“კულუარული საუბრები მიდის რუსეთის პატრიარქთან და ხელისუფლებასთანაც” - ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის

“დიდი ხანია ეს პროცესი დაიწყო - ბრძოლა საპატრიარქოს ტახტისთვის.

საპატრიარქოში მღვდელმთავრებს შორის სხვადასხვა დაჯგუფებებია და ყოველი დაჯგუფება იბრძვის იმისთვის, რომ პატრიარქად საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს. ეს დაპირისპირება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. ამაში, რა თქმა უნდა, ჩართულია, როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე მთლიანად პოლიტიკური სპექტრი, ძველი და ახალი”, - აცხადებს “რეზონანსთან” ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “კულუარული საუბრები მიდის რუსეთის პატრიარქთან და ხელისუფლებასთანაც” - ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის.

 

“ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას მღვდელმთავრობიდან გადაყენების შემდეგ, პატრიარქის განკარგულებით, ის შიომღვიმის მონასტერში განმწესდა. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი შიომღვიმის მონასტერში წასვლაზე უარს აცხადებს. “მოთხოვნა “განმწესდეს მონასტერში მოსანანიებლად” - არაკანონიკურ მსჯავრს წარმოადგენს. მიტროპოლიტს უნდა მიეცეს ბრალის დადასტურების შესაძლებლობა, კანონიკურ სამართლებრივი გზით შემდგომ სინოდზე. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, რა უნდა მოინანიოს მიტროპოლიტმა, რომელიც ირწმუნება, რომ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე აქვს საკმარისი სამხილი და მისი მიზანი ვითარების გაუმჯობესებაა”, - წერს “ფეისბუქზე” თეოლოგი ლადო ნარსია. 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომის დასრულებას საკმაოდ მოულოდნელი გაგრძელება მოჰყვა - მეუფე იაკობ იაკობაშვილის სკანდალური განცხადება სინოდის გადაწყვეტილებამ და მეუფე პეტრეს ასევე სკანდალურმა განცხადებამ ჩაანაცვლა. რაც შეეხება მეუფე იაკობს, მან შენდობა ითხოვა და მიიღო გაფრთხილება, საბოლოოდ კი, ის ეპარქიის მმართველად რჩება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრე ცაავას წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) შეცვლის, რომელიც პირველ ნოემბერს, სინოდის სხვა წევრებთან ერთად, მარტვილში ჩავიდა და ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავასა და მრევლს შეხვდა. ვახტანგ ძაბირაძე საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების საფუძველსა და გარკვეულ მიზანზე საუბრობს; მისი თქმით, მეუფე პეტრეს განცხადებამ ის მთავარი საკითხი გადაფარა, რომელიც მეუფე იაკობმა წამოჭრა - თუკი მისი განცხადება სიმართლეს შეესაბამება, აქედან გამოდის დასკვნა, რომ სახელმწიფო საეკლესიო საქმეებში უხეშად ერევა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“საპატრიარქოს მთავარეპისკოპოსთა ვიზიტებს თუ გავითვალისწინებთ, რა ხდებოდა აშშ-ში ბოლო ორი წლის განავლობაში, ვნახავთ, რომ იქაც სხვადასხვა დაჯგუფებაა. რუსეთთან ღიად არ ჩანს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, კულუარული საუბრები მიდის არა მხოლოდ რუსეთის პატრიარქთან, არამედ ხელისუფლებასთანაც. ამან გამოიწვია ეს დაპირისპირება და საზოგადოებაშიც გამოჟონა. ყველაფერს ამართლებს ერთი ანდაზა, “რაც ერი, ის ბერი”, - რაც ხდება საქართველოში, ზოგადად საზოგადოებასა და პოლიტიკურ ასპარეზზე, იგივე პროცესები მიდის ეკლესიაშიც. არ მგონია, რომ ეს უბრალოდ ყურადღების გადატანა იყოს ერთი თემიდან მეორეზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მართლაც შედგა თუ არა ის საუბარი. თუ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ პატრიარქი უნდა ჩანაცვლდეს, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ეკლესიის საქმეებში ერევა. მგონია, რომ ქვეყნისთვის და ერისთვისაც ეს უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე მეუფე პეტრე ბერად შიომღვიმეში წავა, თუ სხვა რომელიმე მონასტერში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ხელისუფლება აქტიურ კონსულტაციებს ეწევა და ალბათ იმით დასრულდება, რომ გარკვეული ძალა გამოიკვეთება. როდესაც მოსაყდრედ მეუფე შიო დასახელდა, თითქოს სიტუაცია საპატრიარქოში დალაგდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, მონასტერი ისევ აირია. წმინდა სინოდის შეკრებაზე საზოგადოებაში მოლოდინი იყო იმასთან დაკავშირებით, რა განცხადებაც მეუფე იაკობმა გააკეთა. აქ საერთოდ ატრიალდა ეს თემა და სულ სხვა შედეგი მივიღეთ; თუ მეუფე პეტრეს განცხადებები საპატრიარქოსთვის მიუღებელი იყო და კერძოდ პატრიარქისთვის, მისი ჩამოშორება საეპისკოპოსოდან შეიძლებოდა უფრო ადრეც მომხდარიყო და გაგზავნა მონასტერში. თემის და მოლოდინების ცვლილება მოხდა, თუ რატომ, ცოტა გაუგებარია. იმის თქმა, რომ მეუფე იაკობმა კარდინალურად შეცვალა თავისი პოზიცია, ეს არ ჩანს. გარდა ამისა, ხელისუფლების აქტიურობასაც თუ შევხედავთ, ამ შემთხვევაში, უფრო აქცენტების გადანაცვლება მოხდა. იმდენად მოულოდნელი და ამასთანავე, შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა მეუფე პეტრემ, რომელიც არანაირ ჩარჩოში არ ზის, მეუფე იაკობის განცხადება უბრალოდ ყურადღების მიღმა დარჩა და მთელი მედია დაკავებულია საპატრიარქოს, პატრიარქის, წმინდა სინოდისა და მეუფე პეტრეს ურთიერთობით”, - დასძენს ძაბირაძე.

 

“თეოლოგი ლადო ნარსია “ფეისბუქპოსტს” აქვეყნებს შემდეგი სათაურით - “წმ. სინოდის სხდომის ოქმის არაკანონიკურობის და ვალიდურობის პრობლემის შესახებ”. “დადგენილებაში მითითებული მრავალჯერადი მსჯავრი (აეკრძალოს მღვდელმოქმედება; განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობიდან; განმწესდეს მონასტერში მოსანანიებლად), ეკლესიის ძირეულ სამართლებრივ პრინციპს არღვევს, რომელიც განმტკიცებულია მოციქულთა 25-ე და ბასილი დიდის 9-ე კანონებით: “შურს ნუ იძიებთ ერთი რაიმესათვის ორჯერ”. ბუნდოვანი ფორმულირებაა - “აეკრძალოს მღვდელმოქმედება”. უნდა იყოს - “დროებით შეეზღუდოს სამღვდელმთავრო ფუნქციების განხორციელება” და ამასთან ერთად, უნდა იქნას ჩამოთვლილი აღნიშნული ფუნქციები. მოთხოვნა - “განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობიდან”, სრულიად დაუსაბუთებელია და წარმოადგენს არა კანონიკურ-სამართლებრივ მსჯავრს, არამედ სისტემის შურისგებას “ურჩ” ეპისკოპოსზე. ე.ი. არსობრივად ეს სანქცია საბჭოთა რეჟიმის დროს სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ძალადობის ინსტრუმენტია ეკლესიაზე”, - მიიჩნევს თეოლოგი, რომლის აზრით, “ამ მავნე გავლენებს და ინერციებს ეკლესიამ თავი უნდა დააღწიოს”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ეპისკოპოს გრიგოლ კაციას მივლინება მარტვილის ეპარქიაში არაკანონიკურია. წმინდა სინოდის განჩინებით მიტროპოლიტ პეტრე ცაავას შეზღუდული აქვს “მღვდელმოქმედების” უფლებამოსილება და არა მმარველობის უფლებამოსილება. შესაბამისად, აუხსნელია მეუფე პეტრესთვის სამიტროპოლიტო - ე.ი. მმართველობითი უფლებამოსილების ჩამორთმევის მიზეზი. რომ შევაჯამოთ, მეუფე პეტრემ მორჩილებით მიიღო წმ. სინოდისაგან დაუმსახურებელი სასჯელი. მსგავს ფაქტებს, როგორც საქართველოს, ასევე ზოგადად, მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში უამრავი პარალელი ეძებნება. მჯერა, რომ ეს დროებითია, რადგან ზრუნვა საქართველოს ეკლესიაში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს სიცოცხლეშივე აუცილებლად იქნება დაფასებული ქრისტეს ეკლესიის მიერ: “და რომელნი - იგი ცოდვიდნენ წინაშე ყოველათაისა ამხილე, რაითა სხუათა მათ ეშინოდის”, - ამბობს თეოლოგი”, - დასძენს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 121 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.