოროყაშვილის მონათხრობიდან იცის.

 

რას იხსენებს სასწრაფოს ექიმი?

იმ ღამეს სხვა მედიკოსებთან ერთად ნელი დოროყაშვილს სასწრაფოს ბრიგადის ექიმი, თამარ გამყრელიძე ესაუბრა. სწორედ მან შეადგინა სამედიცინო ოქმი, რომელსაც დოროყაშვილმა ხელი მოაწერა და რომლის თანახმადაც, მან ასევე უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე.

 

მედდა იხსენებს, რომ პოლიციელებამდე მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე მოვიდა სასწრაფო, შესაბამისად, პოლიციასა და სასწრაფოს დოროყაშვილმა თითქმის ერთდროულად მოუყვა მომხდარი.

 

21 მაისს თამარ გამყრელიძე მორიგე იყო, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის უფროსია.

 

„საათი ზუსტად არ მახსოვს, შუადღის პერიოდი იყო შემოვიდა გამოძახება, ქუჩაში არის ახალგაზრდა ქალი ბავშვთან ერთად და ტირის. ჩვენ დავუყონებლივ გავედით ავჭალაში, სტადიონთან. მივედით მისამართზე, ქუჩაში გაჩერებაზე დაგვხდა ქალი, დაახლოებით 4-5 წლის ბავშვთან ერთად, რომელიც იყო ძალიან განერვიულებული, ტიროდა ისტერიულად.

 

ჩვენ ჩავსვით პაციენტი ჩვენს მანქანაში, რადგან ქუჩაში ვიყავით და იქ ხმაური იყო. ჩავსვით მანქანაში და ვკითხეთ მიზეზი, რატომ იყო ასე განერვიულებული და რატომ ტიროდა. მან დაიწყო თხრობა, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს. დაიწყო მოყოლა, რომ იყო მეუღლესთან განქორწინებული, დაახლოებით, 1 წელიო, ასე მახსოვს. ახსენა, რომ ჩემი მეუღლე ცნობილი პიროვნებააო, მაგრამ არ გაუმახვილებია არც მას და არც ჩვენ, ვინ იყო ეს ადამიანი,“ — იხსენებს ექიმი.

 

პოლიციელის მსგავსაც ექიმიც თითქმის იმავე ისტორიას ყვება, თუ როგორ მივიდა დოროყაშვილი ბავშვის წამოსაყვანად და მისი თქმით, როგორ მოხდა ძალადობა.

 

„პატრულიც მალე მოვიდა და ერთად დავიწყეთ მოსმენა. ის ძალიან ტიროდა, მთელი პერიოდი იყო ძალიან გაღიზიანებული, ტიროდა გაუჩერებლად. ბავშვი არ ტიროდა, მაგრამ შეშინებული იყურებოდა აქეთ-იქით…

 

შეძლებისდაგვარად დავამშვიდეთ, როგორც ადამიანებმა, როგორც ექიმებმა. მსუბუქი დამამშვიდებელი მივეცით, მკლავზე ჰქონდა პატარა ექსკორიაცია, განაკაწრიც არ ეთქმის, აქერცლილივით. მოკლემკლავიანი მაისური ეცვა, რომ ვკითხეთ, საიდან ჰქონდა, ამაზე კონკრეტული პასუხი, არ მახსოვს… როდის ჰქონდა მიყენებული ეს უმნიშვნელო დაზიანება,“ — ამბობს ექიმი და უკვე დამატებით შეკითხვებზე დასძენს, რომ მკლავზე ასევე იყო მსუბუქი შეწითლებაც.

 

ექიმი იხსენებს, რომ თავად დოროყაშვილი ტკივილს არ უჩიოდა, უფრო ემოციურ სტრესს განიცდიდა. მისივე მონათხრობის მიხედვით, დოროყაშვილს სასწრაფო მანქანაში ჯდომისას დაურეკა დედამ, რომელიც ქალმა შეძლებისდაგვარად დააწყნარა.

 

ექიმის ჩვენების მეორე ნაწილი, რომელიც, ჯამში, 40 წუთამდე გაგრძელდა, დაეთმო დოროყაშვილის დაზიანების განხილვას, კერძოდ კი იმას, თუ რა სხვაობაა ექსკორიაციას, სისხლჩაქცევასა და ჰემატომას შორის. ექიმმა განმარტა, რომ ექსკორიაცია კანის მსუბუქი დაზიანებაა, რომელიც ამ შემთხვევაში, ქალს მარჯვენა შიდა მკლავზე აღენიშნებოდა.

 

მხარეების შეფასებები

30 მარტის სხდომის დასრულების შემდეგ პროცესი შეაფასეს როგორც პროკურორმა, ისე ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატებმა.

 

საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ ის არ შევიდოდა ჩვენებების შინაარსობრივ მხარეზე მსჯელობაში.

 

რაც შეეხება ბასილაშვილის მხარეს, მისი ერთ-ერთი ადვოკატი, თეონა გვაზავა ამბობს, რომ დაკითხული მოწმეები ცალსახად არ მიუთითებენ ბასილაშვილის მხრიდან ჩადენილ ძალადობაზე, ვინაიდან, არც ერთი შესწრებია ამ ფაქტს.

 

„დღეს მნიშვნელოვანი იყო სასწრაფო დახმარების ექიმის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ ნელი დოროყაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა მხოლოდ მცირედი დაზიანება, ის არ განიცდიდა ტკივილს და კითხვაზე, საიდან ჰქონდა ეს დაზიანება, ნელი დოროყაშვილმა დაზიანების წყარო ვერ მიუთითა,“ — ამბობს ადვოკატი.

წაკითხვა 643 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 30 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.