May 18, 2024

დარტყმა ბელარუსის გავლით

თუ აქამდე მხოლოდ საფუძვლიანი ვარაუდი არსებობდა, ამჯერად უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას ეჭვი აღარ ეპარება ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის განმეორებითი შეტევის სამზადისზე, რომლის საფრთხეს უკრაინის გენერალური შტაბი „გაზრდილს“ უწოდებს.

 

უკრაინის დაზვერვა უკვე ფლობს უტყუარ ინფორმაციას, თუ რა მიმართულებიდან და რა სამიზნეებზე აკეთებს გათვლას რუსეთის სარდლობა.

 

„რუსეთის შეტევის მიმართულება შესაძლოა, შეიცვალოს ბელარუს-უკრაინის საზღვრის დასავლეთის მიმართულებით, რათა უკრაინას გადაუჭრან პარტნიორი ქვეყნებიდან იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მომარაგების ძირითადი ლოგისტიკური არტერიები", - ამის შესახებ 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ალექსეი გრომოვმა განაცხადა.

 

კიევის თანახმად, ამ მიზნით ბელარუსის ტერიტორიაზე გრძელდება რუსეთის „ფარული მობილიზაცია“, მინსკი თავის ტერიტორიას უთმობს რუსეთს, უკრაინის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტებისა და თვითმფრინავების გაშვებისთვის.

 

მთავარი მიმართულება - ვოლინი
 
უკრაინის სპეცსამსახურები და განსაკუთრებით სამხედრო დაზვერვა ყურადღებით აკვირდებიან იმ მოძრაობას, რომელიც მეზობელი ბელარუსის ტერიტორიაზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეინიშნება, მას შემდეგ, რაც ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 10 ოქტომბერს ბელარუსისა და რუსეთის მიერ ჯარების ერთობლივი „რეგიონული დაჯგუფების“ შექმნის შესახებ განაცხადა.
 

მოსკოვისა და მინსკის შეთანხმებით, ბელარუსის ტერიტორიაზე, "რეგიონული დაჯგუფების" შემადგენლობაში 9 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე განლაგდება. სამხედრო ტექნიკითა და პირადი შემადგენლობით დატვირთული ეშელონების ჩასვლა ბელარუსში 15 ოქტომბრიდან გრძელდება. ხოლო მთელი ეს მოძრაობა ბელარუსში და ერთობლივი "რეგიონული დაჯგუფების" შექმნის საჭიროება, როგორც ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, განპირობებული ყოფილა „უკრაინის ტერიტორიიდან მოსალოდნელი დარტყმების საფრთხით“.

მაგრამ ბელარუსის ავტოკრატი ლიდერის არცერთი სიტყვის არ სჯერათ კიევში, სადაც კარგად ახსოვთ, რომ სწორედ ბელარუსის ლიდერის თანხმობითა და ბელარუსის ტერიტორიის გავლით შეიჭრა რუსეთის არმია მიმდინარე წლის გაზაფხულზე კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში.

 

მაშინაც რუსეთი მიზნად ისახავდა იმ ლოგისტიკური არტერიების გადაჭრას, რომლითაც უკრაინის არმია დასავლეთის ქვეყნების სამხედრო დახმარებას იღებს.

 

„უკრაინის არმიისთვის ლოგისტიკური არტერიის გადაჭრაზე რუსეთი დიდი ხნის წინ ალაპარაკდა და დიდი ხნის წინ, მასშტაბური აგრესიული ომის პირველ დღეებში აპირებდა ამ ეფექტის მიღწევას. მაგრამ კრემლმა გაზაფხულზე ეს ვერ შეძლო, რადგან მისი დაჯგუფება კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში განადგურდა. ახლა მოსკოვი და მინსკი ცდილობენ შექმნან ახალი დაჯგუფება, მაგრამ ჯერჯერობით მათ ფიზიკურად არ აქვთ ძალა და არ ჰყოფნით რეზერვი ამ ამოცანის შესასრულებლად“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სამხედრო ექსპერტმა მიხაილო სამუსმა.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი მიიჩნევს, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან განმეორებითი შეტევის საფრთხე იზრდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ალექსეი გრომოვმა პრესკონფერენციაზე რამდენიმე ოპერატიულ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება:

 

- ბელარუსის ტერიტორიაზე გრძელდება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საავიაციო და სხვა დანაყოფების გადასროლის პროცესი;

- ბელარუსის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ფარული სამობილიზაციო ღონისძიებები;

- მინსკი თავის ტერიტორიას უთმობს რუსეთს, უკრაინის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტებისა და თვითმფრინავების გაშვებისთვის;

- ბელარუსის რესპუბლიკის აეროდრომებზე განლაგებულია რუსული MiG-31 კლასის თვითმფრინავი, რომელიც "კინჟალის" ტიპის ბალისტიკური რაკეტით არის აღჭურვილი.

უკრაინელი გენერლის თანახმად, ბელარუსის შეტევის განმეორების შემთხვევაში რუსეთის სარდლობა აქცენტს ბელარუს-უკრაინის საზღვრის დასავლეთის მიმართულებაზე გააკეთებს. სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყო ვოლინის მიმართულება, რომლის გავლითაც უკრაინის არმია დასავლეთის სამხედრო დახმარებას იღებს.

 

„მართლაც, დაჯგუფება, რომელსაც რუსეთი და ბელარუსი ერთობლივად ქმნიან, მიზნად ისახავს ჩრდილოეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმას. მაგრამ შეტევა შესაძლოა რამდენიმე მიმართულებაზე განხორციელდეს. როგორც ჩრდილოეთიდან, კიევის და ჩერნიგოვის ოლქებზე, ასევე დასავლეთით ვოლინის მიმართულებით. სწორედ დასავლეთის, ანუ ვოლინის მიმართულებაზე შეტევა უნდა ემსახურებოდეს კოლექტიური დასავლეთისგან საბრძოლო იარაღის და სამხედრო ტექნიკის მიწოდების ლოგისტიკური გზების გადაჭრას“, - განმარტავს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, მიხაილო სამუსი.

 

როგორც ზემოთ ითქვა, ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე, ერთობლივი „რეგიონული დაჯგუფების“ ფარგლებში, დაახლოებით 10 ათასი რუსი ჯარისკაცი იმყოფება. ეს ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ერთბაშად რამდენიმე მიმართულებით განავითაროს შეტევა. ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი შეეცდება გაზარდოს ეს დაჯგუფება რუსეთიდან მობილიზებული რეზერვისტებისა და საკუთრივ ბელარუსი მოხალისეების ხარჯზე.

 

„ჩემი პროგნოზით, რუსეთი ამას მხოლოდ ბელარუსში თავისი დაჯგუფების, მობილიზებულების ხარჯზე, მკვეთრად გაზრდით შეძლებს. მაგრამ ეს არ არის დღევანდელი დღის საფრთხე, რადგან მობილიზებული რეზერვისტების ბელარუსში გადმოსროლას და მის სათანადო მომზადებას თვეზე მეტი დრო დასჭირდება. დიდი ალბათობით, სადღაც ნოემბრის ბოლოს, ზამთრისთვის რუსეთი და ბელარუსი რეალური შეტევით დაემუქრებიან უკრაინას, მაგრამ დღეს ასეთი მუქარა არ არსებობს“, - დასძენს მიხაილო სამუსი.

 

ამ ხნის განმავლობაში კი უკრაინის ხელმძღვანელობა თავისუფლად შეძლებს მოსალოდნელი იერიშის ყველაზე სავარაუდო მიმართულებაზე შესაბამისი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციას, რათა ჩაფუშოს მოწინააღმდეგის ჩანაფიქრი.

 

„პუტინსაც და ლუკაშენკასაც უნდა ახსოვდეთ, რომ უკრაინის არმია ახლა ბევრად უფრო უკეთ არის აღჭურვილი და მომზადებული, ვიდრე რუსეთის ინტერვენციის წინ იყო“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

 

„მოკავშირისადმი ნაკისრი ვალდებულება“

რუსეთს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი ბელარუსის ტერიტორიის გავლით უკრაინაზე შეტევის სამზადისის შესახებ, ბელარუსის ლიდერმა კი მორიგი „ფეიკი“ უწოდა ბელარუსის ტერიტორიაზე „ფარული მობილიზაციისა“ და უკრაინის ომში „რეგიონული დაჯგუფების“ შესაძლო ჩაბმის შესახებ გავრცელებულ ცნობას.

 

„ნუ მიაქცევთ ყურადღებას ამ ყმუილს. ჩვენ დღესდღეობით არსად წასვლას არ ვაპირებთ. არავითარი ომი დღეს არ იქნება, ჩვენ ის არ გვჭირდება. უნდა დავწყნარდეთ. ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე, თუ გვინდა, რომ ომი არ იყოს“, - განაცხადა 21 ოქტომბერს ბრესტის ოლქის სამხედრო პოლიგონზე მყოფმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.

 

მაგრამ ბელარუსის მეზობელი რამდენიმე ნატოს წევრი ქვეყანა, მათ შორის ლიეტუვა, დარწმუნებულია, რომ ბელარუსი უკვე ამ მოცემულობით სრულად არის ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ომში და მინსკის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითხოვს.

 

„ჩვენ ვხედავთ ბელარუსში მოძრაობას, რომელიც ადასტურებს, რომ ბელარუსის ტერიტორიის გავლით მობილიზებული ჯარისკაცების ნაწილი იგზავნება ან აპირებენ მათ გაგზავნას უკრაინაში საბრძოლველად. ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ბელარუსი სრულად არის ჩართული ამ ომში. ანუ ის, ისევე როგორც რუსეთი, პასუხისმგებელი ხდება ამ ომის შედეგებზე“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

 

ოფიციალურად, ჯერჯერობით, ბელარუსი არ არის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის უშუალო მონაწილე, მაგრამ აქტიურად და უწყვეტად უზრუნველყოფს რუსეთის არმიის ლოგისტიკურ მხარდაჭერას. კერძოდ, რუსეთის ჯარები თავისუფლად გადაადგილდებიან ბელარუსის ტერიტორიაზე, საიდანაც ახორციელებენ საბრძოლო ფრენებს უკრაინის ქალაქების დასაბომბად, რაკეტებს უშენენ უკრაინის ტერიტორიაზე მიზანში ამოღებულ ობიექტებს.

 

ლუკაშენკამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთისადმი ასეთი მხარდაჭერა „მოკავშირისადმი ნაკისრი ვალდებულებით“ არის განპირობებული.

 

„რაც შეეხება რუსეთის მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ ვადასტურებ: ბელარუსიდან რუსეთის ჯარებს ზურგიდან, გვერდებიდან, ფლანგებიდან არავითარი დარტყმა არ უნდა მიადგეთ. და არც მიადგებათ. ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი მოკავშირეებისადმი“, - განაცხადა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.

 

გასული კვირის ბოლოს ბელარუსში "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" გამოცხადდა. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან" ინტერვიუში მიზეზად დაასახელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ცალკეული მოსაზღვრე სახელმწიფოების მხრიდან იგეგმება პროვოკაციები, დაკავშირებული ლამის ბელარუსის ტერიტორიის ცალკეული მონაკვეთების მიტაცებასთან“.

 

მაკეის განცხადებით, დღეს ბელარუსს საფრთხის უნდა ეშინოდეს ყველა მხრიდან, აღმოსავლეთის გარდა. ბელარუსს აღმოსავლეთიდან რუსეთი ესაზღვრება. ბელარუსის მოსაზღვრე ქვეყნები არიან ასევე უკრაინა, პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია.

 

უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსი რუსეთის მოკავშირეა, ნატოს და ევროკავშირის წევრი პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია კი, უკრაინის აქტიური მხარდამჭერები არიან.

წაკითხვა 197 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 22 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.