სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ კონფლიქტის ესკალაციის მცდელობაში. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ნაღმმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან დაცხრილეს სომხეთის პოზიციები სოთქის რაიონის მიმართულებით, რასაც სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპასუხეს შესაბამისი „თავდაცვითი და პრევენციული ზომებით“. დაჭრილია 3 სამხედრო.

თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, არამ ტოროსიანის განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ავტომანქანასაც, რომელშიც დაჭრილი სომეხი სამხედრო იმყოფებოდა.

 

ამ ინფორმაციას ტყუილი უწოდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ. მისი განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა გასული ღამიდან დაიწყეს ინტენსიური სროლა ზოდის რაიონის მიმართულებით. სამინისტროს თანახმად, მძიმედ დაიჭრა აზერბაიჯანის არმიის 1 სამხედრო. ბაქომ ერევანი დაადანაშაულა მიზანმიმართულ პროვოკაციაში და პასუხისმგებლობა სომხეთის ხელისუფლებას დააკისრა.

 

14 მაისს ბრიუსელში დაგეგმილია სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. მაისის დასაწყისში, ვაშინგტონში გაიმართა აზერბაიჯანის და სომხეთის სამთავრობო დელეგაციების 4-დღიანი მოლაპარაკება.

 

დასავლეთის სამშვიდობო ძალისხმევის ფონია სიტუაციის დაძაბვა ლაჩინის დერეფანში. 23 აპრილს აზერბაიჯანმა ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნა ლაჩინის გზის დასაწყისში. ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღთან სომხეთის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა.

 

ბაქომ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სომხეთი ამ გზას იყენებს ყარაბაღში სამხედრო ტვირთების გასაგზავნად. ამას უარყოფს ერევანი, რომელმაც აზერბაიჯანი დაადანაშაულა რუსეთის შუამავლობით 2020 წელს მიღწეული შეთანხმების დარღვევაში.

 

მთიანი ყარაბაღის გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის შემოდგომაზე განახლდა.

 

2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი".

 

შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, კონფლიქტის ზონაში სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა.

წაკითხვა 139 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.