May 2, 2024

"ჩემი ცოდნით უნდა დამებრუნებინა აფხაზეთი"- ნინო ციბაძის წარმატების ისტორია

თქვენს ცხოვრებას თავად ქმნით, ამ მოსაზრებას არა ერთი წარმატებული ქალი ამტკიცებს. ძლიერი ქალები აღწევენ წარმატებას ყველა დაბრკოლების მიუხედავად და ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლიან სამყაროს. დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა. მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიაში ბევრია გამორჩეული და გამოჩენილი ქალი.


როგორია იყოთ წარმატებული ქალი და რა ძალისხმევას მოითხოვს წარმატების შენარჩუნება? Firstnews.ge - ს ფონდი „საქართველოს ემიგრანტების„ დამფუძნებელი, საერთაშორისო-საგანმანათლებლო პროექტის „პატრიოტი დიასპორელი“-ს ხელმძღვანელი ნინო ციბაძე ესაუბრა.


ჩემი ცოდნით უნდა დამებრუნებინა აფხაზეთი!...


ჩემი ცხოვრება შემიძლია დეკადებად დავყო.


10 წლამდე მქონდა ლაღი და ფერადი ბავშვობა, ვიზრდებოდი და ვტკბებოდი ცხოვრებით ჩემს ოჯახთან ერთად სოხუმში. უკვე მეთერთმეტე წელიწადში ვიყავი, როცა აფხაზეთში ომი დაიწყო და მშობლებმა ქალაქიდან გაგვიყვანეს. თავად სოხუმში დარჩნენ და ასე ვიყავით ყოველ დღე იმის მოლოდინში, რომ ისინი ცოცხლები ვერ გამოასწრებდნენ ომს.. ბევრი მეგობარი და ახლობელი დაგვეღუპა.. თუმცა აფხაზეთში დაბრუნების იმედი დღესაც არ დაგვიკარგავს!.. ჩემები გადაურჩნენ სიკვდილს. მაგრამ მერე იყო დევნილობა საკუთარ ქვეყანაში. ეს სტატუსი მაშინ რამდენადაც მაღიზიანებდა, იმდენად სიამაყით ვამბობ დღეს უკვე გერმანიის მოქალაქე, რომ მეც და ჩემი შვილებიც დევნილები ვართ, აფხაზეთიდან დევნილები...


20 წლამდე მქონდა ასეთ გრძნობებთან ჭიდილის პერიოდი... ვსწავლობდი თავდაუზოგავად, უნდა მესახელებინა როგორც ჩემი პროფესორი მშობლები, ასევე საკუთარი თავი. ჩემი ცოდნით უნდა დამებრუნებინა აფხაზეთი! 18 წლის ასაკში სასწავლებლად წამოვედი გერმანიაში. ჩავირიცხე ჰამბურგის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე. პირველი 2 წელი ჩემთვის იყო ყველაზე რთული წელი ემიგრაციაში. ერთის მხრივ ნოსტალგია და მეორეს მხრივ ცხოვრების მთელი სიმძიმე, ერთბაშად დამაწვა ზურგზეც და სულზეც. მაგრამ ღვთის რწმენითა და შეწევნით, არ გავმტყდარვარ. მალე ავუღე ალღო გერმანულ მეცნიერულ ტერმინოლოგიას და მალევე გავხდი ეკონომიკის მეცნიერებათა ბაკალავრი.


პროფესიული წარმატება


20 წლიდან 30 წლამდე კი მქონდა სრული აღმაფრენა პროფესიული თვალსაზრისით... მაგისტრატურაზე გერმანიაში სწავლა აღარ იყო რთული ჩემთვის, რადგან მეცნიერული ბაზა უკვე შექმნილი მქონდა საკუთარი თავისთვის... უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად ვმუშაობდი კერძო სექტორში... მაგალითად, მიმუშავია ისეთ ცნობილ კომპანიაში, როგორიც ბაიარსდორფია (მისი ცენტრალური ოფისი ჰამბურგშია). კრედიტორებისა და დებიტორების დეპარტამენტში ვიყავი განაწილებული. მერე იყო ბანკი, ლოჯისტიკური სერვისები, ფინანსები, მარკეტინგი და ფინანსური აუდიტი. მოკლედ მთელი ჩემი პროფესიული განვითარება ჩავატიე ამ 10 წელიწადში. ბიზნესის მართვიდან დაწყებული, Corporate Finance და Due-Diligence, რა არ გამოვიარე.

 

საქმე და ოჯახი პარალელურ რეჟიმში


მერე დავოჯახდი და მივხვდი, რომ ცხოვრების ასეთი ტემპი და ბავშვები ერთად, ყოვლად შეუძლებელი იყო. მარტო ვზრდიდი მათ, ყოველგვარი დამხმარეს გარეშე გერმანიაში. მეუღლეს დოქტორის ხარისხი აქვს, ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია ExxonMobil- ის მთავარი ინჟინერი იყო და დღესაც ამ საქმითაა დაკავებული. ამის გამო ამერიკაშიც მოგვიწია 5 წლით ცხოვრება. ბებია-ბაბუა შორს გვყავდა. მთელი პასუხისმგებლობის აღება ოჯახსა და ბავშვებზე მე მომიწია, როგორც ტრადიციულ ქართველ დედას. შესაბამისად გადავედი საჯარო სექტორში, კერძოდ კი მუშაობა დავიწყე ლაიბნიცის სახელობის ჰანოვერის უნივერსიტეტში ეკონომიკის მეცნიერ-თანამშრომლად. მთელი 10 წელი ვიყავი ამ სტატუსით, საქმე და ოჯახი პარალელურ რეჟიმში. დღეს, თუ მე თავს წარმატებულად ვთვლი იმიტომ, რომ ჩემს განათლებასა და კარიერულ წარმატებასთან ერთად მოვახერხე და გამომივიდა, რომ ჩემს შვილებს ვუთმობდი სათანადო დროსა და ყურადღებას იმისათვის, რომ ისინი გაზრდილიყვნენ ქართველებად საზღვარგარეთ. თუნდაც ჩვენი ამერიკაში ცხოვრების დროს, მთელი ყურადღება იმაზე მქონდა გადატანილი, რომ ქართული ენა და სულისკვეთება განზე არ დარჩენილიყო ბავშვებში.


ცხოვრების ახალი ეტაპი


დღეს უკვე 40 წლის ნინო ციბაძე ვარ და ვგრძნობ, როგორ შემოდის ცხოვრების ახალი ეტაპი ჩემში. მაშინ როცა უკვე შვილები ასე თუ ისე წამოიზარდნენ და ჩემი ყოველდღიური ჩართულობა აღარაა მათთვის ისე საჭირო (საკმაოდ დამოუკიდებლები გახდნენ), გამომიჩნდა დრო ვაკეთო ის საქმე, რისთვისაც სამწუხაროდ არასდროს მქონდა დრო. უფრო სწორედ მე ამ დროს სრულად ჩემს შვილებს ვახმარდი. მაგრამ პანდემიის დროს მივხვდი, რომ შემიძლია სხვასაც გავუნაწილო ჩემი წილი სითბო, ყურადღება და სამშობლოსადმი სიყვარული. მანამდე თუ პატრიოტიზმი ჩემთვის პასიური მცნება იყო, რომელსაც სულ თან დავატარებდი და მხოლოდ იმაში გამოვხატავდი, რომ ეს გრძნობა გადამეცა ჩემი შვილებისათვის, დღეს ის გახდა უკვე მეტად აქტიური ჩემში.


წარმატებული პროექტი „პატრიოტი დიასპორელი“


პროექტი „პატრიოტი დიასპორელი“ ზუსტად ჩემი პატრიოტიზმის გამოხატულებაა ჩემი სამშობლო საქართველოს მიმართ. დედაჩემის დახმარებით, საქართველოში დავაფუძნეთ არაკომერციული ფონდი „საქართველოს ემიგრანტები", რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელებს ამ პროექტს.


პროექტი „პატრიოტი დიასპორელი„ უპრეცედენტოა, რადგან მის ფარგლებში დადგენილი პირობების გათვალისწინებით, ქართული წარმოშობის დიასპორელები პირველად შეძლებენ ქართულ სასწავლო პროცესში გარკვეული ხნით ინტეგრირებას. პროექტის ფარგლებში მოხდება ქართველი დიასპორელების ქართული ენის ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით გამდიდრება, დიასპორელების ქართული ენობრივ-კულტურული იდენტობის შეგნების ამაღლება და ზოგადად, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი მოზარდების ერთმანეთთან დაახლოება.


საერთაშორისო-საგანმანათლებლო პროექტი „პატრიოტი დიასპორელი“ ითვალისწინებს ქართული წარმოშობის საზღვარგარეთ მცხოვრები მოზარდების საქართველოს საჯარო სკოლებში გაკვეთილებზე დასწრებას მათთვის ხელსაყრელ კალენდარულ დროებში. პროექტის გახსნა დაგეგმილია აპრილის თვეში, პანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით. ამჟამად მიდის რეგისტრაცია.


მართალი ყოფილა და ვეთანხმები იმ აზრს, რომ ქალის ცხოვრება 40 წლის მერე იწყება. შესაბამისად, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ქალები ვართ და ყველაზე სასიამოვნო წლის დრო გაზაფხულია. ქალთა დღეს გილოცავთ ქალბატონებო!!

წაკითხვა 1126 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 08 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.