May 18, 2024

როდის შეიძლება დასრულდეს პანდემია - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

დღეს, ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მან კორონავირუსის ახალი ტალღის განვითარებასა და პანდემიის შესაძლო დასრულებაზე ისაუბრა.

 

როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა FirstNews.ge-თან საუბრისას განაცხადა, კორონავირუსი განვითარების პროცესშია, მუტაციებს წარმოქმნის. ისინი კი მისი წინამორბედებისგან გაუმჯობესებულია და გადაცემის მასშტაბებს ზრდის.

 

‘’საერთოდ, პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამასთან დაკავშირებით ჯერ განცხადებას არ აკეთებს, რადგან აქვს საკუთარი ობიექტური საფუძვლები.

 

ბუნებრივია, ჩვენ ვხედავთ, რომ პანდემია ადამიანების ცნობიერებაში გარკვეულწილად დასრულებულია და ფსიქოლოგიურად გადატეხილია, მაგრამ პანდემიას და თვითონ ვირუსს ეს გეგმები არ აქვს როგორც ჩანს. ჩვენ მოგვიწევს ადაპტაცია და მასთან თანაცხოვრების მიჩვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი ცოდნა უკვე არსებობს; ჩვენ უკვე ვიცით ვირუსის რაობის შესახებ, მეტნაკლებად მედიკამენტური მკურნალობის შესახებ. მსოფლიოში უკვე 14-ზე მეტი ვაქცინაა გამოყენებული და გამოცდილი. ეს ერთგვარი შემთხვევების მატება, რომელიც არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ გლობალურად ყველგან ფიქსირდება, სიურპრიზი და სიახლე არავისთვის არ უნდა ყოფილიყო.

 

რეალურად, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ დაახლოებით 3-4 თვის ინტერვალით შემთხვევების მატება იქნება, რომელიც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.

 

ჩვენ ვირუსული ინფექციები არ გვიკვირს, ეს ისედაც არსებობდა და რესპირაციული დაავადებები ძალიან ბევრია. მთავარია ვიცოდეთ ვირუსული ინფექციები რამდენად საზიანო შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის, რამდენად შეიძლება გაზარდოს ჯანდაცვის ხარჯები, ჰოსპიტალიზაციის რისკები ან სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მოიმატოს. ამ ეტაპისთვის, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ მართვის ამ სისტემას სწორად დავუპირისპირდებით, ვგულისხმობ სამიზნე ჯგუფების ვაქცინაციის პროცესის წარმატებას, მაშინ შესაძლებელია პანდემია მართვადი იყოს. ის არ იქნება საზოგადოებისთვის დამაზიანებელი ან სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის ხელის შემშლელი.

 

პირველი ტალღა იქნება მე-8 თუ მე-9 ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამ ეტაპისთვის ეს მხოლოდ ეპიდოლოგიური შინაარსის მატარებელია. მსოფლიოში B1 და B5 ვირუსი ხასიათდება, როგორც ომიკრონის წინამორბედი ერთი და ორი სწრაფი აღმავლობით, მაგრამ შედარებით დელტა, ალფა და წინა მოდელებისგან პიკური სიტუაცია მალევე მთავრდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შტამი ძალიან დამაზიანებელი და დამანგრეველი არ უნდა იყოს. თუმცა, გარკვეული რისკი, შემთხვევების მკვეთრი მატებისა, შემოდგომაზე არის.

 

ზოგადად ცივ პერიოდში ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული დაავადებები აქტიურდებიან . აქ საზოგადოებისთვის ერთი მთავარი მესიჯია : ჩვენ გვაქვს გადატანის და ხელოვნურად შეძენილი იმუნიტეტი, თუმცა მუდმივი არცერთი მათგანი არ არის. ბოლო ეტაპის კვლევები აჩვენებს რომ 80-85%-იანი იმუნიტეტი უკვე ჩვენს საზოგადოებაში 60%-ზე ჩამოსული," - განაცხადა კულუმბეგოვმა ჩვენთან საუბარში.

 

მან ასევე, აღნიშნა, რომ ერთადერთი მართებული გზა ნებისმიერ ვირუსულ ინფექციასთან ბრძოლისას, ვაქცინაციაა.

 

"ჩვენ ერთის მხრივ უნდა დაველოდოთ მასობრივ ავადობას, რომ ეს ბუნებრივად ავწიოთ. ეს არ იქნება სწორი, რადგან ბევრ ავადმყოფობას გამოიწვევს, საავადმყოფოებში მოხვედრასა და სამწუხაროდ გარდაცვალებას.

 

მეორეს მხრივ ხელოვნურად ავამაღლოთ ზოგად პოპულაციური იმუნიტეტი. ვაქცინაცია ამის ერთადერთი გზა არის.

 

კიდევ ერთხელ, რადგან ვირუსს აქვს ასეთი მუტაციური თვისება - ტალღური მიმდინარეობა, მასთან დაპირისპირება იქნება საუკეთესო გამოსავალი. ვფიქრობ, მოგვიწევს ამ ინფექციასთან ერთად თანაცხოვრება, რადგან ის არ გაქრება. ალბათ პანდემია ამ წლის მეორე ნახევარში დასრულდება. ეს ინფექცია კი როგორც სხვა რესპირაციული დაავადებები ჩვენთან ერთად იქნებიან და ჩვენ მოგვიწევს იგივე შემოდგომაზე რისკ ჯგუფებისთვის მოწოდება ვაქცინაციაზე, დისტანციის დაცვასა და პირბადის ტარებაზე. ინდივიდუალური პასუხისმგებლობები წამოვიდა წინ, ვიდრე სახელმწიფოს ბრძანებები, მითითებები ან იძულება. ალბათ მთელი მსოფლიო გადავიდა მართვის ამ პრინციპებზე და ჩვენი ქვეყანაც ბუნებრივია ამას უნდა მიჰყვეს. ერთადერთ სწორ გზად მიმაჩნია ის, რომ მოსახლეობის ნებისმიერ სეგმენტს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რადგან ამ რესპირაციულ დაავადებას, რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით გავუმკლავდეთ," - განმარტა ჩვენთან საუბარში ბიძინა კულუმბეგოვმა.

წაკითხვა 395 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 16 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.