April 26, 2024

აკრძალვები, რომლებიც სასწრაფოდ გასაუქმებელია - რას ურჩევს ჯანდაცვის ექსპერტი პრემიერს

“საქართველოში კორონავირუსთან საბრძოლველად დაწესებული აკრძალვების ნაწილი კიდევ მოიხსნა, თუმცა მსუბუქ ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ჯდომა კვლავ აკრძალულია.

ასევე ძალაში რჩება კომენდატის საათი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ არ მუშაობს. ჯანდაცვის ექსპერტები კი ამბობენ, რომ მართალია, დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ნამდვილად კარგია, თუმცა მათთვის სრულიად გაუგებარია რა შუაშია კომენდატის საათი და ასევე მსუბუქ ავტომობილზე დაწესებული შეზღუდვების კვლავ ძალაში დატოვება კორონავირუსთან. მათი აზრით, ასევე სასწრაფოდ უნდა აღსდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სხვაგვარად სალონების და მაღაზიების გახსნას აზრი არა აქვს. მოსახლეობის დიდ ნაწილს გადაადგილების პრობლემა აქვს და სამსახურში ყოველ დღე ტაქსით ვერ ივლის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აკრძალვები, რომლებიც სასწრაფოდ გასაუქმებელია - რას ურჩევს ჯანდაცვის ექსპერტი პრემიერს.

 

“პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კი ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რამდენიმე ეტაპის დაჩქარებაა შესაძლებელი. 18 მაისიდან იხსნება შეზღუდვა ღია და დახურულ სივრცეში სამ ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვაზე, ასევე 18 მაისიდან გაიხსნება სილამაზისა და ესთეტიკის სალონები. გახარიას თქმით, ამ ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა არ ეხება ავტომობილებით სამ ადამიანზე მეტის გადაადგილების აკრძალვას. “ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური სალონები, გარდა ამისა, მოიხსნას შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება შეზღუდვა სამი ადამიანის გადაადგილების ავტო სატრანსპორტო შესაძლებლობებით. ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რასაც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა”, - აცხადებს იორგი გახარია. პრემიერის თქმით, პირველი ქვეყანა, რომელთანაც უსაფრთხო მწვანე კორიდორი გაიხსნება, ისრაელი იქნება...”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

„დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე ქვეყანასთან წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს, რომელიც სულ მალე ჩვენთვის მისაღები შედეგით დასრულდება. პირველი ასეთი ქვეყანა, როგორც ჩანს, იქნება ისრაელი, რომელთანაც გვექნება უსაფრთხო მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში სულ მალე მივიღოთ სტუმრები, ტურისტები ამ ქვეყნიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას შეეფერება. გარდა ამისა აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან და რა თქმა უნდა, ჩვენს მეზობლებთანაც. ყველა ეს მიმართულება იქნება უახლოეს პერიოდში დასასრულამდე მიყვანილი”, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე კი აცხადებს, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია, რომელმა ჯანდაცვის ექსპერტმა ან ეპიდემიოლოგმა უთხრა გახარიას, რომ ავტომობილში სამი კაცის მეტი არ უნდა იჯდეს და მით უმეტეს მძღოლის გვერდით დაჯდომა აკრძალული რატომ უნდა იყოს. ასევე მისთვის გაუგებარია სალონების და მაღაზიების გახსნის მიზანი, თუკი ტრანსპორტის მოძრაობა არ აღდგება. მაღაზიის და სალონის თანამშრომლებმა, რომელთა შემოსავალი ისედაც დაბალია, გაძვირებული ტაქსით ყოველ დღე სამსახურში როგორ უნდა იარონ. მით უფრო გაუგებარია რაში გვჭირდება კომენდატის საათი”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“წარმოიდგინეთ პატარა ორკარიანი ავტომობილი, რომელშიც უკან ორი კაცი ჯდება და წინ მძღოლის გვერდით, რომ ადამიანი ჯდება. სად უფრო მეტი დისტანციაა. მძღოლის გვერდით თუ უკან პატარა ავტომობილში? მინიკუპერში, მაგალითად, სადაც უკან ადამიანები ერთმანეთზე მიხუტებულები სხდებიან. ერთი დაცემინება და თუ კორონავირუსისი მატარებელია ადამიანი, მნიშვნელობა აღარ აქვს წინ ზიხარ თუ უკან. აბსოლუტურად აზრს მოკლებულია. ავტომობილში ყველას თუკი პირბადე ეკეთება, გადადების რისკი უფრო ნაკლები იქნება. არ ვიცი ეს სამ კაცზე მეტის ავტომობილში ჩაჯდომა საიდან მოიტანეს. კომენდატის საათის არსებობა ხომ საერთოდ ამ ხნის განმავლობაში სრულიად გაუგებარია. მსოფლიოში ეს გადაწყვეტილება არავის არ მიუღია. ინფექციის გავრცელებასთან ან შეჩერებასთან არაფერ შუში არ არის. მართალია ქვეყნის გახსნას ეტაპები სჭირდება, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის გარეშე ხალხმა სამსახუში რით იაროს? კარგია, რომ სალონები და მაღაზიები გაიხსნა, მაგრამ ყოველდღე ეს ხალხი ტაქსით ხომ ვერ ივლის? მაშინ მომსახურების საფასური უნდა გაიზარდოს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.

 

მისივე თქმით, ტრანსპორტი უნდა იყოს უსაფრთხო, სადაც მხოლოდ დაჯდება ხალხი და ისიც დისტანცირებულად. ამისთვის კი ტრანსპორტის დამატებაა საჭირო. ასევე სამარშუტო ტაქსებში 5 ან 7 კაცზე მეტი არ უნდა ჩაჯდეს. ამ ყველაფერს კი მკაცრი კონტროლი და ყურადღება სჭირდება. სწორედ ამ რესურსის არქონის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა არ ხდება. ეს კი ისედაც ფინანსურად ისედაც დაზარალებულ მოსახლეობას დამატებით პრობლემებს უქმნის”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 859 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 16 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.