"ის, რომ სააკაშვილს რაღაცის ჭამა არ შეუძლია, ასე არ არის"- ნინო ნადირაძე

ის რომ მიხეილ სააკაშვილს რაღაცის ჭამა არ შეუძლია, ასე არ არის, მაგრამ მისი ფსიქოემოციური ფონი არის საკმაოდ დამძიმებული. მან იცის, რომ კარგად ყოფნით გარეთ ვერ მოხვდება, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელიდან გათავისუფლების საკითხზე მოწმის სახით იკითხება.

ნინო ნადირაძემ სააკაშვილის კვების ნაწილში უპასუხა ადვოკატის შეკითხვას, რომელ ახალ წელს გულისხმობდა, როდესაც თქვა, რომ „მიხეილ სააკაშვილმა კარგად ჭამა ახალ წელს“. ნადირაძის თქმით, ის 2023 წელს გულისხმობდა.

 

„საუბარი მაქვს „ვივამედზე“, როდესაც ის გაუმასპინძლდა ჩემ ექიმს, ექთანს, ჰქონდა საცივი, თუ არ ვცდები, ასევე „ოლივიე“, თუ არ ვიტყუები. გამახარა ჩემმა პერსონალმა, რომ გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო, ისინი ახალ წელს ერთად შეხვდნენ. გარდა ამისა, მამაოს შეჰქონდა ხოლმე ხანდახან ღვინო. იმის მერე ხაჭაპურიც უჭამია. ანუ ის მომენტი, რომ მას რაღაცის ჭამა არ შეუძლია ასე არ არის, მაგრამ მისი ფსიქოემოციური ფონი არის საკმაოდ დამძიმებული. მან იცის, რომ კარგად ყოფნით ის გარეთ ვერ მოხვდება. შესაბამისად, ის საკუთარ თავს და არც ექიმებს არ უწყობს ხელს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. მე ის ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა ეს საცივი, ამაზე სოფოსგან მაქვს დასტური. შემიძლია დაგიდასტუროთ“, - მიმართა ადვოკატს ნინო ნადირაძემ.

 

ამასთან, ნადირაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი უმადობას მუდმივად უჩივის.

 

ამის შემდეგ ადვოკატმა ზურაბ ვანიშვილმა ნადირაძეს დამაზუსტებელი შეკითხვა დაუსვა, რაზეც მან შეკითხვითვე უპასუხა.

 

„თქვენ ეჭვი გეპარებათ ჩემ სიმართლეში? იცით, რა არის? ამ ყველაფერზე ეჭვებს გააქარწყლებს ის, რომ ერთხელაც გასაჯაროვდეს ყველა კადრი ძალიან გთხოვთ, რადგანაც მუდმივი წამების, წვალების, ტყუილების აღმოფხვრა [მოხდეს]. შემოსვლის წამიდან გასვლამდე გაასაჯაროვეთ. [ადვოკატი] ეჭვქვეშ აყენებს, საცივი ჭამა თუ არაო“, - აღნიშნა ნადირაძემ სხდომაზე.

 

ამასთან, ადვოკატმა მოწმეს ჰკითხა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ მას სურს გასაჯაროვდეს კადრები, რათა მთელმა მსოფლიომ ნახოს, რა ხდება და რას აკეთებს სააკაშვილი. ადვოკატმა იკითხა, რა ვიდეო-კადრებზეა საუბარი და მიუწვდება თუ არა ნინო ნადირაძეს მასზე ხელი.

 

„არა. როდესაც კლინიკას მასშტაბურად სდებენ ბრალს, რომ ჩვენ ვაწამებთ, ვწამლავთ, არ ვუვლით, საშინელ დღეში გვყავს. ამას თუ არა კადრებით, რით დავადასტურებთ? -რომ ჩვენ ვეფერებით, ვუვლით, ვუყვავებთ, ფეხქვეშ ვეგებით. ეს მოყოლით არ გჯერათ, მოწმეების ჩვენებით არ გჯერათ და ეგებ, თვალით დანახულით დაიჯეროთ“, - უპასუხა ნადირაძემ ადვოკატს.

წაკითხვა 260 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.