“ეკონომიკის განვითარების სტრატეგია დიდი შეცდომა იყო, რომელიც პირველივე სტრესის დროს ბუშტივით გასკდა” - პაატა ბაირახტარი

“ეს იყო ეგზოგენური და გლობალური შოკი, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ეკონომიკას, თუმცა ჩვენი ეკონომიკისთვის უფრო დიდი ტრაგედია აღმოჩნდა ხელისუფლებისა და ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულიად გაუაზრებლად მიიღეს და რომელმაც ჩვენი ეკონომიკა, ფაქტობრივად, მოკლა.

ამ სიტყვას შემთხვევით არ ვამბობ. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ეკონომიკა მეორე ლოკდაუნს ვერ გაუძლებდა და ეს მას მოკლავდა. ჰოდა, როცა 3,7-მილიონიან ქვეყანაში 400 000 სამუშაო ადგილი ერთბაშად იკარგება, დამერწმუნეთ, ეს მისი ეკონომიკური აღსასრულია”, - აცხადებს “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით 2020 წლის ეკონომიკა - XXI საუკუნის ყველაზე რთული წელიწადი ეკონომიკისთვის / “პრობლემა არის ფუნდამენტური, კერძოდ, სებ-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ფულის მასას არა აქვს კავშირი არც ინფლაციასთან და არც ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებასთან. ეს მოსაზრება გახლავთ მცდარი!”

 

“მოდი, გავაანალიზოთ, რისთვის გამოცხადდა პირველი ლოკდაუნი, რა დაპირებები იყო და რა მიიღო ქვეყანამ. როდესაც 15 ინფიცირებულის გამო სრულად გავაჩერეთ ეკონომიკა, მაშინ პრემიერი გახარია ქვეყანას არწმუნებდა, რომ ეს აუცილებელი იყო, რათა ქვეყანას ზაფხულში ტურისტული სეზონი გაეხსნა, რადგან ტურიზმი ჩვენი ეკონომიკისთვის ვალუტის შემოდინების მთავარი წყაროა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პრემიერის დაპირება დაპირებად დარჩა. თუმცა, მოდი, აქაც რიცხვები მოვიშველიოთ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ივლისში ქვეყანამ შარშანდელზე 97%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტურიზმიდან შემოსავლები განულდა. თვალსაჩინოებისთვის - ტურისტული შემოსავალი იმავე პერიოდში 54%-ით შემცირდა თურქეთში, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გაცილებით რთული იყო. ივლისში საქართველოში 24 საათში 15-20 ინფიცირებული აღირიცხებოდა, ხოლო თურქეთში ეს მაჩვენებელი ათასს აღწევდა. პირველი ლოკდაუნის გამართლებისთვის ტურიზმის გახსნა რომ აღარ გამოდგა, მიზეზად ახლა ჯანდაცვის სისტემის მომზადება დასახელდა. ვნახოთ, რეალურად რა გაკეთდა - მართალია, ჯანდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას არ აქვეყნებს, თუმცა კლინიკების შიდა ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მაგალითად, ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პანდემიის მართვისას, ფაქტობრივად, არ გაზრდილა პირველი ლოკდაუნისას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ბაირახტარი.

 

“კიდევ ერთი გარემოება ადამიანური რესურსია. სახელმწიფო კლინიკის ექიმს ჩვეულებრივ მორიგეობაში საათში 6 ლარს სთავაზობს და ზუსტად ამდენივეს სთავაზობდნენ კოვიდკლინიკებში მორიგე ექიმებსაც, ეს კი სამართლიანად იწვევდა სამედიცინო პერსონალის პროტესტს, რაც ადამიანური რესურსის დეფიციტს ქმნიდა. ამის გამოსწორება მხოლოდ პანდემიიდან რვა თვის შემდეგ მოახერხა ჯანდაცვის სამინისტრომ და “კოვიდ-19”-ით დაავადებულ პაციენტებთან მომუშავე მედპერსონალს ხელფასი 50%-ით გაუზარდა. ეს იყო იმ ცვლილებების ძირითადი ჩამონათვალი, რომლებიც პანდემიის დაწყებიდან მეორე ლოკდაუნამდე განახორციელა ჯანდაცვის სისტემამ. ალბათ, მკითხველი განსაზღვრავს, იყო თუ არა ამ ცვლილებებისთვის ეკონომიკის გაჩერება აუცილებელი. მაგრამ ესეც არაფერი - უპასუხისმგებლობისა და არაპროფესიონალიზმის მწვერვალი იყო მეორე ლოკდაუნის გამოცხადება. შევახსენოთ მკითხველს, რომ მეორე ლოკდაუნის მიზეზად ჯანდაცვის სისტემის მოუმზადებლობა და გადატვირთვა დასახელდა. მაშინ ისმის კითხვა: რისთვის გავაჩერეთ გაზაფხულზე მთელი ეკონომიკა და რისთვის დაიკარგა 100 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი?!” - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“პირველი ლოკდაუნის შემდეგ მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა პროგნოზი, სადაც საქართველოს ეკონომიკის შემცირება 6%-ის ფარგლებშია ნავარაუდევი. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ წლის დასაწყისში დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვების გამო საქართველოში 40 000 ადამიანს შეუმცირდება ან საერთოდ შეუწყდება შემოსავალი, ხოლო 16 000 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდება. ეს მონაცემები მეტყველებს, რომ ეკონომიკური შეზღუდვები, რომლებიც ვითომდა ვირუსის შესაჩერებლად აამოქმედეს, მთელ ეკონომიკაზე სერიოზულ დარტყმად იქცა. გვაქვს განსაკუთრებულად დაზარალებული დარგებიც, რომელთა უმრავლესობა მეორე ლოკდაუნის შემდეგ აღდგენას ვეღარ მოახერხებს - ეს არის ტურიზმი და მისი მომიჯნავე სფეროები. აღარაფერს ვამბობ იმ სამსახურებზე, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გაჩერებულია (გასართობი ცენტრები და სხვ.). ცხადია, ასეთი მცირე და საშუალო კომპანიები რეანიმირებას ვერ შეძლებენ”, - თვლის “ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის” პრეზიდენტი.

 

“აქ აუცილებელია ვახსენოთ შეღავათებიც, რომლებიც ბიზნესის დასახმარებლად ამოქმედდა. მოდი, გავაანალიზოთ, რეალურად რა შეღავათი მისცა ამან კერძო სექტორს. ცხადია, ერთ-ერთი პირველი, ვისი დახმარებაც გადაწყვიტა ხელისუფლებამ, ტურისტული სექტორი იყო. ამ მიმართულებით მთავრობამ პირველი ნაბიჯი გადასახადების გადავადებით გადადგა და ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნესს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები ნოემბრის ბოლომდე გადაუვადა. იმ პერიოდში ეს ნამდვილად იყო შვება ამ სექტორისთვის, რადგან გაჩერებულ ბიზნესს დამატებითი ხარჯი უმცირდებოდა, ამასობაში კი პრემიერისა და ეკონომიკური გუნდის დაპირებული საზაფხულო ტურიზმის გახსნაც წამოეწეოდათ, მით უფრო, რომ ქვეყანას მწვანე ზონის სტატუსი მეტ მიმზიდველობას შემატებდა. სწორედ ამიტომ შეღავათების პროგრამით თითქმის 5000-მა ბიზნეს-სუბიექტმა ისარგებლა, თუმცა ტურისტული სეზონი არ გახსნილა და ასეთ რეალობაში ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ამ მექანიზმის გამოყენებით ბიზნესმა სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი შეღავათი მიიღო”, - მიიჩნევს პაატა ბაირახტარი.

 

“გასული წელი ლარისთვისაც უმძიმესი იყო. ქვეყანას ორმაგი შოკი დაერთო და თუ მიწოდების შოკს გლობალური ფაქტორები განაპირობებდა, ქვეყნის შიგნით მთავრობის შეზღუდვებიდან გამომდინარე, მოთხოვნის შოკიც მივიღეთ. წარმოიდგინეთ, 97%-ზე მეტით შემცირდა უცხოური ვალუტის შემოდინება ტურიზმიდან და მხოლოდ მესამე კვარტალში 23%-ით შემცირდა ინვესტიციები. არცთუ სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს რეექსპორტის მიმართულებით. პოზიტიური მონაცემები დასტურდება მხოლოდ ფულად გზავნილებში, რაც ვალუტის შემოდინების არცთუ ჯანსაღი წყაროა და ის ქვეყნის კარგ ეკონომიკურ მდგომარეობაზე არ მეტყველებს. ასეთ ვითარებაში უცხოური ვალუტის მიწოდების ძირითად წყაროდ ეროვნული ბანკის რეზერვები იქცა. ცხადია, ჩვეულებრივ, ეს ნორმა არ არის და ეკონომიკაში უცხოური ვალუტის სიმცირეს სებ-ი ვერ და არც ავსებს. თუმცა, ასეთ არაორდინარულ ვითარებაში სებ-ის რეზერვები ძირითად წყაროდ იქცა სავალუტო ბაზრისთვის. ამას აცნობიერებდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და სწორედ ამიტომაც საგარეო დახმარების პირველი ტრანშები სწორედ ეროვნული ბანკის რეზერვში წავიდა. შეეძლო თუ არა მარეგულირებელს ლარის უკეთესი სტაბილურობის შენარჩუნება? ცხადია, ეს შეიძლებოდა სებ-ის უფრო მოქნილი საინტერვენციო პოლიტიკით, უფრო აქტიური კომუნიკაციით... მოკლედ რომ ვთქვათ, შეიძლებოდა უფრო გონივრული მონეტარული პოლიტიკის გატარება, რაც ლარის ნაკლებ გაუფასურებას გამოიწვევდა”, - დაასკვნის რესპონდენტი.

 

“მართალია, სებ-ში ლარზე პასუხისმგებლობას იხსნიან, მაგრამ ჩვენი ეკონომიკური სტრუქტურიდან გამომდინარე, ინფლაციაზე მთავარ წნეხს ხშირად გაცვლითი კურსი ახდენს. ასე მოხდა წლეულსაც. იმის მიუხედავად, რომ 2020 წლის დასაწყისიდან რეგიონში კორონაკრიზისის გამო შოკი მძაფრდებოდა, ეროვნული ვალუტა პოზიციებს ინარჩუნებდა და პირველი კვარტალის მიწურულს, 1 დოლარი 2,77 ლარის ფარგლებშიც კი იყიდებოდა. ამ მონაცემებით გულმოცემული ხელისუფალნი თავსაც იწონებდნენ, რომ გლობალურმა კრიზისმა ლარს ვერაფერი დააკლო და ეს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებდა, თუმცა ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო და თუ მარტის დასაწყისში 1 დოლარი 2,77 ლარის ფარგლებში მერყეობდა, მარტის მიწურულს ეს ფასი 3,50 ლარს გადასცდა, მაგრამ ლარის გაუფასურების მხოლოდ გლობალური კრიზისისთვის დაბრალება არ იქნება სწორი, მით უფრო, რომ, როგორც ვახსენეთ, კრიზისის საწყის ეტაპზე ლარი თავმომწონედ გამოიყურებოდა. თუმცა, მოხდა რაღაც, რამაც ლარი თავდაყირა დააყენა, ეს რაღაც კი იყო ადგილობრივ ბაზარზე დაშვებული შეცდომა. როგორც ვთქვით, ლარმა მკვეთრი გაუფასურება მარტის დასაწყისში დაიწყო. თუ გაუფასურების ტრენდს დავაკვირდებით, ის ლამის საათის სიზუსტით მიჰყვა საპენსიო სააგენტოს ტრანზაქციას, რომლის მიხედვითაც 500 მლნ ლარი კომერციული ბანკების ანგარიშებზე გადავიდა. ბანკებს გაეზარდათ ლიკვიდობა და ეს თანხა მიმოქცევაში გაუშვეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთბაშად ლარის მასა ნახევარი მილიარდით გაიზარდა, რაც ლარისთვის მნიშვნელოვანი წნეხი აღმოჩნდა. ეს გარემოება ბევრს გამორჩა და ლარის გაუფასურება პირდაპირ გლობალურ კრიზისსა და კორონავირუსს დაბრალდა", - ამბობს ასოციაციის პრეზიდენტი.

 

“გლობალური შოკის მოლოდინში, ცხადია, სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებმაც დაიწყეს ჰეჯირება და ამან კიდევ უფრო გაზარდა წნეხი ეროვნულ ვალუტაზე. ისიც ცხადია, რომ ამ პროცესების შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდა ცენტრალურ ბანკს, მაგრამ ამის მიუხედავად ის მთელი თვის განმავლობაში არ ჩარეულა სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებში. სებ-ი ლარის გაუფასურებასა და სავალუტო ბაზარზე შექმნილ პანიკას შორიდან უყურებდა. ეს ის შეცდომაა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ერთხელ უკვე დაუშვა 2019 წელს. მისი ჩაურევლობის პოლიტიკა შეიძლება იმით აიხსნას, რომ ძნელია სებ-მა აჟიოტაჟურ მოთხოვნას რეზერვები დაუპირისპიროს, თუმცა არც კომუნიკაციით უცდია პანიკის გაფანტვა. მოგვიანებით სებ-ის ქმედითმა ნაბიჯებმა ყველას დაანახა, რომ ცენტრალურ ბანკს სიტუაციის კონტროლი თავიდანვე შეეძლო, თუმცა დააგვიანა. კერძოდ, გვენეტაძის უწყებამ მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა სავალუტო ბაზარზე ჩარევა, როცა კურსი 3,60-ლარიან ნიშნულს მიუახლოვდა და ბაზარს 40 მლნ დოპლარი მიაწოდა. ამასთან, მონეტარული ხელისუფლების აღმასრულებლებმა აქტიური კომუნიკაცია დაიწყეს სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებთან და საჯაროდ განაცხადეს, რომ სებ-ი ბაზარზე უფრო აქტიურად იქნებოდა წარმოდგენილი", - იხსენებს პაატა ბაირახტარი.

 

“რაც შეეხება მთავრობის ეკონომიკური გუნდის საგაისო პროგნოზს, ან როდის დაუბრუნდება საქართველო პანდემიამდელ ეკონომიკურ ვითარებას... მინდა გითხრათ, რომ პროგნოზი არა მხოლოდ არარეალისტურია, არამედ ზოგიერთი ნაწილი ფანტასტიკის სფეროსაც განეკუთვნება. ამისთვის საკმარისია გავაანალიზოთ შემდეგი წლის ბიუჯეტის პარამეტრები, ან თუნდაც ეკონომიკური გუნდის განცხადებებს გადავავლოთ თვალი. მაგალითად, 2021 წლიდან მთავრობა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში გადასახადებიდან იმაზე მეტი შემოსავლის მიღებას ვარაუდობს, ვიდრე 2019 წელს. და ეს მაშინ, როცა ბიზნესის უმრავლესობა გაკოტრდა მთავრობის მიერვე შემოღებული შეზღუდვებით; როცა აქციზის ნაწილში პანდემიამდეც ყოველწლიურად აკლდებოდა ბიუჯეტს თანხები; როცა მომავალ წლამდე 400 000-მდე სამუშაო ადგილი დაიკარგება. დღეს რომ ქვეყანა საგარეო შოკის მიმართ ასეთი მოწყვლადი აღმოჩნდა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ ხელისუფლების სტრატეგია, რომლის მიხედვით ქვეყანა მთლიანად გადაეწყო მომსახურების სექტორზე. რამდენჯერ მოგვისმენია სხვადასხვა კაბინეტიდან, რომ ჩვენი ეკონომიკის ლოკომოტივი ტურისტული სექტორია. ტურისტული სექტორი კი არაფერია, თუ არა მომსახურების ეკონომიკა. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ განვითარებულ, მით უფრო - სწრაფად გამდიდრებულ ქვეყანას, რომელმაც ეს ყველაფერი მომსახურების სექტორის ხარჯზე მოახერხა, ინდუსტრიალიზაციის გარეშე”, - აცხადებს რესპონდენტი.

 

“თუმცა, ჩვენთან საქმე უფრო რთულადაა, ვინაიდან ადგილობრივი წარმოების უქონლობის გამო მომსახურების სექტორიც იმპორტირებულ პროდუქციას იყენებს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ქვეყანაში შემოდის 3 დოლარი, აქედან 2 დოლარი სხვადასხვა არხით კვლავ გაედინება, რადგან ქვეყანას თავისი წარმოება არ გააჩნია და ყველაფერს ყიდულობს... გლობალურმა შოკმა ყველას, მათ შორის - ეკონომიკურ გუნდსაც კარგად დაანახა, რომ მათ მიერ არჩეული ეკონომიკის განვითარების სტრატეგია დიდი შეცდომა იყო, რომელიც პირველივე სტრესის დროს ბუშტივით გასკდა. სწორედ აქედან გამომდინარე დაიწყო ეკონომიკურმა გუნდმა პანდემიის დროს ადგილობრივი წარმოებისა თუ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ლაპარაკი, თუმცა, ცხადია, ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია და მას ლაპარაკზე გაცილებით მეტი სჭირდება”, - დასძენს პაატა ბაირახტარი.

წაკითხვა 456 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.