May 3, 2024

"ჟურნალისტური გამოძიების მასალებში, გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა" - ბიბისის ფილმი

ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, რომლის თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი სახელდება, ფილმი გამოაქვეყნა.

თითქმის ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმში თაღლითური სქემა დეტალურად არის განხილული. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული.

ფილმში მოხვდა ერთ-ერთი სპეცოპერაციის კადრებიც, რომელიც ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში ჩატარდა.

„ბიბისის“ ჟურნალისტი ყვება, რომ ნახეს იმ ადამიანების სია, რომლებსაც თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდნენ, მათ შორის იყო რამდენიმე ბრიტანელის გვარიც.

მისივე თქმით, ნაპოვნია ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ მსხვერპლს სურს უძრავი ქონების შეძენა, თუმცა 10 000 ფუნტზე ნაკლები აქვს.

ფილმში ასევე მოყვანილია ერთ-ერთი საპოლიციო რეიდის კადრები, რომელსაც ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ და რომელიც საქართველოს ფარგლებს მიღმა ჩატარდა.

„ბიბისის“ ასევე ინტერვიუები აქვს ჩაწერილი თაღლითური სქემის რამდენიმე მსხვერპლთან და ე.წ. ქოლცენტრებში დასაქმებულებთან. ფილმში ისინი იდენტიფიცირებულნი არ არიან.

მანამდე „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული. სტატია სათაურით „ბიზნესმენების ძებნაში, რომლებიც მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან დგანან“ გუშინ გამოქვეყნდა.

„ბიბისის“ ცნობით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. „ბიბისის“ ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“.

როგორც „ბიბისი“ წერს, თაღლითების საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წელი მუშაობდნენ. მათივე ინფორმაციით, ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია „მილტონის ჯგუფის“ სახელწოდებით.

 

https://youtu.be/w6JXZ3GzSCQ

 
წაკითხვა 204 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 13 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.