April 26, 2024

ვინ არის ივანიშვილის საიდუმლო კანდიდატი მთავარი პროკურორის პოსტზე

“ვის ამზადებს ბიძინა ივანიშვილი მომავალ მთავარ პროკურორად მას შემდეგ, რაც შალვა თადუმაძეს უზენაეს სასამართლოში აირჩევენ.

მედიაში უკვე გავრცელდა ვარაუდი, რომ თადუმაძის შემცვლელად შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი განიხილება და კეთდება შეფასებები, რომ ამით პროკურატურა ფაქტობრივად გიორგი გახარიას ზედამხედველობის ქვეშ გადავა და გახარიას გავლენები კიდევ უფრო გაძლიერდება“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ივანიშვილის საიდუმლო კანდიდატი მთავარი პროკურორის პოსტზე.

 


"ნათია მეზვრიშვილის შესაძლო კანდიდატად დასახელებას შეფასებები უკვე მოჰყვა. მესამე სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს ქვეყნის მთავარი ბრალმდებლის თანამდებობაზე მოძებნოს ნეიტრალური და დამოუკიდებელი კანდიდატი, რომლის მიმართ პოლიტიკური ნდობა იქნება. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კანდიდატს სწორედ ივანიშვილი შეარჩევს და მთავარი კრიტერიუმი მისადმი მორჩილება იქნება, როგორც ეს იყო წინა შემთხვევებშიც. „ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ერთი, შალვა თადუმაძე ჯერ უზენაესის მოსამართლედ არ დანიშნულა და მეორეც, ჯერ მთავარი პროკურორის სავარაუდო კანდიდატებიც არ დასახელებულა საჯაროდ, ამიტომ ამაზე მსჯელობა ჯერ ნაადრევი და სპეკულაციურია. საგულისხმოა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 144-კაციან სიაში არის მოქმედი მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე, ასევე მისი მოადგილე მამუკა ვასაძეც. უვადო მოსამართლეების შერჩევა ამ ზაფხულს უნდა მოხდეს და შესაბამისად, როცა თადუმაძეს უზენაესში გადაინაცვლებს, ქვეყნის მთავარი ბრალმდებლის თანამდებობა ვაკანტური ხდება“, - აღნიშნავს გამოცემა.

 


"მედიაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს გასაკონტროლებლად თავმჯდომარის პოსტზე განიხილავს შალვა თადუმაძეს, რომელიც ივანიშვილის ოჯახის ყოფილი ადვოკატი და ნდობით აღჭურვილი პირია. მთავარ პროკურორად კი ახლა კიდევ ერთ ერთგულ ადამიანს ეძებს და ითქვა, რომ კანდიდატად განიხილება შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ჯერ პროცესი არც დაწყებულა, ამიტომ სახელებსა და გვარებზე საუბარი მორიგი სპეკულაციაა. „მთავარი პროკურორის კანდიდატურა ჯერ საპროკურორო საბჭო უნდა შეარჩიოს და ამის შემდეგ წარუდგინოს პარლამენტს. ვიდრე ამ პროცედურას არ გავივლით, მანამ გაგვიჭირდება რამე კონკრეტული განცხადების გაკეთება. ჯერ საპროკურორო საბჭოს დაველოდოთ. რაც შეეხება ზოგად კრიტერიუმებს, ბუნებრივია, გენერალური პროკურორი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებლად უნდა ახორციელებდეს საკუთარ უფლებამოსილებებს. "ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ ისეთი გენერალური პროკურორის არჩევას, რომელიც ასეთი პრინციპით იმუშავებს... იმ ეტაპზე, როცა საერთოდ არც დაწყებულა პროცესი, ბუნებრივია, ძალიან ნაადრევია კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი. აქედან გამომდინარე, ამას მე მორიგ სპეკულაციას დავარქმევდი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ“, - განაგრძობს გამოცემა.

 


"კობახიძის განცხადების მიუხედავად, რომ მოუკერძოებელ და დამოუკიდებელ კანდიდატურას შეარჩევს „ოცნება", ამის არც სამოქალაქო სექტორს სჯერა და არც ოპოზიციას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაურის თქმით, მთავარი პროკურორების არჩევა ხდება არა იმის მიხედვით, რამდენად დამოუკიდებელია არის პირი, არამედ იმის მიხედვით, რამდენად დაახლოებულია იგი ბიძინა ივანიშვილთან. „სულ თავიდან იყო ადამიანი, ფარცხალაძე, რომელსაც პრობლემები ჰქონდა მის კრიმინალურ წარსულთან დაკავშირებით, მას პირდაპირი კავშირები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან. ამის შემდეგ გვყავდა პროკურორი, რომლის წარსულთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნები არსებობდა. "დღეს ჩვენი მთავარი პროკურორი არის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ადვოკატი. ამიტომ, როდესაც ასეთ მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და როდესაც ვხედავთ, რომ მთავარი პროკურორების არჩევა ხდება არა იმის მიხედვით, რამდენად დამოუკიდებელია არის პირი, არამედ იმის მიხედვით, რამდენად დაახლოებულია იგი ბიძინა ივანიშვილთან და რამდენად ლოიალურად არის იგი განწყობილი მმართველი პარტიის მიმართ. ასეთ პირობებში პროკურატურის მიმართ ნდობა იქნება დაბალ," - ამბობს გიგაური და ხელისუფლებას მოუწოდებს მთავარ პროკურორად ნეიტრალური კანდიდატი მოძებნოს“, - დასძენს გამოცემა.

 


"ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მეზვრიშვილი იქნება თუ სხვა ვინმე, ნებისმიერს ივანიშვილი მორჩილების ნიშნით შეარჩევს. „ნაცმოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე გამორიცხავს, რომ თადუმაძის შემცვლელად მეზვრიშვილი დაინიშნოს. „გენერალური პროკურორი იქნება ის ადამიანი, რომელიც არის გამოცდილი ივანიშვილის მიერ, ან პირადი მსახურებით, ან იმ დავალების შესრულებით, ძირითადად იმ შავ-ბნელი დავალებების შესრულებით, რომელსაც ამ ბოლო პერიოდში იგი ავალებდა პროკურატურის თუ სხვა სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომელიც ძირითადად გამოიყენებოდა მისი ინტერესების დაცვასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაში. არავითარი ასეთი რბილი კანდიდატურები, რომელსაც ახლა ასახელებთ, არ იქნება. გამორიცხულია, არც მეზვრიშვილი იქნება, შარშან კახიშვილს ასახელებდნენ და ა.შ, ამ სტილის ადამიანებს ივანიშვილი არ ენდობა. იქნება მორიგი თადუმაძე," - ამბობს გოცირიძე. „თავისუფალი დემოკრატების" წევრი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება გენერალური პროკურორი, რადგან გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი იღებს. „დამოუკიდებელი კანდიდატის დანიშვნაზე ლაპარაკი ვერ იქნება. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. კონკრეტულად ნათია მეზვრიშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ დღეს გვაქვს მთავარი გამოწვევა და მთავარი პრობლემა საქართველოში, ეს არის ერთი კაცის არაფორმალური მმართველობა, ამ ერთ კაცს ხელისუფლების ყველა შტო უპყრია ხელთ. ამ ერთ კაცს გააჩნია დიდი ფულადი რესურსი. მას გააჩნია პოლიციური ძალაუფლება, ძალიან მაღალი ხარისხის. მას უნდა, რომ სამუდამოდ მისი მორჩილი მოსამართლეები გაამწესოს სასამართლოებში," - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 1036 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.