ხარკოვის ალეპოიზაცია - რატომ ცდილობს რუსეთი პირისაგან მიწისა აღგავოს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი

“რუსეთი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს განსაკუთრებით უტევს - ხარკოვში მძიმე ვითარებაა და რუსებმა ქალაქის წინააღმდეგ თითქმის ყოველდღიურად დაიწყეს მართვადი საჰაერო ბომბების გამოყენება, რასაც მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ეწირება.

უკრაინის ხელისუფლება კი გზებს ეძებს ქალაქის ცის დასაფარად, თუმცა საჰაერო თავდაცვით “პეტრიოტის” ტიპის სისტემებზე აშშ-სგან ამ დრომდე საპასუხო ნაბიჯები არ ჩანს. ჯერჯერობით არც ის კონტურები იკვეთება, თ ფინანსური დახმარების კუთხით კონგრესი რას აპირებს. ბოლო მონაცემებით, 10 აპრილის ხარკოვის ოლქის სხვადასხვა დასახლებების რუსულ დაბომბვებს მცირეწლოვანი გოგონა შეეწირა, დანგრეულია კლინიკა. უკრაინული მედიის ინფორმაციით შედეგად სამი ადამიანია დაღუპული. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დრო უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ მოქმედებს, მთავარი წინგადადგმული ნაბიჯი მაინც ისაა, რომ კონგრესმა კიევის სამხედრო დახმარების პაკეტი დროულად დაამტკიცოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ხარკოვის ალეპოიზაცია - რატომ ცდილობს რუსეთი პირისაგან მიწისა აღგავოს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი / “დრო უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ მუშაობს, დღე-დღეზე ოკუპანტები შესაძლოა სტრატეგიულ შეტევებზე გადავიდნენ”.

 

“ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი დარწმუნებულია, რომ რუსი ოკუპანტები ვერ შეძლებენ ქალაქამდე მისვლას. მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები, ხელისუფლება და ხარკოვის მოსახლეობა დაიცავს ხარკოვს ბოლომდე. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი კი “პატრიოტის” ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ითხოვს და ამბობს, რომ რუსეთი ინტენსიური თავდასხმებით ცდილობს, რომ ხალხი აიძულოს ხარკოვი დატოვონ და ქალაქი დაიცალოს. “ხარკოვში ძალიან მძიმე ვითარებაა. რუსული ტერორი მუდმივია. რუსებმა თითქმის ყოველდღიურად დაიწყეს მართვადი საჰაერო ბომბების გამოყენება ქალაქის წინააღმდეგ. უკრაინას აშკარად აკლია საჰაერო თავდაცვის საკმარისი სისტემები და ეს აშკარაა ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. მთელ მსოფლიოში არსებობს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება. მათი უკრაინაში გადასაყვანად მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო... “პატრიოტები” ახლა უკრაინაში უნდა იყვნენ, შედეგად მომავალში ნატო-ს მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე მათი გამოყენება აღარ იქნება საჭირო”, - განაცხადა ზელენსკიმ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ რუსეთს ხარკოვში ჩაფიქრებული ჰქონდეთ სირიის ქალაქ ალეპოს სცენარის მსგავსი რამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“არაა გამორიცხული, რომ ხარკოვს რუსები ალეპოს სცენარისთვის ამზადებდნენ. ისინი საჰაერო თავდაცვის საშუალებების დეფიციტს იყენებენ და ცდილობენ, რომ ჯერ საჰაერო დარტყმებით გაანადგურონ მოსახლეობა, ინფრასტრუქტურა და მერე ნაკლები დანაკარგებით აიღონ ქალაქი. ხარკოვი საზღვრისპირა ტერიტორიებთან ახლოსაა და როგორც ჩანს, ბუფერული ზონის სულ მცირე, 200 კილომეტრიანი ზონის შექმნა სურთ, რადგან უკრაინელების სარაკეტო კომპლექსების წვდომის ვარიანტი 150 კმ-ის რადიუსია. ხარკოვი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქია, ორ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და ამისთვის სულ მცირე “პატრიოტის” ოთხი ბატარეა მაინც უნდა. არა მგონია აშშ-ის გარდა, რომელ ქვეყანასაც სისტემები აქვს, გაიღონ, უკრაინას გადასცენ და თავიანთი უსაფრთხოება შეამცირონ. თან ამერიკამ თავის დროზე ეს სისტემები თურქეთსაც არ მისცა. მერე უკრაინას მცირე რაოდენობით კი გადასცა, რომელიც ახლა ძირითადად კიევის ოლქისთვის გამოიყენება, მაგრამ ესეც დიდი ზარ-ზეიმით არ მიუციათ, რადგან არ გამორიცხავენ, რომ ეს კომპლექსი რუსმა დივერსანტებმა ხელში ჩაიგდონ. თავშეკავების ბევრი მიზეზია, თან ხარკოვი საზღვრისპირა ოლქია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“კონგრესი არდადეგებიდან 9 აპრილს უკვე დაბრუნდა და როგორც დასავლური მედია წერს, უკრაინის საკითხს დაუბრუნდება, საუბარია რამდენიმე ვერსიაზე, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი წარადგენს, ჯონსონის წინადადების არსი შემდეგია - უკრაინის დახმარება მაქსიმალურად უნდა გადავიდეს ბიუჯეტის გარე წყაროებზე. დახმარების ნაწილი კიევისთვის სესხის სახით უნდა გაიცეს. ასევე მიზანშეწონილი იქნება პრეზიდენტ ბაიდენის მიერ თხევადი გაზის ექსპორტის ახალ პროექტებზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმება და აქედან მიღებული შემოსავლის უკრაინისათვის გადაცემა. გარდა ამისა, ამავე წყაროს ცნობით, ასევე განიხილება გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია და მათი უკრაინისთვის გამოყენება. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ დასავლელი პარტნიორები კიევს მიატოვებენ. “შეერთებული შტატები გაცილებით ნაკლებად დაცული იქნება, თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს”, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა. ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის უმოქმედობა თავისუფალ სამყაროს საფრთხის ქვეშ დააყენებს და “წარმოუდგენელი ხარჯებისა და საფრთხის” რისკს შექმნის. ვახტანგ მაისაიას აზრით, დრო უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ მუშაობს და მთავარი წინ გადადგმული ნაბიჯი მაინც ისაა, რომ კონგრესმა კიევის სამხედრო დახმარების პაკეტი დროულად დაამტკიცოს”, - დასძენს გამოცემა.

 

“აქ მთავარი მდგენელი არა განცხადებები, არამედ ისაა თუ როდის მიიღებს 61 მილიარდიან პაკეტს კონგრესი. კონგრესი სულ ცდილობს საკითხი გადასწიოს. ნატოც შეჰპირდა უკრაინას რამდენიმე მილიარდ დოლარიანი შეიარაღების მოზიდვას, მაგრამ ესეც როდის განხორციელდება ჯერჯერობით უცნობია, დრო უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ მუშაობს. დღითიდღე ოკუპანტები უფრო მეტი აგრესიით მიდიან უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ უფრო მეტ ადამიანს წირავენ საჰაერო დარტყმებს. გარდა იმისა, რომ ხარკოვს მიწასთან ასწორებენ, საშინლად დაიბომბა ლვოვიც, ინტენსიფიკაცია ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება და შესაძლოა დღე-დღეზე ამ მიმართულებით ოკუპანტები სტრატეგიულ შეტევებზე გადავიდნენ, ასეთი დროის გაწელვა და არაფრისმთქმელი განცხადებების გაკეთება, ისევ ოკუპანტების წისქვილზე ასხამს წყალს. დასავლეთს უკრაინის დამარცხება არანაირად არ აწყობს, თუმცა დასავლეთშიც არიან პოლიტიკური ლობისტები, რომლებიც არ იზიარებენ ერთიან პოზიციებს, ტრამპის მომხრეები პირდაპირ ამბობენ, რომ ამერიკა არ უნდა ჩაერიოს ამ კონფლიქტში. ამ ეტაპზე დასავლეთში ანტიუკრაინული ძალები არანაკლებ აფერხებენ ამ პროცესებს”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

წაკითხვა 127 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 11 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.