May 14, 2024

"ჩინეთის ხელისუფლება რთულ მდგომარეობაშია - ამ მიტინგებს ნეგატიური შედეგის გამოწვევაც შეუძლიათ" - Financial Times

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) 30 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „ჩინეთის მძიმე მდგომარეობა კოვიდის გამო“.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

ჩინეთი ბოლო დროს უჩვეულო და წარმოუდგენელ სიტუაციაშია - ქვეყანას მიმდინარე კვირაში პეკინის ანტიკოვიდური პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მიმართული მიტინგები აზანზარებს. ბევრ ქალაქებში საზოგადოებრივი უკმაყოფილების ისეთი გამოვლენაა, რომელიც იშვიათად თუ ვინმეს უნახავს 1989 წლის ტიანანმენის მოედანზე მომხდარი დემონსტრაციის შემდეგ. 

 

ჩინეთის ხელისუფლება რთულ მდგომარეობაშია; ერთი მხრივ, ამ მიტინგებს ნეგატიური შედეგის გამოწვევაც შეუძლიათ: არ არის გამორიცხული, რომ ქუჩაში გამოსვლების ასეთი „ტალღის“ პირობებში, როცა ვაქცინაცია არ ხდება, კორონავირუსის ინფექციას ასობით ათასი და მილიონობით ჩინელი ემსხვერპლოს, უმეტესად ხანდაზმული მოქალაქეები, თანაც ზამთრის პირობებში. მეორე მხრივ კი ანტიკოვიდური პოლიტიკის სისასტიკე ხელისუფლების რეპუტაციას ზიანს აყენებს, ზიანდება თვით ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის ავტორიტეტი. 

 

ისიც რეალობაა, რომ მიუხედავად ცენზურის მცდელობისა, ფაქტები შეალამაზოს და მათი რედაქტირება მოახდინოს, პეკინის მიერ აღებული პოლიტიკური კურსი რაიმე მნიშვნელოვან შედეგს არ აჩვენებს - ბევრი ჩინელი მაინც პირბადის გარეშე დადის.

 

სი ძინპინისათვის, რომელსაც სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებები „კოვიდის წინააღმდეგ მიმდინარე სახალხო ომის მთავარსარდალს“ უწოდებენ, ბოლოდროინდელი მიტინგები პირად წარუმატებლობას ნიშნავს. ჩინეთის ავტორიტარი ლიდერი, რომელმაც ოქტომბერში კომპარტიის გენმდივნის პოსტი მესამედ (უპრეცედენტო ვადით) დაიკავა, ხშირად იკვეხნიდა, რომ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ჩინურ სისტემას, დასავლურთან შედარებით, „დიდი უპირატესობა აქვს“.

 

მაგალითად, 2020 წელს სი ძინპინმა ჩინეთი მსოფლიოში მსხვილი ეკონომიკის მქონე პირველ ქვეყნად გამოაცხადა, რომელმაც კოვიდის მიერ გამოწვეული კრიზისი დასძლია, რაც ქვეყნის ეკონომიკური სისტემის მდგრდობასა და დინამიკურობას მოწმობს. მაგრამ დღეისათვის დაავადებულთა რაოდენობა რეკორდულ რაოდენობას აღწევს, რის გამოც ეკონომიკური სისტემის „მდგრადობა და დინამიკურობა“ დარღვეულია. ეს იმიტომ ხდება, რომ გრძელდება მკაცრი კარანტინები, ფაბრიკა-ქარხნები არ მუშაობს., ხოლო მილიონობით ხანდაზმული ადამიანი ისევ რისკის ჯგუფებში იმყოფებიან.

 

ცხადია, გასულ დღეებში ჩინეთის 18 ქალაქში მომხდარი გამოსვლები საკმაოდ მოკრზალებული და მცირერიცხოვანი იყო - დაახლოებით ათასამდე ადამიანი სანთლებით, სუფთა თეთრი ფურცლებით და ტელეფონით ხელში ხშირ და განუწყვეტელ მასობრივ ტესტირებას, მკაცრ და დაუსრულებელ კარანტინებს აპროტესტებდა. ახლანდელ პროტესტებს თუ 1989 წლის გამოსვლებს შევადარებთ, იმ დროს დემონსტრაციებში დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.

 

პოლიციამ, როგორც ჩანს, მოახერხა საპროტესტო აქციების ჩახშობა. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა დაადასტურა, რომ პეკინი „ნულოვანი კოვიდის“ პოლიტიკის გატარების კურსიდან არ გადაუხვევს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ხანდაზმული მოქალაქეების ვაქცინაცია დაჩქარდება და გაფართოვდება.

 

ვაქცინაცია სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს: ჩინეთის მოსახლეობის 32%-ს, 60 წელს მიღწეულს, ვაქცინაციის მესამე დოზა ჯერ არ მიუღია, ხოლო 80 წელს მიღწეულებში ეს ციფრი 60%-ს აღწევს.

 

ფაქტია ისიც, რომ ჩინეთში ბევრი სამამულო წარმოების ვაქცინებს ეჭვის თვალით უყურებს. ამჟამად რამდენიმე ახალი ვაქცინა კლინიკურ გამოცდებს გადის, მაგრამ სანამ მათი შიდა გამოყენების დრო მოვა, საკმაო ხანი გავა. ანუ ქვეყნის ხანდაზმული მოსახლეობა საფრთხეში იმყოფება.

 

ამიტომაც გონივრული იქნებოდა - და რაც შეიძლება სწრაფად - პეკინმა მოიწონოს და ისეთი [დასავლური წარმოების] ვაქცინების გამოყენების ნებართვა გასცეს, როგორებიცაა „პფაიზერი“, „მოდერნა“ და სხვები. ცხადია, ამ დროს პეკინს „ეროვნული სიამაყის“ დაძლევა მოუწევს, მაგრამ ეს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ეკონომიკურ წინსვლაზე ზრუნვის სახელით უნდა გაკეთდეს.

 

საგანგებო სიტუაცია, რომელშიც ჩინეთი იმყოფება, განისაზღვრება არამარტო მრავალი მოქალაქის სიკვდილის რისკით: თუ კოვიდის აფეთქების ტალღა კონტროლიდან გამოვა, მაშინ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისედაც შერყეული სისტემა კიდევ უფრო დამძიმდება და საბოლოოდ დაინგრევა. და თუ ეს მოხდება, მაშინ მოსახლეობის რისხვა სი ძინპინის მიმართ კიდევ უფრო გაფართოვდება. ოფიციალურმა პეკინმა დროა გააცნობიეროს, რომ ქუჩაში საპროტესტო აქციებზე გამოსული ხალხი კანონიერ პრეტენზიებს აცხადებს. დადგა დრო, რომ კომპარტიამ თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროპაგანდისტული ლოზუნგის მიხედვით იმოქმედოს: „ხალხზე ზრუნვა - უპირველეს ყოვლისა!“.

 

წყარო

წაკითხვა 177 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.