"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", ქუთაისში, სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N17 ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", დღეს, ქუთაისში სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N17 ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

ანგარიშში გაანალიზებულია სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე გამოკვეთილი გამოწვევები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს პირის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ამ უფლებების ეფექტიანი დაცვის საშუალებაზე, ასევე, უკავშირდება სასამართლოში სხვადასხვა სისტემურ პრობლემას.

ანგარიში ასახავს სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის შედეგებს 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სასამართლოებში. აგრეთვე მონიტორინგის სხვადასხვა ეტაპზე გამოვლენილ ძირითად ტენდენციებს. საანგარიშო პერიოდში საია დააკვირდა 844 სასამართლო სხდომას.

კვლევის შედეგებზე უფრო ვრცლად FirstNews.ge-ს სისხლის სამართლის ანალიტიკოსი თამარ ბოჭორიშვილი ესაუბრა:

"საქართველოს იურისტთა ასოციაცია წარმოადგენს სისხლის სამართლის მონიტორინგის რიგით მე -17 ანგარიშს. “საიას” ყოველწლიურად აქვს სისტემაში გამოწვეული თავისი მიგნებები და შესაბამისი რეკომენდაციები უწყებების მისამართით.

წელს, განსაკუთრებით საინტერესო იყო აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით არსებული ვითარება, ძირითად შემთხვევაში სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენება პატიმრობა და გირაო. პრაქტიკულად ძალიან დაბალია - 1 %  შემთხვევებში ხდება პატიმრობის გარდა, გირაოს ღონისძიებების გამოყენება. ასევე, გამოწვევა არის ოჯახური ძალადობის დანაშაულებით არსებული ვითარება, განსაკუთრებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ აქ საკმაოდ ლოიალური მიდგომა აქვთ მოსამართლეებს, ამ ტიპის დანაშაულებთან მიმართებით. თუ სხვა სასამართლოებში ოჯახში სავარაუდო ძალადობაზე ყველაზე მკაცრი ღონისძიება გამოიყენება - პატიმრობა, აქ უფრო მაღალი მაჩვენებელია გირაოს გამოყენებაზე. საინტერესო იყო აგრეთვე, როგორ მიმდინარეობს პროცესები და რამდენად ხშირია შემთხვევები, როდესაც ჭიანურდება საქმეები. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს სხდომების დაგვიანებით დაწყებისა და გადავადების შემთხვევების. მაგალითად, 42% საქმეების დაგვიანებით დაიწყო. გაჭიანურებულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებითაც გვაქვს მიგნებები, როდესაც გარკვეული საქმეები წლობით მიმდინარეობს. ერთ - ერთია ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმე, რომელიც 8 წლის განმავლობაში სასამართლოში პირველ ინსტანციაზე განიხილებოდა. ასევე, რამდენიმე გახმაურებული საქმეც გვაქვს 6 -7 წლის განმავლობაში პირველ ინსტანციაშია, ისე, რომ საქმეზე კონკრეტული განაჩენი არ დამდგარა,"- განაცხადა თამარ ბოჭორიშვილმა.

 

d4437e8d 1ddd

 

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მისამართით რეკომენდაციები აქვთ, რომ გაიზარდოს აღკვეთის ღონისძიებების სახეები, გაფართოვდეს და მხოლოდ ამ ორ სახეზე დამოკიდებული არ იყოს.

"ამ მიმართულებით გარკვეული რეფორმები იგეგმება. მათ შორის “საიაც” არის ჩართული ამ ჯგუფებში. ერთ-ერთი აღმკვეთი ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის დამატება იგეგმება. ასევე, ჩვენი რეკომენდაციებით მივმართავთ სასამართლოებს არ ჰქონდეთ ასეთი ლოიალური მიდგომები და განსაკუთრებით იხელმძღვანელონ მსხვერპლთა უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი რეკომენდაცია არის პროკურატურასთან მიმართებით, რომ უფრო მეტად დაასაბუთონ აღმკვეთი ღონისძიებები, მათ შორის, როდესაც შუამდგომლობენ გირაოს გამოყენებას. შეისწავლონ ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობა, მისი პიროვნული მახასიათებლები და ამის შემდეგ დააყენონ შუამდგომლობები.

საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება, აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, ეს “საიას” ადვოკატირების შედეგია. ასევე მკაცრი პოლიტიკა შეინიშნება ოჯახში ძალადობის საქმეებთან მიმართულებით ბრალდების მხრიდან და გვაქვს მოლოდინი, რომ სხვა რეკომენდაციებიც იქნება გაზიარებული,"- განმარტა თამარ ბოჭორიშვილმა.

"საიას" ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა დარინა სალდაძემ - ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" უკვე წლების განმავლობაში ახორციელებს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგს.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მონიტორინგის მეშვეობით ხორციელდება ეს. აკვირდებიან სისხლის სამართლის პროცესებს სასამართლოში. ასევე შესაძლებელია მოქალაქის მომართვის შემთხვევაშიც მოხდეს სამოქალაქო და ადმინისტრაციული წარმოების საქმეების დაკვირვება. ეს უნდა ექცეოდეს კატეგორიებში, რომელიც მნიშვნელოვნად საინტერესოა ორგანიზაციისთვის. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ყოველწლიურად ქმნის ანგარიშებს, რომლებშიც არის ის ძირითადი მიგნებები, რომელიც არსებობს სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით. ამას წარუდგენენ შესაბამის უწყებას, რათა მოხდეს ერთობლივი შეჯერება იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც პრობლემური საკითხებისა და გამოწვევების მიმართებით არსებობს და მათი გადაჭრის ხერხების მოძიება მოხდეს,"- განაცხადა დარინა სალდაძემ.

აღნიშნულ შეხვედრას FirstNews.ge-თან საუბარში გამოეხმაურა პროკურორი გრიგოლ კეზევაძე.

"შეხვედრა ეხება მონიტორინგის შედეგების განხილვას მათ შორის, სასამართლო პროცესებისა. არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობა და მონიტორინგის დადებული კვლევები მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისთვის,"- აღნიშნა გრიგოლ კეზევაძემ.

ანგარიში USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა.

წაკითხვა 341 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 05 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.