ნაწილობრივი ლოკდაუნი შაბათ-კვირას და საათობრივი შეზღუდვა სხვა დღეებში - რა გეგმა აქვს საკოორდინაციო საბჭოს

“სამედიცინო, ბიზნესისა და სხვა სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ, პრემიერი გახარია ხუთშაბათს გამოაცხადებს ახალი შეზღუდვების პაკეტს, რომელიც, მთავრობისა და სპეციალისტების აზრით, ეპიდემიის გავრცელების სიჩქარესაც დააგდებს და მეორეს მხრივ, ბიზნესსაც მინიმალურ ზიანს მიაყენებს.

“რეზონანსისთვის” სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი გახდა იმ აკრძალვების შესახებ, რომელიც ოფიციალურად უახლოეს დღეებში ამოქმედდება: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დრო მკვეთრად შეიზღუდება და სავარაუდოდ დიდ ქალაქებში 18:00-ის შემდეგ საქალაქო ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს; შაბათ-კვირაობით სრულად დაიხურება ყველა მაღაზია, ბარები, კაფეები და რესტორნები, კვირის სხვა დღეებში მათ მუშაობაზე მკაცრი საათობრივი გრაფიკი დაწესდება (აკრძალვა არ ეხება სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს); მუშაობას შეაჩერებენ დიდი სავაჭრო ცენტრები და დახურული ბაზრობები, ხოლო ღია ტიპის ბაზრები ჯერჯერობით მუშაობას გააგრძელებენ; 1 საათით გახანგრძლივდება ქუჩაში გადაადგილებაზე უკვე მოქმედი შეზღუდვა და 22:00-ის ნაცვლად 21:00-დან დაიწყება - ეს ის აკრძალვებია, რომელთა ამოქმედებაც, წყაროების ცნობით, უკვე გადაწყვეტილია. თუმცა, საკოორდინაციო საბჭომ შესაძლოა მათში მცირე კორექტივები კიდევ შეიტანოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნაწილობრივი ლოკდაუნი შაბათ-კვირას და საათობრივი შეზღუდვა სხვა დღეებში - რა გეგმა აქვს საკოორდინაციო საბჭოს.

 

“ცალკე თემაა თბილისის მეტროპოლიტენი, სადაც თანამშრომლებს შორის კორონავირუსი გავრცელდა. ცნობილი ხდება, რომ თბილისის მეტროპოლიტენში კოვიდ-19-ით ამ დროისთვის 25 თანამშრომელია ინფიცირებული, 50 კი ტესტის პასუხის მოლოდინშია. მემანქანეები სამუშაო საათების შემცირებას ითხოვენ, რომ თანამშრომლებმა გრაფიკით იმუშაონ. მათი თქმით, მეტროში ვირუსის გავრცელების საფრთხე იმდენად დიდია, რომ შესაძლოა უახლოეს პერიოდში მეტროპოლიტინმა მუშაობა შეაჩეროს. თბილისიის მერი კახი კალაძე კი აცხადებს, რომ მეტრო არ გაჩერდება და მგზავრებს შეუფერხებლად მოემსახურება. მერმა განმარტა, რომ მეტროსადგურებში ხორციელდება მგზავრთა ნაკადის კონტროლი და როგორც მგზავრებს, ისე მეტროს თანამშრომლებს მოეთხოვებათ პირბადის ტარება. კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მეტროპოლიტენის 25-მდე მემანქანეს კოვიდი დაუდასტურდა, მეტროს მუშაობას ხელი არ შეეშლება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანს. თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე თბილისის მეტროპოლიტენში დარგის სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია სრულდება და მემანქანეების კორონავირუსზე ტესტირების პროცესიც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“სამედიცინო სფეროს ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი 29 ნოემბრისთვის იქნება. ჯანდაცვის ექსპერტების პროგნოზით, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაახლოებით 5 000 უნდა იყოს. ამავე პერიოდში აქტიური შემთხვევების რაოდენობას კი თითქმის 38 000-ს პროგნოზირებენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, დაადასტურა ის ფაქტი, რომ დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით მსჯელობა არის. მანვე განმარტა, რომ შეზღუდვების შემდეგ, იმ მაჩვენებელმა, რაც დღეში ფიქსირდება, საგრძნობლად უნდა მოიკლოს. “ეს გადაწყვეტილებები ვიდრე დღეს არის, ბევრად გამკაცრებული და გაფართოებული იქნება, შედეგი იქნება ის, რომ დღეს თუ 3 000 შემთხვევა გვაქვს, მისი ზრდა აღარ უნდა იყოს სამი კვირის შემდეგ”- ამბობს გამყრელიძე. ჯანდაცვის ექსპერტი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რომელიც პრემიერთან ოთხშაბათს გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, “რეზონანსთან” აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ სხვადასხვა სახის რეკომენდაციები მიიღო. მისი თქმით, იყო ისეთი მოსაზრებებიც, რომ სრული “ლოკდაუნი” უნდა მოხდეს, თუმცა აქცენტი წერტილოვან შეზღუდვებზე გაკეთდა. ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან გაიცა რეკომენდაციები, გადაადგილების საათობრივი შეზღუდვების დაწესებაზე, ასევე სამუშაო საათები შემცირდეს, დაიხუროს შაბათ-კვირას რესტორნები და დიდი სავაჭრო ცენტრები. მოხდეს საზოგადოებრივი ტრასპორტის გადაადგილების ნაწილობრივი შეზღუდვა”, განაგრძობს გამოცემა.

 

“ქვეყანა კატასტროფის ზღვარზეა. თუ ასე გაგრძელდა და არ შემცირდა ინფექციის გავრცელების სისწრაფე, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუძლებს. თუ სასწრაფოდ შეზღუდვები არ დაწესდა, კიდევ ერთ კვირას და 10 დღეს ასეთ ციფრებს ვეღარ ავუვალთ. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ახლა ინფექციის გავრცელების შეკავება და ამ აღმავალი ტენდენციის გადატეხა და დაღმავალზე წამოსვლა. ექიმები და პერსონალი არის ახლა ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მხრიდან იყო რეკომენდაციები, რომ მოხდეს ე.წ. საათობრივი შეზღუდვა. ანუ დიდ ქალაქებში, როდესაც მოსახლეობის აქტიურობა უფრო ღამის 9 საათიდან იწყება, აქამდე დავწიოთ შეზღუდვა. ასევე მოხდეს დიდი სავაჭრო ცენტრების და რესტორნების შაბათ-კვირას სრულად დახურვა. მოსახლეობის მობილობა ყოვემხრივ უნდა შემცირდეს. დაწესდეს შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტის გადაადგილებაზე. პრემიერი ყველა ამ რეკომენდაციებს უსმენდა და საბოლოოდ მისი გადასწაყვეტია რა შეზღუდვებს მიიღებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

 

“იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომელიც ასევე პრემიერთან შევედრას ესწრებოდა, “რეზონანსთან” ადასტურებს, რომ შაბათ-კვირას დიდი სავაჭრო ცენტრების და რესტორნების დახურვაზე საუბარი იყო. ასევე საუბარია ტრანსპორტის შეზღუდვაზეც. ის იმგვარი შეზღუდვების დაწესების საჭიროებაზე საუბრობს, რომელიც ეკონომიკას მინიმალურ ზიანს მიაყენებს და ასევე ეპიდემიის შეჩერების მიმართულებით შედეგსაც გამოიღებს. “როგორც ექიმი, მომხრე ვარ შეიზღუდოს ის ობიექტები, რომელიც არ არის სურსათთან და აფთიაქთან დაკავშირებული, რაც შეეხება ტრანსპორტს, ან კონტროლი უნდა გავამკაცროთ, ან ავტობუსში ასული ადამიანების რაოდენობა უნდა შევამციროთ - საერთოდ მის გაჩერებაზე უარი ვთქვათ. იმიტომ, რომ ეს ძალიან აზიანებს საზოგადოებას. ახლა რის ვაი-ვაგლახით ამ სტატისტიკას ვუმკლავდებით, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურად ჩვენ არ გვაქვს კითხვაზე პასუხი, თუ ახლა სად ვიმყოფებით. თუ ეს პიკია და სადღაც იქნება სტაბილიზაცია და დაღმავლობისკენ წამოვალთ, შეიძლება ქვეყანამ მინიმალური შეზღუდვებით გაუძლოს”, - განმარტავს ბიძინა კულუმბეგოვი, რომლის თქმით, როგორც შეხვედრაზე ითქვა, “სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ზოგადი ეკონომიური გავლენაც იყოს მინიმალური იმ წერტილოვანი შეზღუდვებით და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 466 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 26 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.