May 14, 2024

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული პირველი ივნისი მსოფლიო საზოგადოებას შეახსენებს, რომ ყველა სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს თითოეული ბავშვის საუკეთესო ინტერესები და შეუქმნას მათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და ღირსეული ცხოვრების პირობები.

 

,,წელს ეს დღე მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებულ ვითარებაში აღინიშნება. ახალი კორონავირუსის (COVID-19) მსოფლიო პანდემიის პირობებში, გაიზარდა ბავშვთა სიღარიბის, მათ მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის საფრთხე. პრობლემას წარმოადგენს განათლების მიღების შესაძლებლობა, ხშირ შემთხვევაში ინტერნეტთან და კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან წვდომის არარსებობის გამო. ამასთან, კარანტინის რეჟიმი და იზოლაცია დამატებით დამთრგუნველ ფაქტორად იქცა და უარყოფითად აისახება ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

 

პანდემიის პირობებში ბავშვთა დაუცველი ჯგუფების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სიღარიბეში მყოფი, სახელმწიფო ზრუნვაში და რელიგიურ სკოლა-პანსიონებში, ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვნები არსებული რისკებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ეფექტური სისტემით უნდა სარგებლობდნენ.

 

საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას საგანგებო რეჟიმის პირობებში და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ:

 

-საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა მუდმივ რეჟიმში უზრუნველყონ ბავშვთა ინფორმირება მათთვის გასაგები და თვალსაჩინო ფორმით. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ვირუსთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვან რეკომენდაციებსა და პრევენციულ ღონისძიებებს;

 

-განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს რეგიონებში, მათ შორის, მაღალმთიან ადგილებში მცხოვრებ არასრულწლოვანთა განათლების უწყვეტობაზე, ინტერნეტისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის საკითხებზე;

 

-ოჯახში ძალადობის გაზრდილი რისკების შესაბამისად, პასუხისმგებელმა უწყებებმა გააძლიერონ პრევენციული ღონისძიებები და უზრუნველყონ დროული და ეფექტური კოორდინაცია.

 

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს ის საფრთხეები და რისკები, რის წინაშეც იმყოფებიან არასრულწლოვნები. ბავშვთა უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა, პანდემიის პირობებში, დიდწილად სწორედ მშობლებისა და მზრუნველი პირების სამოქალაქო თვითშეგნებაზე და მათი მხრიდან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გაცემულ რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული", - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

წაკითხვა 346 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 01 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.