May 14, 2024

„უკრაინელთა მიდგომა F-16-ების მართვის შესწავლას ვერ დაეხმარება“ - Politico

„უკრაინელები უკმაყოფილოდ და რიგ შემთხვევებში ბრაზით რეაგირებენ უცხოური მასმედიის სტატიებზე, რომელთა თანახმად, მფრინავების მომზადება ამერიკული „ფალკონების“ (F-16-ების) პილოტირებისათვის ძალიან ხანგრძლივი იქნება და მომავალი წლის ზაფხულამდე ვერ მოესწრება“, - წერს აშშ-ის გაზეთ „პოლიტიკოში“ (Politico) სამხედრო მიმომხილველი ჯეიმი დეტმარი. გაზეთის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში) გამოქვეყნებული სტატიის სათაურია „უკრაინელთა მიდგომა - „როგორც ჩვენ გვინდა, ისე უნდა იყოს“ - F-16-ების მართვის შესწავლას ვერ დაეხმარება“.

„ფალკონი“ მრავალმიზნობრივ გამანადგურებელს წარმოადგენს, რომლის მიწოდებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყებიდან ითხოვს. ამას წინათ დანია და ნიდერლანდებია უკრაინას, აშშ-ის თანხმობით, ორ ათელზე მეტი თვითმფრინავის მიწოდებას დაჰპირდნენ, მაგრამ მათი პილოტების მომზადება საკმაო დავას იწვევს.


აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალი ჯეიმს ჰეკერი ამბობს, რომ F-16-ების ერთი ესკადრილიის მფრინავების საბრძოლო მომზადებისათვის ოთხი-ხუთი წელია საჭირო. ალბათ, გენერალმა უმაღლესი კლასის პილოტების წვრთნები იგულისხმა, მაგრამ საწყისი დონის სწავლებაც კი (აფრენა-დაფრენა, უმაღლესი პილოტაჟი), სავარაუდოდ, ექვსი თვე მაინც გაგრძელდება.

 

ინსტრუქტორების თქმით, „ფალკონების“ მართვა იმ პილოტებისთვისაც კი საკმაოდ ძნელია, რომლებსაც სხვა თვითმფრინავების მართვის გამოცდილება აქვთ. „ეს არ არის „ფორდის“ მსუბუქი მანქანიდან „ფორდის“ სატვირთო მანქანაზე გადაჯდომა“, - თქვა ერთ-ერთმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

 

„ხომ გაქვთ ნანახი კინოფილმი „საუკეთესო მსროლელი“ (Top Gun) ტომ კრუზის მონაწილეობით, რომელიც ამბობს - „თუ ფიქრს დაიწყებ, დაიღუპები“, - ამბობს პილოტი ტომ რიხტერი, რომელიც F/A-18 „ჰორნეტიდან“ F-16-ზე გადაჯდა, - მართალია, ეს ჰოლივუდის გამოგონილად ითვლება, მაგრამ ფაქტობრივად სინამდვილეს შეესაბამება“.


ამჟამად ტომ რიხტერი სამოქალაქო ავიაციაში მუშაობს. იგი ცდილობს ახსნას ერთი თვითმფრინავის მართვიდან მეორეს მართვაზე გადასვლის პროცესი.

 

„თუ შენ იმაზე იფიქრებ, რომ სადაა კაბინაში რომელიმე ტუმბლერი ან რაკეტის გასაშვები ღილაკი, ეს უკვე პრობლემაა. ყველაფერი უნდა იყოს როგორც ბუნებრივად, ინტუიციაზე დამყარებული, ასევე ავტომატიზმამდე მისული, რაც მხოლოდ გამოცდილების წყალობით ხდება. განსაკუთრებით ძნელი და უხერხულია ერთი თვითმფრინავის მართვის ჩვევის შეცვლა მეორით. შენ მიჩვეული ხარ შენს თვითმფრინავს, შენთვის კომფორტულია კაბინაში ჯდომა და ისე მართავ, არც კი ფიქრობ. ანუ შენი თვითმფრინავის მართვისათვის უკვე გამოცდილი მფრინავი ხარ. მაგრამ როგორც კი მეორე, სხვა სახის თვითმფრინავზე გადაჯდები, ხელის მოძრაობის (კუნთების) მახსოვრობა უნდა შეცვალო, ინტუიციის დონეზე უნდა მიეჩვიო ახალ სისტემას“, - ამბობს ტომ რიხტერი.

 

„დავუშვათ, იმ უკრაინელმა მფრინავმა, რომელმაც „ფალკონით“ ფრენა უნდა ისწავლოს, კარგად იცის „მიგ-29“-ის მართვა, მაგრამ ამ საბჭოთა ავიაგამანადგურებელს სულ სხვა ავიონიკა, სულ სხვა კონსტრუქცია აქვს, შეიარაღების სისტემა, საინფორმაციო სისტემა... სწავლის დროს ინსტრუქტორი ეუბნება, რომ მან ყველაფერი უნდა დაივიწყოს, რაც უსწავლია, უნდა შეცვალოს ხელების მოძრაობის ჩვევა... საჰაერო ბრძოლების მომენტში ფიქრის დრო არ უნდა გქონდეს. გარკვეული აზრით, ხშირად უფრო იოლია ქუჩიდან აყვანილი ადამიანის პილოტად გამოზრდა, ვიდრე უკვე პროფესიონალი მფრინავის ხელახლა გადამზადება“, - განმარტავს ტომ რიხტერი.

 

მისი თქმით, როგორც ახალბედას, ისე გამოცდილ მფრინავს „ფალკონის“ მართვის საბაზო მომზადებისათვის 6-7 თვე ჭირდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად მიდის, მშვენიერი საწვრთნელი ამინდია, თვითმფრინავი მშვენივრად დაფრინავს, მომზადება გრაფიკის მიხედვით ტარდება და ირგვლივ მშვიდობაა. ძირითადი საბაზო მომზადების შემდეგ იდეალური იქნება კიდევ სამი თვე, როცა პილოტი საჰაერო ბრძოლის ხერხებს დაეუფლება, შემდეგ ორი თვე, როცა მფრინავი მიწაზე მდებარე ობიექტების ზუსტ დაბომბვას ისწავლის“.

 

„შემდეგ ვალდებული ხარ იცოდე შენი ადგილი საჰაერო ავიამწყობრში, უნდა იცოდე მიმყოლის და წამყვანის მოვალეობა და პრაქტიკული შესრულება... მოკლედ, სრულფასოვან მფრინავად ჩამოყალიბება დიდ შრომას და დროს მოითხოვს“, - განმარტავს ტომ რიხტერი.

 

რა თქმა უნდა, მომზადების დროს რაღაცის შემოკლება შეიძლება... ომის დროს სარდლობას რაც შეიძლება სწრაფად სურს მფრინავების გამოყენება, ამიტომაც მათ ხშირად პირდაპირ ცეცხლში აგდებენ... დღეს უკრაინის ცაში ფრენა ძალიან რთულია: მოქმედებს თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა, რადიოელექტრონული დაცვის სისტემა... და კიევს არ უნდა დაავიწყდეს, რომ მოსკოვსაც ჰყავს გამოცდილი მფრინავები, რომლებსაც „ფალკონებთან“ ბრძოლა შეუძლიათ“.

წყარო

წაკითხვა 208 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.