“გადარჩენის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა” - რატომ იზრდება სიკვდილიანობა და რა გველის ახლო მომავალში

"კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა კრიტიკულ ნიშნულზე ავიდა - დღეში ქვეყანა თითქმის 80-მდე ადამიანს კარგავს, პირველიდან 10 ნოემბრის მონაცემებით ლეტალობის საერთო რიცხვი 617-ია.

ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, ვირუსი ადამიანებში რაც უფრო მეტად ცირკულირებს, მით მეტად ძლიერდება და ლეტალობის კრიტიკული მაჩვენებელიც ამის შედეგია, სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი კი ვაქცინაციაა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “გადარჩენის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა” - რატომ იზრდება სიკვდილიანობა და რა გველის ახლო მომავალში

 

"10 ნოემბერს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 78 პაციენტი, მაღალია ასევე ინფიცირებაც და ამავე დღის მონაცემით 5751 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმის გამო, რომ ყოველდღიური დაინფიცირება 6 ათასის ფარგლებშია სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ლეტალობის მაჩვენებელი კიდევ გაიზარდოს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 662 პირი ემსხვერპლა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ვირუსი ხალხში რაც უფრო მეტად ცირკულირებს, მით მეტად ძლიერდება, აქედან გამომდინარე, ლეტალობის კრიტიკული მაჩვენებელიც ამის შედეგია, მისი თქმით, ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა. „არაა გამორიცხული ლეტალობამ მოიმატოს, რაც უფრო მეტი გადამდებლობა იქნება, ანუ გავრცელების მასშტაბი მეტია, ვირუსი მით უფრო მეტად ძლიერდება, შესაბამისად მატულობს მისი როგორც გადამდებლობის უნარი, ისე ვირულენტურობა, ანუ დაავადების სიმძიმე, სწორედ ამითია გამოწვეული ეს ვითარება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"პასაჟირება - ვირუსი, როცა ერთიდან მეორე ადამიანს გადაეცემა, ძლიერდება, როგორც სპეციალური მომზადების სამხედროები მთელი ცხოვრება ვარჯიშობენ და ძლიერდებიან, ასეა ვირუსიც - ეს „ვარჯიში" მის ამტანობას აძლიერებს და ადვილად უმკლავდება იმ ძალებს, რომელიც მას ახალ ორგანიზმში ხვდება. „მერე ნუ გვავიწყდება, რომ შტამი შეიცვალა, ეს არც ბრიტანულია, არც ვუხანის, ესაა დელტა შტამი, რომელმაც ინდოეთი მოიარა და ჩვენამდე მოვიდა, წარმოიდგინეთ რა „ნავარჯიშები" და გაძლიერებულია. შესაბამისად, სიკვდილიანობამაც იმიტომ მოიმატა, შესაძლოა ლეტალობა შემცირდეს კიდეც, მაგრამ თუ ინფიცირების რაოდენობა ისევ მაღალ ნიშნულზე იქნება, სიკვდილიანობა ჩემი აზრით გაიზრდება, 75 და 78 არაფერი იქნება, თუ აცრები ინტენსიურად არ გაგრძელდა. „ამ ხალხის აზრამდე როგორღაც უნდა დავიყვანოთ ის, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა არც პირბადეა და არც ხელების ბანვა, პირველ რიგში ესაა ვაქცინაცია, აქ უკვე იმაზე ლაპარაკი აღარაა ადამიანს კოვიდი დაემართება თუ არა - აქ საუბარია იმაზე დაინფიცირებული ადამიანი სტაციონარში მოხვდება თუ არა. რამდენად მოუწევს ჰოსპიტალიზაცია და ყველაზე მნიშვნელოვანი რამდენად გადარჩება" - განაცხადა ხმალაძემ. მისივე თქმით, გამორიცხული არაა, რომ ლეტალობის ზრდა დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის ბრალიც იყოს. „არაა გამორიცხული ისიც, რომ ლეტალობის ზრდა დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამოც იყოს. ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით, სამწუხაროდ დაინფიცირებამდე აცრა ვერ მოვასწარი და ძალიან მძიმე ფორმა მქონდა, ერთი დღეც რომ დამეგვიანებინა, ლეტალური შედეგი თუ არა, შეიძლებოდა ძალიან მძიმე შედეგი დამდგარიყო, ერთ ღამეში ათბალიანი პნევმონია განმივითარდა, მეორე დღეს უკვე 24-იანი იყო”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ამ ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ეს უბრალო გრიპი არაა და პირდაპირ ფილტვებს ურტყამს - მერე უკვე დაავადება ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, მთავარია რომ არ დაგვემართოს და თუ დაგვემართა, დროულად მიმართონ ექიმს. "კლინიკაში დაწვენა არაა აუცილებელი, ოჯახის ექიმს დაურეკონ, შესაძლოა ოჯახის წევრებმა ადვილად მოიხადონ, მაგრამ შესაძლოა რომელიმეს მძიმედ განუვითარდეს, ამიტომაც სხვას ნუ უყურებენ, ყველა პაციენტი ინდივიდუალურია და ამიტომ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ოჯახის ექიმს თუ სამედიცინო დაწესებულებას,"- განაცხადა ხმალაძემ. ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი კი გაუმჯობესდა, ოთხშაბათის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 976-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 018 336 აცრა ჩატარდა. ვაქციაციის ტემპის გაზრდის მიზნით პირველი დეკემბრიდან ძალაში მწვანე პასპორტები შევა, იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ამის მიზანია, რომ გაიზარდოს ვაქცინაციის მაჩვენებელი და ყოველდღიური ცხოვრება უსაფრთხო გავხადოთ”, - დასძენს გამოცემა.

 

"მწვანე პასპორტები დანერგილია ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენთან მივიღეთ მაშინ, როდესაც ვაქცინაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. ამ გადაწყვეტილების უკან დგას სწორედ იმის სურვილი, რომ გავზარდოთ ვაქცინაციის მაჩვენებელი და გავხადოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უსაფრთხო. „სოციალური, გასართობი, სარესტორნო სივრცე, არის ის სფერო, სადაც პირველი დეკემბრიდან დაშვებული იქნებიან მწვანე პასპორტის მქონე პირები. ეს ჩამონათვალი არ არის საბოლოო, ამის გაფართოება იგეგმება და განიხილება. ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი იქნება დიდი სავაჭრო მოლები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციამ უნდა შეძლოს უზრუნველყოს ის მარტივი მექანიზმი, რაც ძალიან კარგად მოქმედებს - ნიღბების ტარება, რაც შეამცირებს ინფიცირების რისკს. „რჩება მეორე მხარე, მომსახურე პერსონალი. ჯერჯერობით ამ თვალსაზრისით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. უფრო მეტად არის აქცენტი იმაზე, რომ კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელობამ უნდა უზრუნველყოს თანამშრომლების ვაქცინაცია და ეს სტრუქტურები უნდა იყოს აუცილებლად უსაფრთხო ზონები. ეს ჯერჯერობით არის კერძო ბიზნესების პასუხისმგებლობა და არა სახელმწიფოსი, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ესეც შეიცვალოს", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ „იმედთან". ასევე აღსანიშნავია, რომ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით" აცრა მათი ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად იქნება შესაძლებელი”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 258 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.