May 16, 2024

“მოდით ჩემს საფლავზე, მიამბეთ ყველაფერი, როგორც ცოცხალს და მე დაგეხმარებით”

საჭიროა გავცეთ, ჩვენ კი მოვიხვეჭთ, საჭიროა მოვუსმინოთ, ჩვენ კი ვლაქლაქებთ. “ადამიანისთვის უპირველესი სულის ცხონება უნდა იყოს”.

 

ცხონების ყველაზე მარტივი გზაა – არავინ განიკითხო – და ღმერთიც არ განგიკითხავს.

 

ილოცეთ ნებისმიერ დროსა და მდგომარეობაში, ყოველთვის უნდა იმეოროთ: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”. ზიხარ, ჭამ, საუბრობ, თუ რაიმე საქმეს აკეთებ. მუდამ იესოს ლოცვას უნდა ამბობდე; ამ ლოცვით უფალსაც ვახარებთ, ცოცხლებსაც და მიცვალებულებსაც, საკუთარ სულსაც ვამდიდრებთ და უფალ იესო ქრისტესთან სასუფეველსაც დავიმკვიდრებთ. როგორც სუნთქვისას არ ეკითხები შენ თავს, როგორ აკეთებ ამას, ასევე განუწყვეტლივ ილოცე და ცხონდები. იკითხე იესოს ლოცვა ყოველგვარი გასაჭირისა და მწუხარების ჟამს, მაშინ თავის დროზე მოვა ის რასაც ითხოვ. ეს ლოცვა გიხსნის ანტიქრისტეს ბეჭდისგან, მიგიტევებს ცოდვებს, სათნოებით შეგამკობს და ღმერთთან შეგაერთებს.

 

მოთმინება, მადლიერება, ლოცვითი შრომა – ყოველგვარ გაუგებრობას, წინააღმდეგობას და მწუხარებს გადალახავენ და წყნარ თავშესაფარში მოგიყვანენ… თუ გეყვარებით, არც მწუხარება გექნებათ, არც გულგატეხილობა არასოდეს დაეცეთ სულით და ყოველთვის იქონიეთ ღვთის დახმარების და წყალობის იმედი.

 

სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)

 

მამა ვიტალი (სიდორენკო) დაიბადა 1928 წელს კარსნოდრი მხარის სოფელ ეკატერინოვკაში. მისი დედა ალექსანდრა (შემდგომში – მონაზონი ანდრონოკა), ჯერ კიდე მისი მუცლად ტარებისას, ასე ლოცულობდა: “ღმერთო, ისეთი ბავშვი მომეცი, რომელიც სასურველი იქნება შენთვისაც და ადამიანებისთვისაც”. მან სიზმარში ორი ნათელი მზე იხილა და გაუკვირდა: “საიდან ორი მზე” პასუხად ჩაესმა: “ერთი მზე შენს საშოშია” რვა დღის ჩვილი ნათლობისას იღიმებოდა, ემბაზში კი ფეხზე დადგა. ქრისტიანული წესის თანახმად ალექსანდრამ ვაჟიშვილი მეორმოცე დღეს ტაძარში მიიყვანა. მღვდელმა ჩვილი საკურთხეველში შეიყვანა და მაშინვე იგრძნო მისგან გამომავალი მადლი. შემდეგ მან ბავშვი საკურთხევლიდან გამოიყვანა, დედას გადასცა და უთხრა: “ეს ბავშვი დიდი ადამიანი იქნება”. სახლში დედას ჩვილის აკვანთან ხშირად ესმოდა ანგელოზთა საოცარი გალობა. გადმოცემის თანახმად, ყრმა ვიტალი ხორცს საერთოდ არ იღებდა, ხოლო ოთხშაბათს და პარასკებ რძესაც არ აკარებდა პირს. პატარა ვიტალის კითხვა რომ უსწავლია, მისი საყვარელი წიგნი წმიდა სახარება გამხდარა. 16 წლის ვიტალიმ საბჭოთა პასპორტი დახია.

 

1948 წ. ვიტალი, რომელსაც ღვთისმსახურება მონასტერში სწადდა, წმიდა სამების სერგის ლავრაში გაემგზავრა. რომელიც ომის დასრულების შემდგომ ახალი გახსნილი იყო. იგი მონაწილეობას იღებდა ლავრის აღმშენებლობაში. თუმცა მისი უსაბუთოდ გაჩერება დიდხანს ვერ მოხერხდებოდა. ამიტომ, ლავრის გამოცდილმა მამებმა ურჩიეს, გლინის უდაბნოში წასულიყო, რომელიც ბერებით იყო განთქმული. აქ მონასტერი XVI საუკუნის დასაწყისში დაარსდა ღვთისმშობლის შობის სასწაულმოქმედი ხატის გამოცხადების ადგილას. საუკუნეების მანძილზე ეს სავანე ცნობილი იყო გლინის ბერების მაღალი სულიერებით. 1922 წელს სავანის ცხოვრება იძულებით შეწყდა და მხოლოდ ომის დროს 1942 წელს აღსდგა. 20 წლის განმავლობაში მონასტერი თითქმის მთლიანად დაინგრა და გაიძარცვა მაგრამ ბერების ძალისხმევით და მრევლის შემოწირულობებით მონასტერი აღდგა დიდი გაჭირვების მიუხედავად ბერები მადლობას სწირავდნენ უფალსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ წმინდა სავანეში ცხოვრების საშუალება ჰქონდათ.

 

ასეთი დახვდა გლინის უდაბნო ვიტალი სიდორენკოს 1948 წელს. ამ წლებში სავანის სულიერ ცხოვრებას ხელმძღვანელობდა სამი შესანიშნავი ბერი მონასტრის წინამძღვარი სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ამელინი), სქემიღუმენი ანდრონიკე (ლუკაში) და სქემმონაზონი სერაფიმე (რომანცოვი). მათგან ისწავლა ვიტალიმ სიმდაბლე, მორჩილება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული. მისი სულიერი მოძღვარი გახდა მამა სერაფიმე (რომანცოვი). ვიტალი ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო როდესაც სატრაპეზოში მუშაობდა, გონებაში ხშირად ამბობდა: “მიიღეთ, ძმებო, ჩემი უღირსი მსახურება” და თაყვანს სცემდა მათ. ცოტა ხნის შემდეგ მის გულში იესოს განუწყვეტელი ლოცვა აღენთო, ასე მიიღო თავმდაბლობისა და სიყვარულისთვის განუწყვეტელი ლოცვის მადლი. მერე და მერე მისი გლინის უდაბნოში დამალვაც გაჭირადა. მამა ვიტალი ერთი პერიოდი ტაგანროგში გადავიდა, გარს შემოიკრიბა მორწმუნენი, რომლებიც მოგვიანებით მისი სულიერი შვილები გახდნენ და მათთან ერთად ფეხით მოილოცა რუსეთის სიწმინდეები. მას ხშირად იჭერდნენ, სცემდნენ და შეურაცხყოფდნენ. მომლოცველობის იმ მკაცრ წლებში მამა ვიტალი გაცივდა და ტუბერკულიოზით დაავადდა. იგი საავადმყოფოში დააწვინეს, ძალიან მძიმედ იყო, ფილტვები ეშლებოდა. მის სანახავად მიდიოდნენ დამწუხრებული ადამიანები ეშინოდათ ძვირფასი სულიერი მოძღვარის დაეკარგვის. მამა ვიტალი პალატაში მფრინავებთან ერთად იწვა. ისინი გაკვირვებულნი იყვნენ, ვიტალი არაფერს ჭამდა და ყველაფერს სხვებს ურიგრბდა. ღამღამობით პალატაში ფეხზე წამოდგებოდა და მძიმე ავადმყოფებისთვის ლოცულობდა. იგი სასწაულებრივად გადარჩა.

 

მამა ვიტალი, სადაც უნდა ყოფილიყო, ყოველთვის ბრუნდებოდა გლინის უდაბნოში მამა სერაფიმესთნ, რომლის მორჩილებასაც მკაცრად იცავდა. ხრუშჩოვის პერიოდი იყო. გლინის უდაბნოს დახურვის საფრთხე ემუქრებოდა ამიტომ მამებმა ვიტალი ბერად აღკვეცეს და ბენედიქტე უწოდეს. იგი აფხაზეთის მთებში გაუშვეს. მაშინ იქ მრავალი ბერი მოღვაწეობდა. ძალზედ შეუყვარდათ ძმებს ვიტალი, მაგრამ ამბობდნენ ერთი ნაკლი აქვს – ყველაფრის გაცემა უყვარსო. ეს იყო ის “ნაკლი”, რომელიც სიცოცხლს ბოლომდე არ მოსცილებია. მამა ვიტალი ძალიან თავმდაბალი იყო, ყველაფრისთვის უღირსად მიიჩნევდა თავს, ამიტომ საჭმელს, სასმელს, საწოლს, სამოსს. ყველაზე უბრალოს ეტანებოდა 1969 წელს მამა ვიტალი (ბერობაში ბენედიქტე) თბილისში ჩამოვიდა და წმიდა კეთილმორწმუნე მეფის, ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ მართმადედბლურ ტაძარში მივიდა სადაც მაშინ მეუფე ზინობი (მაჟუგა) მოღვაწეობდა.

 

აღსანიშნავია, რომ მეუფე ზინობმა ბერად აღკვეცა უწმინდესი და უნეტარესი ილია II და მას პატრიარქობა უწინასწარმეტყველა.

 

მამა ვიტალიმ ალექსანდრე ნეველის ტაძარში დაიწყო მსახურება. მას საბუთების უქონლობის გამო თბილისშიც დევნიდნენ. 5 წლის განმავლობაში იგი ქართულ ოჯახში საიდუმლოდ ცხოვრობდა ადამიანებისა და ხელისუფლებისგან მალულად. მხოლოდ იშვიათად ჩნდებოდა ღვთის მსახურების დროს ალექსანდრე ნეველის ტაძარში. დედა მარიამი (სქემაში სერაფიმა) რომელიც შემდგომში მისი მესენაკე გახდა, ყოველთვის ცდილობდა საშიშროებისგან მის დაცვას.

 

ვიტალი სიდორენკოს საფლავიმამა ვიტალის ძალიან უყვარდა საქართველო, ეს სიყვარული მეუფე ზინობისგან მიიღო მემკვიდრეობით, მან გაითავისა ამ უძველესი მართლმადიდებლური ქვეყნის ისტორია, მისი ხალხის ტკივილი და ტანჯვა. შეიყვარა ქართული ღვთისმსახურება, მისი უძველესი საეკლესიო საგალობლები, ღრმა პატივს მიაგებდა საქართველოს ეკლესიის წმინდანებს, ძალზე უხაროდა საქართველოში რწმენის აღორძინება. “რუსეთს კი სძინავსო”, ამბობდა სინანულით.

 

1970 წელს მამა ვიტალის რუსეთიდან, ლიპეცკის მხრიდან სოფელ ბურდინოს ამაღლების სახელობის ტაძრიდან სტუმრები ეწვივნენ და ტაძრის აღდგენაში დახმარება სთხოვეს, მეუფე ზინობის კურთხევით მამა ვიტალი რუსეთში, გაემგზავრა და ამაღლების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა. სახელმწიფო სტრუქტურებს არ მოსწონდათ ეს მაგრამ ხელის შეშლა ვერ შეძლეს.

 

1970-იანი წლების ბოლოს მამა ვიტალის კუჭის ავადმყოფობა გაუმწვავდა. იგი არასოდეს აგრძნობინებდა სხვებს თავის ტკივილებს, თუმცა ერთხელ აღიარა “ეს ისაა თითქოს ნემსების კონა გერჭობოდეს”. გაუსაძლისი ტკივილების მიუხედავად გარშემო მყოფებს თავს მხიარულად აჩვენებდა და ყველას დადებითი ენერგიით აღავსებდა. მისი ჯამრთელობა უარესდებოდა, მაგრამ ღვთაებრივი ძალა ეხმარებოდა, რომ დაეთმინა თავისი ტკივილი და სხვებს დახმარებოდა. განიცდიდა სხვების გასაჭირს და რომ არა დედა მარიამისა და მრავალრიცხოვანი მრევლის ძალდატანება, არც იმკურნალებდა.

 

1979 წელს მამა ვიტალი სამკურნალოდ რუსეთში გაემგზავრა. საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს და კუჭის ორი მესამედი ამოკვეთეს. როდესაც საავადმყოფოში იწვა, თავისი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სხვებს ეხმარებოდ, მათთვის ლოცულობდა და თავის საკვებს და წამლებსაც კი სხვა ავადმყოფებს ურიგებდა. ამბობდა: “წამლებით კი არ გამოვჯანმრთელდები არამედ იმით რომ სხვებს მივცემ”.

 

მამა ვიტალი 1980-იან წლებში ისევ დაბრუნდა სააქართველოში. მისთვის საქართველო ყოველთვის “წმიდა ივერია” იყო. სამოქალაქო ომი 30 წლით ადრე იწინასწარმეტყველა. მონაზონთა თქმით, თბილისს ყოველ საათს ოთხივ კუთხით აკურთხებდა და უფალს მის დაცვას ევედრებოდა. აფხაზეთის ომამდე რამდენიმე წლით ადრე აფრთხილებდა გარშემო მყოფთ: “იქნება მიწაზე საშინელი სისხლისღვრა, ძმათა კვლა, შიმშილი. ნუ გადააგდებთ საჭმელს, რადგან მაშინ ნარჩენებითაც კმაყოფილნი იქნებით. შეიცანით საკუთარი თავი და გაიგეთ, რომ რაც სამყაროში ხდება, ჩვენი ბრალია, ჩვენი ცოდვებისა”. 1992 წელს ძმათამკვლელი ომის დროს მამა ვიტალიმ გაამკაცრა მარხვა და ლოცვა. მთელ დღეებს მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა. საღამოობით ანთებდა უამრავ სანთელს. მუხლს მოიდრეკდა ცივ ქვაზე, რომელიც საგანგებოდ ლოცვისათვის შეიტანა სენაკში და უფალს ავედრებდა საქართველოს. იგი დიდად აფასებდა მის თანამებრძოლს სულიერ ბრძოლაში – მამა გაბრიელს, ამბობდა ხოლმე: “გაბრიელ ბერი – უდიდესი ბერია”.

 

მამა ვიტალი 1992 წლის 1 დეკემბერს გარდაიცვალა. მან თავისი გარდაცვალების შესახებ წინასწარ იცოდა. გარდაცვალებამდე 9 დღით ადრე ძალიან ცუდად გახდა, მეტყველების უნარი დაკარგა და სხეულის მარჯვენა ნაწილი პარალიზებული ჰქონდა. მასთან ხშირად მიდიოდა უწმიდესი და უნეტარესი ილია II. გარდაცვალების შემდეგ ცხედარი დაასვენეს წმიდა კეთილმორწმუნე მეფის, ალექსანდრე ნეველის ტაძარში. მიცვალებულს წესი უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ აუგო. როდესაც მამა ვიტალისთვის მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ ხელში, ყველამ დაინახა, როგორ გაშალა ხელი გარდაცვლილმა, ფურცლის ჩადების შემდეგ კი ისევ შეკრა.

 

მამა ვიტალი მთელი თავისი სიცოცხლე უფალს და ხალხს ემსახურებოდა. ასეა დღემდე. მონაზონთა გადმოცემით, მას უთქვამს “მოდით ჩემს საფლაზე, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო”. მამა ვიტალი დასაფლავებულია თბილისში, ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში. მის საფლავზე ყოველდღიურად მიდიან მორწმუნენი, მიაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ.

 

წყარო

წაკითხვა 743 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.