May 17, 2024

ტერაქტით დაღუპულ სეპარატისტებს გენერალური პროკურორიც დაემატა

დონეცკელ სეპარატისტთა საველე მეთაური არსენ პავლოვი, მეტსახელად „მოტოროლა“, ცნობილი საველე მეთაური, მიხაილ ტოლსტიხი, მეტსახელად „გივი“, დონეცკის პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ზახარჩენკო - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტერაქტის შედეგად დაღუპულ ამ გავლენიან სეპარატისტთა სიას 16 სექტემბერს „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ გენერალური პროკურორი, სერგეი გორენკო და მისი მოადგილეც დაემატნენ.

როგორც ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სამართალდამცველებმა განაცხადეს, ასაფეთქებელი მოწყობილობა უშუალოდ „გენერალური პროკურორის“ სამუშაო კაბინეტში მოვიდა მოქმედებაში. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ აფეთქება პროკურატურის შენობის მესამე სართულზე ხდება, სადაც გორენკოს კაბინეტი ჰქონდა. აფეთქების შედეგად „გენერალური პროკურორის“ გარდა მისი მოადგილე, ეკატერინა სტეგლენკოც დაიღუპა.

 

რუსეთის პროპაგანდა მომხდარს უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ ტერაქტს უწოდებს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი სერგეი გორენკოს აფეთქებას „ადგილობრივ დანაშაულებრივ ჯგუფებს შორის მომხდარი კრიმინალური გარჩევა“ უწოდეს.

 

ბოლო ხანს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში, რომელიც ფრონტის ხაზიდან საკმაოდ მაშორებით იმყოფება, რამდენიმე რუსი მოხელე თუ კოლაბორანტი დაიღუპა უცნაურ ვითარებაში.

 

26 აგვისტოს ბერდიანსკში აფეთქების შედეგად დაიღუპა ქალაქის ავტოინსპექციის უფროსის მოადგილე ალექსანდრ კოვალიოვი. სამი დღის შემდეგ მკვდარი იპოვეს უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის პარტიის“ დეპუტატი, ალექსეი კოვალიოვი, რომელიც რუსეთის ინტერვენციის დროს მოსკოვის მხარეზე გადავიდა და, სოფლის მეურნეობის განხრით, კრემლის მიერ დანიშნული რეგიონის მეთაურის მოადგილედ მუშაობდა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს.

 

აგვისტოს დასაწყისში მოწამლეს ვლადიმირ სალდო, რუსების მიერ ხერსონის ოლქის „ადმინისტრაციის“ მეთაურად დანიშნული მოხელე, რომელიც დღემდე მოსკოვის ტოქსიკოლოგიურ რეანიმაციაში იმყოფება. 24 აგვისტოს ზაპოროჟიეში მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსი სამხედროების მიერ ერთ-ერთი სოფლის თავმჯდომარედ დანიშნული ივან სუშკო.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. თუმცა ყველა ამ ტერაქტს ერთი რამ აერთიანებს - მათი სამიზნე ის მოხელეები არიან, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან თანამშრომლობას 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული მასშტაბური ინტერვენციის შემდეგ დათანხმდნენ.

 

16 სექტემბერს ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „გენერალურ პროკურორ“ სერგეი გორენკოსა და მისი მოადგილეზე განხორციელებული თავდასხმა სხვა უფრო გახმაურებულ ტერაქტებთან ამჟღავნებს მსგავსებას.

 

ასე მაგალითად, 2016 წლის 16 ოქტომბერს საცხოვრებელი სახლის ლიფტში ააფეთქეს დონეცკელ სეპარატისტთა ცნობილი საველე მეთაური არსენ პავლოვი, მეტსახელად „მოტოროლა“.

 

იგი სამხედრო ქვედანაყოფ „სპარტას“ ხელმძღვანელობდა. ეს ქვედანაყოფი უკრაინის არმიას ებრძოდა სლავიანსკთან, ილოვაისკთან და დებალცევოს რაიონში, სადაც ხანგრძლივი ალყის შემდეგ, სწორედ „მოტოროლას“ ქვედანაყოფმა აიღო შტურმით დონეცკის საერთაშორისო აეროპორტი და დაატყვევა იქ ცოცხლად გადარჩენილი რამდენიმე ათეული უკრაინელი ჯარისკაცი. უმრავლესობა მძიმედ იყო დაჭრილი და მკურნალობას საჭიროებდა. თუმცა, ზოგიერთი ჯარისკაცი სწორედ ტყვედ აყვანის შემდეგ მოკლეს. როგორც ტყვეობიდან გათავისუფლებული ჯარისკაცები ჰყვებოდნენ, „მოტოროლა“ პირადად მონაწილეობდა დაჭრილი ჯარიკაცების წამებასა და დახვრეტაში.

 

ცნობილი საველე მეთაურის მკვლელობას დონეცკში უკრაინის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის ნამოქმედარი უწოდეს, ხოლო თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაური ალექსანდრ ზახარჩენკო სეპარატისტთა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საველე მეთაურის მკვლელობის გამო კიევს სამაგიეროს გადახდით დაემუქრა.

 

თუმცა 2 წლის შემდეგ, 2018 წლის 31 აგვისტოს, ტერაქტს თავად ალექსანდრ ზახარჩენკოც ემსხვერპლა. დონეცკელ სეპარატისტთა ლიდერი ქალაქის ცენტრში მდებარე კაფე „სეპარში“ მართვადი ასაფეთქებელი ნივთიერების მოქმედებაში მოყვანის შედეგად დაიღუპა.

 

მოსკოვმა აფეთქებაში მყისიერად კიევი დაადანაშაულა.

წაკითხვა 207 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.