March 29, 2024

ეროვნული საქმე თუ იაფფასიანი პოპულიზმი - გოგებაშვილის "დედა ენის“ სკოლებში "დაბრუნებას“ ექსპერტები აკრიტიკებენ

"სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა" დაბრუნდება, ვერსია ადაპტირებული იქნება - პრემიერ-მინისტრის მიერ ვარიანიდან საგანგებო ღონისძიებით ამ სიახლის გამოცხადებას ექსპერტების დიდ ნაწილსა და ოპოზიციაში მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.

კრიტიკის მთავარი შინაარსი კი ისაა, რომ ხელისუფლებამ მოიტყუა - ერთი, რომ 143 წლის წინანდელი სახელმძღვანელოს უცვლელი სახით დაბრუნება 21-ე საუკუნეში უბრალოდ ნონსენსია, მეორეც - გოგებაშვილისეული მეთოდიკით შედგენილი "დედა ენა" არავის გაუძევებია სკოლებიდან და ადაპტირებილი ვერსია ისწავლება კიდეც, ამიტომ პრემიერის ეს განცხადება არის იაფფასიანი, ვითომ პატრიოტული, პოპულიზმი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ეროვნული საქმე თუ იაფფასიანი პოპულიზმი - გოგებაშვილის „დედა ენის“ სკოლებში "დაბრუნებას“ ექსპერტები აკრიტიკებენ.

 

"სპეციალისტების ნაწილის კრიტიკის საპასუხოდ "ოცნების" დეპუტატი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ „ისმის, იაფფასიანი ჯიჯგვნა ზოგიერთების მხრიდან, აი, რომ ჰგონიათ, რომ უგზო-უკვლოდ იციან ყველაფერი და ძალიან განათლებულები არიან, ამიტომ არ მოსწონთ ის, რაც ტრადიციული და უნიკალურია". მმართველ პარტიაში „დედა ენის" დაბრუნება მოსწონს ყველას და აცხადებენ, რომ ეს არის „დიდი ეროვნული საქმე". თანაც, სახელმძღვანელოში არქაული სიტყვების ადაპტირება აუცილებად მოხდება, მთავარია, რომ გოგებაშვილის მეთოდიკა შენარჩუნდება. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ისიც თქვა, რომ გოგებაშვილის „დედა ენა" უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან და ამან საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოწვია. ამიტომაც ისინი წიგნს დააბრუნებენ და ყველა პირველკლასელს ის უფასოდ დაურიგდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილის თქმით, გოგებაშვილის „დედა ენის" თითქოს დაბრუნების ამბავი სიყალბე და იაფფასიანი პოპულიზმია, რადგან „დედა ენა" სკოლიდან არავის გაუძევებია და მისი კონცეფციის მიხედვით ბავშვები დღესაც სწავლობენ დაწყებით საფეხურზე. „უშუალოდ გოგებაშვილის მიერ 140 წლის წინ გამოცემული სახელმძღვანელოთი არც ჩვენ გვისწავლია და ეს შეუძლებელიც იყო. „დედა ენა" ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა და ის გოგებაშვილმა გამოსცა 1865 წელს, შემდეგ თავადვე 33 -ჯერ განაახლა და ბოლოს გამოიცა 1876 წელს. გოგებაშვილმა ეს წიგნი დაუტოვა ქართველ ხალხს იმ იმედით, რომ ქართველი ხალხი განავითარებდა მეთოდიკას. შესაბამისად განცხადება, რომ გოგებაშვილი „დააბრუნეს" სკოლაში. ეს მართალი არ არის, გოგებაშვილი სკოლიდან გაძევებული არც ყოფილა. ეს არის იაფი პოპულიზმი და ჩემი ვარაუდით ეს მიზნად ისახავს სრულიად უგემოვნოდ, პატრიოტული გრძნობების, ასე ვთქვათ, გაღვივებას ხალხში. ამ ყველაფრის უკან დგას ორი რამ - ერთი კონკრეტული ჯგუფის ფინანსური ინტერესები და მეორე - ასევე ვფიქრობ, რომ მმართველი პარტიის მიზანია 2020 წლის არჩევნებისთვის ხალხის გული მოიგოს, რომ ასეთი „პატრიოტები" არიან და აი, გოგებაშვილს აბრუნებენ,"- განაგრძობს გამოცემა.

 

"მისი თქმით, ზოგიერთი სკოლა გოგებაშვილის წიგნის ადაპტირებული ვერსიით სწავლობს, ნაწილი - სხვა მეთოდიკით. „მთელი მსოფლიო ავითარებს დაწყებით საფეხურზე სწავლების მეთოდიკას. გოგებაშვილი ნამდვილად გენიალური ადამიანია, ჩვენი საზოგადო მოღვაწე და მისი მეთოდიკითაც ისწავლონ ბავშვებმა და სხვა მეთოდიკითაც, ხომ არ შეიძლება 1876 წელს გამოცემული წიგნი იყოს უმაღლესი ჭეშმარიტება?! "თვითონ გოგებაშვილი არ თვლიდა ასე, მან 33-ჯერ შეცვალა და განავითარა ეს წიგნი. იდეა თავისთავად სასაცილოა. ამ სულელური იდეის გამო უნდა დაიხარჯოს დრო და იხარჯება ფული. რის გამო? იმის გამო, რომ მმართველ პარტიას ამომრჩევლთა გულის მოგება უნდა და ვიღაცას ფულის მოგება?! თვითონ გოგებაშვილის სახელის შეურაცხყოფაც არის ეს გადაწყვეტილება,"- დასძენს მოსიაშვილი. განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია აცხადებს, რომ 100 წლის წინანდელი სასკოლო სახელმძღვანელოს მიმოქცევაში ხელახლა შეტანით რომ იამაყებ, ეჭვი ჩნდება, რომ ახლის შექმნის უნარი არ გაქვს. „ამ „მიღწევის" გამოსაცხადებლად სკოლის დირექტორებს, ყოფილ სპორტულ კომენტატორებს, ყოფილ განათლების მინისტრსა და მოქმედ პარლამენტის წევრებს, ტელევიზიებსა და საჯარო მოხელეებს თბილისიდან თელავში რომ ჩაიყვან, ჩანს, რომ ვერ ხვდები, რომ არაადეკვატურად ხარჯავ შენ ხელში არსებულ ძალაუფლებას..."- დასძენს გამოცემა.

 

"გოგებაშვილის „დედაენის" დაბრუნებას მავნებლობას უწოდებს ყოფილი დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ. ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ!.. ამათ ჰგონიათ, რომ ვახტანგ როდონაიას გოგებაშვილი არ უყვარდა და იმიტომ შექმნა თანამედროვე სახელმძღვანელო?"- წერს ბერძენიშვილი. „ოცნების" დეპუტატი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ „დღეს გოგებაშვილის „დედა ენით" სწავლება არ ხდება. მხოლოდ შემორჩენილია რაღაც ფრაგმენტები და შემდეგ ავტორები პირადი ინიციატივით რასაც უნდოდა, იმას უმატებდნენ". მისი თქმით, ახლა შეიქმნა კომისია და კონსენსუსის საფუძველზე შეიტანა გარკვეული ცვლილებები დროსთან დაკავშირებით. „ეს ძალიან კარგი და დიდი საქმეა და ძალიან უღირსი საქციელი იყო, როცა ეს სახელმძღვანელო მოისროლეს და ყველას საბურთაო გახადეს ეს უნიკალური წიგნი. "აი ია; აი თოხი," - შეიძლება ეს სხვა რამით შეცვალო?! ამაში რა უნდა გაათანამედროვო? "შემდეგ თხზულებებში შეიძლება შევიდეს ცვლილება, მაგრამ როცა ანბანზეა საქმე და სწორედ ანბანიდანაა წამოსული გარკვეული სიუჟეტები და წინადადებები, იქ დასამატებელი არაფერი არ არის. დღეს კი ასე არ იყო, აი ია-თი არ იწყებოდა. ამას ახლა წერტილი დაესვა და რაც ახლა კრიტიკა ისმის, ეს არის იაფფასიანი ჯიჯგნა ზოგიერთების მხრიდან, აი, რომ ჰგონიათ, რომ უგზო-უკვლოდ იციან ყველაფერი და ძალიან განათლებულები არიან, ამიტომ არ მოსწონთ ესეც. ჩვენ დავუბრუნდით საფუძველს და ეს არის კარგი," - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 838 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 17 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.