„რესპუბლიკელებმა არჩევნები წააგეს - ისევე როგორც პუტინმა, მუჰამედ ბენ სალმანმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ“

აშშ-ის გაზეთის „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) 14 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რესპუბლიკელებმა არჩევნები წააგეს - ისევე როგორც პუტინმა, მუჰამედ ბენ სალმანმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ“, რომლის ავტორია ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველი მაქს ბუტი.

ამერიკის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის წარმატება აისახება არა მხოლოდ აშშ-ის საშინაო პოლიტიკაში, არამედ საგარეოშიც. ახლა ჯო ბაიდენს უკვე შეუძლია „წელგამართულად“, ძალის პოზიციით აწარმოოს მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და ჩინეთთან. თუმცა, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ამერიკული საზოგადოება პოლიტიკურად მაინც გათიშული რჩება.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

დემოკრატებმა, როგორც საპრეზიდენტო პარტიამ, შუალედურ არჩევნებში ბოლო ასწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი შთამბეჭდავი შედეგები აჩვენეს. ბევრმა რესპუბლიკელმა კანდიდატმა, რომლებსაც მხარს დონალდ ტრამპი უჭერდა, დამარცხება განიცადა. ეს შედეგები გავლენას მოახდენს არამარტო საშინაო პოლიტიკაზე, არამედ აისახება საგარეო კურსზეც, საზღვარგარეთ, აშშ-ის ინტერესების შესაბამისად. დიქტატორები და მემარჯვენე პოპულისტები, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში დაბრუნდებოდა, ალბათ, იმედგაცრუებულნი არიან, ხოლო აშშ-ის დემოკრატ მოკავშირეებს შეუძლიათ სული მოითქვან და თავისუფლად იმოქმედონ.

 

არჩევნებს ყურადღებით აკვირდებოდნენ კიევში და მოსკოვში. უკრაინელებს ეშინოდათ, რომ თუ ხელისუფლებაში რესპუბლიკელები მოვიდოდნენ, მათთვის ამერიკული დახმარება შეწყდებოდა. ეს შიში საფუძველმოკლებული არ იყო იმის გათვალისწინებით, რომ კევინ მაკარტი - კალიფორნიელი რესპუბლიკელი, წარმომადგენლების პალატის წევრი, რომელიც შეიძლება სპიკერი გახდეს, აცხადებდა, რომ უკრაინისათვის კარტ-ბლანშის მიცემა მეტად აღარ განმეორდება.

 

რასაკვირველია, თუ ამერიკა უკრაინას დახმარებას შეუწყვეტს (ან მნიშვნელოვნად შეუმცირებს), ეს რუსეთისათვის ხელსაყრელი იქნება. ამჟამად რუსეთის არმია წარუმატებლად იბრძვის და შესაბამისად, თუ აშშ უკრაინას აღარ დაეხმარება, ამით კარგად ისარგებლებს ვლადიმერ პუტინი და ომში მან შეიძლება გაიმარჯვოს კიდეც. გასაგებია, თუ რატომ აამოქმედა კრემლმა თავისი ტროლები და ბოტები ტრამპის მოძრაობის MAGA-ს („Make America Great Again“ – „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) დასახმარებლად. რუსმა პროპაგანდისტებმა ისიც კი განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინი ხერსონის დატოვებისათვის ნებართვის მიცემას განგებ აჭიანურებდა, რომ ჯო ბაიდენისა და მისი მომხრეებისათვის მორალური უპირატესობა არ მიეცა, მაგრამ კრემლს არაფერი არ გამოვიდა, დემოკრატებმა მაინც წარმატება მოიპოვეს.

 

კიდევ ერთი ქვეყანას, რომელსაც შეიძლებოდა დემოკრატების დამარცხებით გარკვეული სარგებელი მიეღო, ჩინეთი წარმოადგენს. არა იმიტომ, რომ რესპუბლიკელები, ვთქვათ, შედარებით „ჩინოფილებად“ ითვლებიან, პროჩინურად არიან განწყობილნი. არამ დონალდ ტრამპისეულ MAGA-ს მოძრაობაში ვლადიმერ პუტინის მომხრეებს უფრო იპოვით, ვიდრე სი ძინპინისადმი სოლიდარულ ადამიანებს. „ჩინოფილები“ MAGA-ში ნამდვილად არ არიან. უბრალოდ, ჩინეთს, როგორც ამერიკის მთავარ გეოსტრატეგიულ მოწინააღმდეგეს, აწყობს, რომ შეერთებულ შტატებს სუსტი პრეზიდენტი ჰყავდეს და ქვეყანაში პოლიტიკური უთანხმოება სუფევდეს. სი ძინპინი ახლახან იქნა მესამე ვადით არჩეული ჩინეთის კომპარტიის გენერალურ მდივნად და ამით მან ხელისუფლებაში ყოფნის კიდევ ხუთწლიანი შანსი მიიღო. ცხადია, ჯო ბაიდენის დემოკრატიული პარტია რომ შუალედურ არჩევნებში დამარცხებულიყო, სი ძინპინი უფრო მოგებულ სიტუაციაში იქნებოდა „დიდი ოცეულის“ სამიტზე ინდონეზიაში (კუნძული ბალი), სადაც ორი ლიდერი ორშაბათს ერთმანეთს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ  დემოკრატების წარმატებით ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ვადა არ გაგრძელებულა, მას მაინც მიეცა შესაძლებლობა „წელგამართული“ ყოფილიყო - დარჩენილი ორი წლის განმავლობაში ჯო ბაიდენი „კოჭლი იხვი“ არ იქნება, რითან შესაძლებლობა ექნება სი ძინპინთან მოლაპარაკება ძალის პოზიციიდან აწარმოოს - მით უმეტეს, რომ აშშ-ში ოქტომბრიდან ინფლაციის დონე მცირდება და არის საფუძველი იმისა, რომ ამერიკის ეკონომიკა რეცესიას გადაურჩება.

 

არჩევნებს ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ახლო აღმოსავლეთში, სადაც აშშ-ის ბევრი არალიბერალური მოკავშირე-დიქტატორი მოწყენილები არიან - ისინი ელოდებოდნენ იმ პერიოდს, როცა რესპუბლიკელები და დონალდ ტრამპი მათ გაანებივრებდნენ, შეღავათებს მისცემდნენ და ადამიანის უფლებების მხეცურ დარღვევებზე თვალს დახუჭავდნენ... ამას წინათ ერთ-ერთი არაბული ქვეყნის რეპორტიორს ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ მისი ქვეყნის მთავრობა ჟურნალისტებს რეგულარულად აპატიმრებს და ყურადღებას არ აქცევს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილებებს. იმიტომ, რომ მთავრობს იმედი აქვს, ორი წლის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტად ისევ დონალდ ტრამპი დაბრუნდებაო. რა თქმა უნდა, დღეს ასეთ ვარაუდებს ნაკლები საფუძველი აქვთ და, აქედან გამომდინარე, არაბული ქვეყნები, ალბათ, ვაშინგტონის გაფრთხილებებს და თეთრი სახლის რეკომენდაციებს უფრო ყურადღებით მოეკიდებიან.

 

ამის შესაძლებლობა შეიძლება შემოწმდეს ეგვიპტის მაგალითზე, სადაც, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის თქმით, ადმინისტრაცია „ყველაფერს აკეთებს, რაც კი შეუძლია“ ბრიტანულ-ეგვიპტური წარმოშობის მქონე პოლიტპატიმრის ალა-აბდელ ფატაჰის გასათავისუფლებლად, რომელმაც შიმშილობა გამოაცხადა. ჯო ბაიდენი რამდენიმე დღის წინ შარმ-ეშ-შეიხში გამართული კლიმატური სამიტის დროს თავის ეგვიპტელ კოლეგას აბდელ ფათაჰ ას-სისის შეხვდა და ახლა ის, ბოლო დრომდე რომ „არასწორად იქცეოდა“, დიდი ალბათობით, „გამოსწორდება“.

 

კიდევ ერთი ახლოაღმოსავლური რეჟიმი, რომელიც ჯო ბაიდენს „შუა თითს“ (უხამს ჟესტს) აჩვენებს ხოლმე, საუდის არაბეთი წარმოადგენს. ივლისში ჯო ბაიდენი საუდელებთან ვიზიტით იმყოფებოდა და მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბენ სალმანს (MBS - Mohammed bin Salman) შეხვდა - მიუხედავად იმისა, რომ პრინცს ცნობილი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშოგის გახმაურებულ  მკვლელობაში დიდი როლი აქვს შესრულებული. ჯო ბაიდენს იმედი ჰქონდა, რომ საუდის არაბეთის მმართველთან მოლაპარაკების დროს ნავთობის მოპოვების დონეს შეინარჩუნებდა,  რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ინფლაციის დონის შემცირების მიზნით. მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის წინადადების მიღებაზე მუჰამედ ბენ სალმანმა უარი განაცხადა. ბევრმა მის მოქმედებაში ჯო ბაიდენის მიმართ ერთგვარი დამცირების მცდელობა და „კბენა“ დაინახა, დონალდ ტრამპის დაბრუნების იმედის საფუძველზე.

 

რას ვიზამთ, ხდება ხოლმე... მაგრამ ბენ სალმანს, ეტყობა, ომარ ლითლის ფილმი „მოსმენა“ არ უნახავს, რომლის გმირი ამბობს - „თუ მეფე ვინმეს თავს ესხმის, უკეთესია არ ააცდინოს“. მუჰამედ ბენ სალმანმა ააცდინა - ახლა მას მოუწევს საქმე საკუთარ თავში დარწმუნებულ ჯო ბაიდენთან ჰქონდეს და დონალდ ტრამპის პრეზიდენტობაზე ოცნებას მოეშვას.

 

არის კიდევ ერთი ახლო აღმოსავლელი ლიდერი, რომელიც დონალდ ტრამპს უფრო მეტ პატივს სცემს, ვიდრე ჯო ბაიდენს - ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ახლახან დაბრუნებული პოლიტიკოსი. ახლა მასაც მოუწევს უფრო ყურადღებით მოუსმინოს ჯო ბაიდენს, როცა ამერიკის პრეზიდენტიც ეტყვის, მდ.იორდანეს დასავლეთის ნაპირის ანექსია არ მოახდინოო (რასაც მისი კოალიციის მემარჯვენე ფრთა ითხოვს).

 

მე არ ვაფასებ გადაჭარბებულად არჩევნების მნიშვნელობას. სამწუხაროდ, ვხედავ, რომ ამერიკა პოლიტიკურად მაინც გათიშული რჩება. რესპუბლიკელებს უპირატესობა აქვთ წარმომადგენლების პალატაში. მაგრამ დემოკრატების საკმაოდ მოულოდნელი წარმატების წყალობით ჯო ბაიდენი უფრო ძლიერ პოზიციაში აღმოჩნდა არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვარგარეთაც. ამერიკული დემოკრატია დღეს უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ერთი კვირის წინათ - სხვა დემოკრატიული ქვეყნებისათვის სასიხარულოდ და დიქტატურებისთვის სამწუხაროდ.

წყარო

წაკითხვა 187 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.