"ნამდვილ ჯოჯოხეთში მოვხვდითო" - თურქეთის მეშვეობით, ასობით სირიელი "ბოევიკი" მთიან ყარაბაღში იბრძვის

როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური («BBC russian») აღნიშნავს, ამერიკულ გაზეთ „უოლ-სთრით ჯორნელ“-ში («The Wall Street Journal») გამოქვეყნებულია ჟურნალისტური გამოკვლევა სათაურით „თურქეთის მეშვეობით, ასობით სირიელი ბოევიკი მთიან ყარაბაღში იბრძვის“ (ავტორი - რაჯათაბდულრაჰიმი), რომელშიც საუბარია თურქეთის როლზე მებრძოლების გადაყვანაში სირიიდან კავკასიაში, მთიანი ყარაბაღის ფრონტზე, აზერბაიჯანის მხარდასაჭერად.

 პუბლიკაციის ავტორის მტკიცებით, მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარ მოქმედებებში აზერბაიჯანის მხარეზე ასობით სირიელი ბოევიკი იბრძვის და კიდევ რამდენიმე ასული მზადაა მათ შეუერთდეს. ავტორი ესაუბრება ორ დაქირავებულს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონფლიქტის რაიონში დაქირავებულების გაგზავნაში.

 

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ბევრმა გაგზავნილმა სწრაფად მოითხოვეს უკან დაბრუნება, რადგან დრონებისა და რაკეტების ცეცხლი ძალზე ინტენსიური გამოდგა და მათ ვერ გაუძლეს. იქ დარჩენილებში კი მსხვერპლის რაოდენობა ძალიან სწრაფად მატულობს. „ისინი ამბობენ, რომ ნამდვილ ჯოჯოხეთში მოვხვდითო“, - ციტირებს „უოლ-სთრითჯორნელი“ იმ სირიელის ნათქვამს, რომელიც ადგილობრივ სამხედრო დაჯგუფებებთან მუშაობდა მთიან ყარაბაღში მოხალისეთა გაგზავნის მიზნით. „ორასმა გაგზავნილმა უკან დაბრუნება მოითხოვა, მაგრამ ეს გამორიცხულია. იქ წასული, თუ მძიმედ არ დაიჭრა ან არ მოკვდა, უკან ვეღარ დაბრუნდება“, - ირწმუნება სირიელი.

 

როგორც გაზეთის ჟურნალისტს კიდევ ერთი  წყარომ აცნობა, სირიელ დაქირავებულებს თვეში 2 ათასი დოლარის ხელფასს სთავაზობენ, რაც ზღაპრული თანხაა ომით დანგრეული სირიის მცხოვრებლებისათვის: „ლიბიაში და აზერბაიჯანში წასვლა მათთვის უკვე ნორმალური მოვლენაა“, - ამბობს წყარო და აღიარებს, რომ თვითონაც აპირებს დაქირავებულის სახით აზერბაიჯანში წასვლას, რადგან ოჯახის რჩენა სულ უფრო მეტად უჭირს.

 

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი უარყოფს მის მხარეზე სირიელი დაქირავებულების ბრძოლას. ბაქოს მტკიცებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს საკმარისი პირადი შემადგენლობა ჰყავს.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყაროები:

https://www.bbc.com/russian/news-54503784

https://www.wsj.com/articles/turkish-backed-syrian-fighters-join-armenian-azeri-conflict-11602625885

წაკითხვა 670 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.