ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება

ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება.

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი წარედგინა.

 

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის წამების და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტების პრევენციის და ამ დანაშაულზე სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტთან ერთად შეიმუშავა.

 

პროექტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ანრი ოხანაშვილმა, მაია ბითაძემ, დავით მათიკაშვილმა და თენგიზ შარმანაშვილმა იმუშავეს.

 

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

 

დაგეგმილი ცვლილებებით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია - დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

იგივე ქმედება, ჩადენილი: - ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით ან ორი ან მეტი ცხოველის მიმართ - დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

ამავე პროექტის გათვალისწინებით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია - ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი: ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი ცხოველის მიმართ - ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

 

“ბოლო პერიოდში ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები გახშირდა, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს. მართალია, “სისხლის სამართლის კოდექსის“ თანახმად ცხოველების წამება და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა დასჯადია, თუმცა აღნიშნული დანაშაულის უკეთ პრევენციის მიზნით მიზანშეწონილია, მისი ჩადენისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდეს“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

წაკითხვა 224 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.