March 29, 2024

"იმდენი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ არ გამომდიოდა, ენა გადამეყლაპა და დავმუნჯდი"

გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას საზოგადოების წარმომადგენლები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან

"დედამიწას სიყვარული ატრიალებს... ასე რომ არა, დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას..." - სოციალური ქსელი კიდევ ერთხელ გადააჭრელა ბატონი გურამ დოჩანაშვილის წიგნებიდან ამონარიდებმა; ამ საოცარ ადამიანზე მოგონებებმა... მისმა სიყვარულმა და მასზე გავრცელებულმა სამწუხარო ცნობამ კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა ყველა, განურჩევლად ასაკისა და... არ მეგულება ვინმე, ვინც ეს ამბავი თავისებურად არ განიცადა...
ჩემს, თქვენს და საერთოდაც, ყველას ბატონ გურამს, თითოეული თავისებურად, მაგრამ გამორჩეული
სიყვარულით იხსენებს (წერილების სტილი დაცულია)...

 

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:
"სიკვდილი რომ არ ყოფილიყო, არც სიყვარული იქნებოდა და არც მონატრება. მშობლების მეგობრები რომ მიდიან, კიდევ უფრო ცხადად ვგრძნობ, რომ აწი ჩვენ ვართ გადატენილი ტყვიები. ანზორ ერქომაიშვილი, გურამ დოჩანაშვილი... ორივე ძალიან მიყვარდა. გურამ დონაჩანაშვილთან კი პირადი, უსაყვარლესი მოგონებები მაქვს. წლების წინ, იცოდა სადაც ვმუშაობდი და პერიოდულად მირეკავდა, ბავშვთა სახლის ბავშვებისთვის ფულს მატანდა, - რაც სჭირდებათ, უყიდე. შენ უკეთ იცი, ვის რა არა აქვს ამ მომენტშიო. უამრავი ფული მაქვსო, ყოველ ჯერზე თან ასე ამბობდა, რომ თავი არ ამერიდებინა მისვლისთვის უგაჭირვებულეს წლებში..."

კახა კალაძე, თბილისის მერი:
"ძნელია, როდესაც ემშვიდობები ყველასთვის საყვარელ ადამიანს; კიდევ უფრო ძნელია, როცა ეს ადამიანი კლასიკოსი, ქართული მწერლობის სინდისი და ნამუსია. დიახ, ჩვენ ყველას დაგვაკლდება კაცი, რომელსაც ძალიან უყვარდა ლიტერატურა; უყვარდა ადამიანი, უყვარდა თავისი სამშობლო და შეეძლო ქართული გენია გაეტანა დიდ ასპარეზზე.
"დედამიწას სიყვარული ატრიალებს" - ჩვენი გურამ დოჩანაშვილიც ამ სიყვარულის ნაწილია. იგი სამარადისოდ დარჩება ჩვენს გულში".

 

გიორგი კეკელიძე, მწერალი:
"ეპოქალური დანაკარგების დღეებია - ერთი გიგანტური ქართველის დაკრძალვის დღეს, მეორე გიგანტური ქართველი დავკარგეთ.

გურამ დოჩანაშვილთან, უკიდურესად მოკრძალებულ ბინაში, თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ, თუ გინახავთ ეს საოცარი მწერალი როგორ ასხამდა ჩაის, როგორ ჭრიდა პურს მის საყვარელ მეუღლესთან, ნათელასთან ერთად, როგორ უწყლიანდებოდა თვალები სრულიად უბრალო ამბების თხრობისას, მიხვდებოდით - ასეთი ადამიანები ბავშვობიდან კი არ მოდიან, საერთოდაც, არასდროს მიდიან ბავშვობიდან.

ასეთი ბავშვებს უზარმაზარი ამბები ახლავთ ხოლმე თან - პროკლამაციის გაკვრისთვის დაჭერილი ახალგაზრდა გურამი, მოგვიანებით მოიგონებს, როგორ თათბირობდნენ მეგობრები ბინაში, მათ შორის კოსტავა და გამსახურდია, როგორ აშრობდნენ ახალდაბეჭდილ სველ ფურცლებს, როგორ დასხდნენ უნებლიედ და როგორ აყვათ შარვლებზე ფურცლები. ეს სცენა, ეს სასაცილო და ცოტა ყოფითი სცენა იყო ის მაგიური რეალიზმი, სადაც მერე დოჩანაშვილმა იცხოვრა და ბევრი გვაცხოვრა. ამ უცნაური სცენით დაიწყო ის დიდი ისტორია, რომელმაც ქვეყანა დამოუკიდებლობამდე, გურამი კი დიდ ლიტერატურამდე მიიყვანა. კაატინგები ბლომად შემოხვდა, მაგრამ ამ კაცს ლიტერატურა უყვარდა და ლიტერატურა კიდევ კაატინგებს ისედაც გულისხმობდა.

წავიდა და დაგვიტოვა ერთი წამი. ის წამი, სადაც ყველამ ვიცით საკუთარი თავი - სწორედ გურამმა გვისახსოვრა. უბრალოდ ჩვენ ამ წამის შემჩნევამდე ვიძინებთ ხოლმე..."

 

ნინო სურგულაძე, ოპერის მომღერალი:
"ბატონი გურამ დოჩანაშვილი აღარ გვყავს!
უდიდესი ქართველი!!! ბატონი გურამი ჩემი ძმისგან გავიცანი ბავშვობაში. მათ 40 დღე სხალთის მონასტერში გაატარეს ერთად... საიდანაც დიდი სიყვარული დაიბადა და დღემდე მოგვყვება. საოცრად თბილი და მოსიყვარულე ადამიანი დავკარგეთ ყველამ, ვინც მას პირადად ვიცნობდით, თუმცა მისი უდიდესი შემოქმედებით ის ყველას ბატონი გურამი იყო, მთელი საქართველოს და მსოფლიოს დიდი გურამი...

საოცრად დაუნდობელია ცხოვრება... დიდია ტკივილი... განუზომელი...
ღმერთო, გაანათლე ამ დიდი ქრისტიანის და ადამიანის უკვდავი სული!
მშვიდობით, ბატონო გურამ და დროებით!"

 

თეა გვასალია, ტელეწამყვანი:
"ერთს ვიტყვი: გურამ დოჩანაშვილი ინგლისურ ან ესპანურენოვანი მწერალი რომ ყოფილიყო, "ნობელი" არ ასცდებოდა. სადმე, სამხრეთ ამერიკაში რომ დაბადებულიყო, ესპანურად დაწერილი "სამოსელი პირველი", იგივე პერსონაჟებით, "მარტოობის ას წელიწადთან" ერთად ითარგმნებოდა მსოფლიოს ყველა ენაზე, "ვატერპოლოო" სახელმძღვანელოებში შევიდოდა, კეჟერაძეებს კი მთელი მსოფლიო იმ ქვეყნის მოსახლეობასთან გააიგივებდა, რომელსაც მწერლის თავის წიაღში შობის პატივი ერგებოდა წილად. თვით გენიოსს "კათარზისიდან" არ მოუწევდა ცოლ-შვილისთვის სადილის ნარჩენების ზიდვა და დღეს მთელი მსოფლიოს საინფორმაციოები მისი გარდაცვალების სამწუხარო ამბით დაიწყებოდა?.. იმედია მთაწმინდაზე დარჩენილია მისი ადგილი?

P.S. მეგობრებო, რადგან ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, აქვე ვდებ ლინკს, სადაც ბატონი გურამი თავად ჰყვება უფასო სასადილოს ამბავს. წელს არ აზუსტებს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს როდის იყო, როცა გენიოსს ასე უჭირს ეს ზოგადად ქვეყნის სირცხვილია და არა რომელიმე მთავრობის. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფონდ "ქართუს" დახმარებაზე თავად მწერალს უთქვამს უარი, როგორც ეს ფონდ "ქართუს" ადმინისტრაციის 2018 წელს გამოქვეყნებულ განცხადებაში წავიკითხე..."

 

თაკო ცქვიტინიძე, მსახიობი:
"მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა "სამოსელი პირველი" წავიკითხე. ფინალმა ისე ჩამითრია, რომ ღამე გავათენე, დილას სკოლაში წავედი და სახლში დაბრუნებულს ლიფტში ბატონი გურამი შემხვდა. კითხვაზე, თუ რომელ სართულზე მივდიოდი ძლივს ამოვღერღე, - მეხუთეზე-მეთქი. შემრცხვა, გაოგნებული ვუყურებდი და თვალებს ვერ ვუჯერებდი. იმდენი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ არ გამომდიოდა, ენა გადამეყლაპა და დავმუნჯდი. ერთადერთი, რაც მოვახერხე, ღიმილი იყო, დავემშვიდობე და გამოვედი. ისე გამიღიმა, დარწმუნებული ვარ, იგრძნო, მიმიხვდა, წაიკითხა ჩემი განცდები. ძალიან ამაყი ვიყავი, რომ გურამ დოჩანაშვილთან ერთად ვიმგზავრე. მერე ვინანე, რომ არ ვკითხე ის, რაც მაინტერესებდა; რომ არ ვუთხარი, რომ ის ღამე გათენებული მქონდა მისი ნაწარმოების კითხვაში. რომ ძალიან მიყვარს და საოცარი ადამიანია. რა ვქნა, ბავშვურად დავიბენი... რამდენი ემოცია დაგვიტოვა. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგვცა საშუალება, ზღაპარში გვემოგზაურა, გაგვერჩია კეთილი და ბოროტი, გაგვეგო რა არის ნამდვილი სიყვარული და მეგობრობა. იქ, სადაც სიყვარული ურევია, ყოველივე ლამაზდება."

წაკითხვა 443 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.