May 18, 2024

რუსი ექსპორტიორები ბულგარეთს გათხევადებულ გაზს საქართველოს გავლით მიაწვდიან

ტრადიციული საექსპორტო მარშრუტების დახურვის გამო, რუსი ექსპორტიორები ბულგარეთს გათხევადებულ ნახშირწყალბადიან გაზს(LPG) საქართველოს, ფოთის პორტის გავლით, ივლისიდან მიაწვდიან.

ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ტრეიდერების და ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფში შემავალი საინფორმაციო-ანალიტიკური პლატფორმის, Refinitiv Eikon-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

 

Reuters-ი წერს, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ, რუსეთმა შეწყვიტა უკრაინისთვის LPG-ის მიწოდება და რკინიგზით საწვავის ტრანზიტი უკრაინის გავლით რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში, რამაც ექსპორტიორები აიძულა, ეძებონ ახალი მარშრუტები. რუსეთისგან გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზის შეძენა მკვეთრად შეამცირა ფინეთმაც. 2021 წელს, რუსეთიდან ექსპორტის 25% უკრაინასა და ფინეთზე მოდიოდა.

 

Refinitiv Eikon-ის მონაცემებით, ივლისში, დაახლოებით 3000 ტონა LPG-ს რუსეთის ქალაქ სურგუტიდან საქართველოში ჩაიტანენ და რკინიგზით გადაზიდავენ ფოთის პორტში, საიდანაც ბორნით წაიღებენ ბულგარეთის ქალაქ ვარნაში. სურგუტიდან ამ საწვავის მიმწოდებლები არიან „გაზპრომი“ და „სურგუტნეფტეგაზი“. Reuters-ი ტრეიდერების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ბულგარეთი თვეში მოიხმარს დაახლოებით 30 000-35 000 ტონას, საიდანაც თავად აწარმოებს დაახლოებით 10 000 ტონას, დანარჩენს კი, რუმინეთისა და რუსეთისგან ყიდულობს.

 

სააგენტოს თანახმად, სურგუტიდან ფოთის გავლით ბულგარეთისთვის გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზის მიწოდება დაახლოებით 50%-ით უფრო ძვირია, ვიდრე უკრაინის გავლით ევროკავშირში ტრანსპორტირება ღირდა. ტრეიდერთა შეფასებით, სურგუტიდან ფოთში რკინიგზით ერთი ტონის ტრანსპორტირება დაახლოებით 260-280 დოლარი ღირს, ბორნით ფოთიდან ვარნამდე ერთი ტონის ჩატანა კი, 130-150 დოლარი, თუმცა, ეს მარშრუტი მაინც მომგებიანია რუსეთის შიდა ბაზარზე ამ საწვავის გაიაფების გამო არსებულ შესყიდვებთან შედარებით.

 

უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ჯერჯერობით არ ეხება გაზის შეძენას. საქართველოს მთავრობამ ეროვნულ დონეზე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარი თქვა.

წაკითხვა 183 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.