April 26, 2024

პროკურატურა ნიკა მელიას აფრთხილებს

გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება მოითხოვოს.

 

შესაბამის საკითხზე პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

 

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით. ამასთან, დამატებითი შეზღუდვის სახით მას აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებებით გამოსვლა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. 2019 წლის 2 ივლისის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ბრალდებულ ნიკანორ მელის მიმართ დამატებით გამოყენებული იქნა ელექტრონული მონიტორინგი. პირველი მომართვისთანავე, ნიკანორ მელიას პროკურატურისგან მიეცა თანხმობა გამოცხადებულიყო საქართველოს პარლამენტში და განეხორციელებინა სადეპუტატო უფლებამოსილება. გარდა ამისა, მას აქვს სრულყოფილი კომუნიკაცია მედიასთან საცხოვრებელი სახლიდან. გენერალური პროკურატურის ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, 2019 წლის 10 სექტემბერს, ნიკანორ მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი. აქედან გამომდინარე, ნიკანორ მელია დაბარებულია საქართველოს პროკურატურაში, რათა განემარტოს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას და მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება“, - ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხვა 619 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.