May 18, 2024

სავალდებულო გახდება თუ არა “მწვანე პასპორტების” წარდგენა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც

“ხუთი დღეა, რაც საქართველოში “მწვანე პასპორტების” მექანიზმი მოქმედებს და საზოგადოების ნაწილში ამასთან დაკავშირებით საპროტესტო განწყობა ძლიერდება.

უკმაყოფილოა ბიზნესის ნაწილი, რომელთაც მომხმარებელთა რაოდენობა და შესაბამისად, შემოსავალიც შეუმცირდათ. ხელისუფლება კი “მწვანე პასპორტების” მოქმედების არეალის გაფართოებაზე საუბრობს და ამ საბუთის გარეშე საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობაზე შეზღუდვის დაწესებასაც განიხილავს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, სხვისი “მწვანე პასპორტით” სარგებლობა ამა თუ იმ დაწესებულების სტუმრობისას დაუშვებელია და ამას სახელმწიფო მკაცრად გააკონტროლებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით იზრდება თუ არა პროტესტი “მწვანე პასპორტების” მიმართ და სავალდებულო გახდება თუ არა მათი წარდგენა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.

“ყოველთვის კეთილსინდისიერები უნდა ვიყოთ. გარკვეული ხვრელი ყველა რეგულაციაში არსებობს. არ უნდა გავაკეთოთ ეს. “მწვანე პასპორტში” მითითებულია პირადი ნომერი, ასევე სურათიც, “ქიუ-არ” კოდის სკანირების დროს გამოჩნდება მოქალაქის პირადი ნომერი და ფოტოც. დაწესებულებები მოახდენენ პირის იდენტიფიცირებას. შესაძლოა, პირს მოთხოვონ პირადობის მოწმობა და შემდეგ შეადარონ. დაწესებულებებმა უნდა გააკონტროლონ “მწვანე პასპორტი”. შრომის ინსპექცია კი დაწესებულებებს შერჩევითად გააკონტროლებს”, - თქვა გამყრელიძემ. ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ როცა არჩევანი ადამიანის სიცოცხლესა და დისკომფორტს შორისაა, აქცენტი ადამიანის სიცოცხლეზე უნდა გაკეთდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მსგავს ირეგულაციები ძალიან ბევრ ქვეყანაშია ამოქმედებული, რაც ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მესმის, რომ ამ ყველაფერს გარკვეული შეზღუდვები ახლავს და ვიღაც ფიქრობს, რომ მათი უფლებები ირღვევა. მაგრამ ამის საპირწონედ გეტყვით, რომ დღის განმავლობაში 60-დან 80 ადამიანამდე იღუპება, საქართველოსნაირ ქვეყანას კი ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია სჭირდება, რადგან სხვანაირად ამ სიკვდილიანობის შემცირებას ვერანაირად ვერ მოვახერხებთ. ამიტომაც, თუ არჩევანს ვაკეთებთ ადამიანებისთვის დისკომფორტის შექმასა და სიცოცხლის გადარჩენას შორის, მე არჩევანს სიცოცხლის გადარჩენაზე გავაკეთებდი. ვთვლი, რომ ამ ყველაფერს რაღაცნაირად უნდა შევეგუოთ, ვაქცინაცია ჩავიტაროთ და ამით ეპიდსიტუახციის სტაბილიზაციას ხელი შევუწყოთ, რომ მალე აღარც “მწვანე პასპორტი” დაგვჭირდეს და ჩვეულ ცხოვრების წესს დავუბრუნდეთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“ამიტომაც ადამიანებმა, ვინც ამას აპროტესტებენ, ჩემი აზრით პირიქით, “მწვანე პასპორტები” კი არ უნდა გააპროტესტონ, პირიქით, ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ და ამით შეუწყონ ხელი, რომ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ და მსგავსი რეგულაციები აღარ დაგვჭირდეს”, - დასძენს გოგინავა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის პირველი მოადგილე ლადო კახაძე კი “რეზონანსთან” “მწვანე პასპორტის” მოწინააღმდეგეთა აქციებზე საუბრობს. “ასეთი აქციებით ვერავის გავაკვირვებთ. იტალიაში ამაზე დიდი აქცია იყო, ასევე იყო ბელგიაში, საფრანგეთში... ჰოლანდიელებს აქციის დაშლისთვის ცხენოსანი პოლიცია დასჭირდათ. ეს მიმდინარეობა არის და ამას ვერ ავკრძალავთ. კაცია და გუნება, ზოგი გემორჩილება, ზოგი - არა. ჩემი აზრით “მწვანე პასპორტის” ინსტიტუცია ურთიერთპატივისცემის გამომხატველი უნდა იყოს”, - ამბობს კახაძე, რომლის აზრით, “ჩვენ თუ ერთმანეთს არ გავუფრთხილდებით ვირუსი გაიმარჯვებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“პირბადის მტარებლობა 22%-ზე ჩამოვიდა, დაავადების კუთხით საშინელ ციფრებზე გავდივართ, ამ პატარა ქვეყანაში ამდენი დაავადებული გვყავს და ამ კუთხით მოწინავეთა რიგში დავდექით. სიკვდილიანობა კი დაავადებაზეა მიბმული. ერთმანეთს რატომ ვწირავთ? ეს ხომ ბიზნესთანაც შეთანხმებული ვარიანტი იყო, საკოორდინაციო საბჭო მათთანაც მუშაობდა და ბიზნეს ინტერესი ჰქონდა, რომ სუფთა გარემო დაეხვედრებინა და სუფთა სტუმარი მიეღო. ჯერ სულ ხუთი დღეა გასული. უნდა დავაკვირდეთ, ჯერ მითითებები და რეკომენდაციებია და მერე უკვე ჯიუტად არშესრულების პირობებში რასაკვირველია, რომ სანქციებიც ამოქმედდება. საქმე აქამდე არ უნდა მივიყვანოთ, ხომ შეიძლება რომ ვითანამშრომლოთ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

“ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ “მწვანე პასპორტის” წარდგენა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც სავალდებულო გახდეს, რასაც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და სპეციალისტების ნაწილი არ ემხრობა. “ძნელია ტრანსპორტში ყველგან წარადგინო “მწვანე პასპორტი”, მოხდეს კონტროლი. ტრანსპორტი ხშირად გადატვირთულია, რიგები დგას და ტრანსპორტში არშეშვება “მწვანე პასპორტის” არმქონე ადამიანების, გაცილებით უფრო მტკივნეული იქნება მათთვის, ვიდრე რესტორანში ან საკონცერტო დარბაზში არშეშვება... ამიტომ ჯერჯერობით, ტრანსპორტში ამის შემოღებას არ ვემხრობი”, - განაცხადა ცერცვაძემ. ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავას ინფორმაციით ამ საკითხზე მუშაობა მიდის, თუმცა, მისი აზრით, საქართველოს პირობებში ამის აღსრულება რთული იქნება”, - დასძენს გამოცემა.

“მე როგორც ვიცი, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. ბევრ ქვეყანაში მსგავსი ტიპის რეგულაციები ტრანსპორტშიც გამოიყენება, მაგრამ საქართველოში ამ ყველაფრის აღსრულება ცოტა რთული იქნება, რამდენად ხარისხიანად გაკეთდება, ამას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ. ჩემი აზრია, რომ ჯერჯერობით იქ სადაც ეს მექანიზმი ამოქმედდა უნდა იმუშაოს. რაც შეეხება ტრანსპორტის საკითხს, ეს კიდევ ერთხელ კარგად უნდა იქნას განხილული და შეფასებული, უფრო მეტ სარგებელს მოგვიტანს, თუ რისკს”, - თვლის გოგინავა. ლადო კახაძე კი აცხადებს, რომ გამოსავალი თვითრეგულაციაა, რადგან ქვეყანას ფიზიკურად არ ჰყავს იმდენი პოლიციელი, რომ ყველაფერი გააკონტროლოს”, - წერს სტატიის ავტორი.

“სიტყვას “სავალდებულო” როგორც ინდივიდი ასე აღვიქვამ, რომ რეგულაციები ზედმიწევნით უნდა დავიცვა. ავტობუსში, სადაც მომიწია მგზავრობა, იქ რეგულაციები დაცული უნდა იყო, ასევე მეტროშიც. ჩვენ რომ თამბაქოს კანონი შემოვიღეთ, მაშინ ძნელად აღსაქმელი გვეგონა და დღეს კი, რომ გაიხედავ, ადამიანი არც თავის თავს და არც სხვას არ აკადრებს, რომ დახურულ სივრცეში მოწიოს. თვითრეგულაცია სჯობს, ვიდრე ვინმე თავზე მათრახით დაგადგეს. ამდენი პოლიციელი არაა, რომ ყველას სათითაოდ სდიოს. ერთი წელი ხდება, რაც დედამიწაზე აცრები დაიწყო. არის ქვეყნები, რომლებიც ამას შესანიშნავად გაუძღვნენ, ზოგიერთმა 95%-ზეც კი აიყვანა. ჩვენნაირი ტიპის ქვეყნაში, სამწუხაროდ, მიუღებლობაა, იძახიან - “ვაქცინა კლავსო” და ვაქცინირებულის გარდაცვალების ერთი გაურკვეველი შემთხვევა გვქონდა და აუცრელი შემთხვევები კი 11 ათასია, სადაა ლოგიკა?” - დაასკვნის კახაძე.

წაკითხვა 304 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.