May 15, 2024

რომელ მინისტრს ჩასვამენ სიაში და როგორი იქნება მთავრობა, თუ არჩევნები ისევ “ოცნებამ” მოიგო

“იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” არჩევნებში გაიმარჯვებს და უმრავლესობის დაკომპლექტებას დამოუკიდებლად შეძლებს, სავარაუდოდ გარკვეული საკადრო ცვლილებები მოხდება მინისტრთა კაბინეტშიც.

“რეზონანსთან” საუბრისას ექსპერტები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ცვლილებები ძირითადად ეკონომიკური მიმართულების მინისტრებს შეეხება. მათივე აზრით, საკმაოდ მაღალია შანსი, რომ რამდენიმე მოქმედი მინისტრი აღმასრულებელიდან საკანონმდებლო ორგანოში ვიხილოთ. თავად პარტიის წევრები დეტალებზე არ საუბრობენ. “ქართული ოცნების” წევრი და დეპუტატი რევაზ არველაძე არ გამორიცხავს, რომ მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები მოხდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რომელ მინისტრს ჩასვამენ სიაში და როგორი იქნება მთავრობა, თუ არჩევნები ისევ “ოცნებამ” მოიგო.

 

“მთავრობაში, როგორც წესი, მუდმივად ცვლილებები არის ხოლმე. ალბათ ეს საჭიროცაა, რომ ვინმე ზედმეტად არ შეეჩვიოს თავის თანამდებობას. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ, შესაძლოა მაშინვე არა, მაგრამ პერიოდულად რაღაც ცვლილებები შესაძლოა განხორციელდეს მთავრობის შემადგენლობაში. კონკრეტულად არ ვიცი რომელ მინისტრს რომელი ჩაანაცვლებს, მაგრამ რაღაც ცვლილებები ალბათ იქნება. უნდა დაველოდოთ “ქართული ოცნების” პროპორციულ სიას და იქ უკვე გამოიკვეთება, თუ იქნება მოქმედი მინისტრთა კაბინეტიდან ისეთი პიროვნება, რომელსაც შეეძლება საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება”, - თქვა არველაძემ. პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, შანსი იმისა, რომ “ოცნება” მომავალ პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს საკმაოდ მაღალია. მისი პროგნოზით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები ძირითადად ეკონომიკური მიმართულებით იქნება, ხოლო გახარია კვალავაც დარჩება პრემიერ-მინისტრის პოსტზე. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ მინისტრთა კაბინეტი სრულიად განახლდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ “ქართული ოცნება” გავიდეს პირველ ადგილზე. თუმცა, რამდენ პროცენტს მიიღებს, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მოქმედი კანონმდებლობით, ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს 40.54%-ს და მეტს, აყალიბებს მთავრობას. ჩვენ ვიცით, რომ “ედისონ რისერჩის” კვლევების მიხედვით, “ოცნების” რეიტინგი შეადგენს 39%-ს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მათ გადალახონ 40%-იანი ბარიერი და დააკომპლექტონ მთავრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუწევთ კოალიციაზე კონსულტაციების წარმოება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რაც იქნება ძალიან რთული პროცესი. თუმცა, როგორც „ქართულმა ოცნებამ" ასევე ოპოზიციურმა პარტიებმა კეთილი უნდა ინებონ და ჩამოაყალიბონ კოალიუციური მთავრობა. ერთმანეთთან ართანამშრომლობა იქნება ამომრჩევლის ინტერესების იგნორირება. “ქართულმა ოცნებამ” შესაძლებელია განახორციელოს გარკვეული ცვლილებები. თუმცა, მე ასე მგონია, რომ ის ჩაეჭიდება გახარიას კანდიდატურას, რადგან თვლიან, რომ ის ძლიერი ფიგურაა. აქედან გამომდინარე, საკუთრივ ივანიშვილი შეეცდება შეინარჩუნოს გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე. მაგრამ შესძლებელია ზოგიერთი მინისტრი შეეწიროს თავის თანამდებობას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

 

“საუბარია, ეკონომიკური მიმართულების მინისტრებზე. რადგან მოსალოდნელია სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების შედარებით გაუარესება. ამიტომაც, შესაძლებელია განტევების ვაცის როლი შეასრულონ, ვთქვათ, იგივე ფინანსთა მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა და ა.შ. არსებობს იმის შესაძლობლობა და ბევრსაც ექნება სურვილი, რომ გადაინაცვლოს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან საკანონმდებლო ხელისუფლებაში. თუნდაც იმიტომ, რომ მათ ექნებათ გარანტია, რომ თანამდებობაზე დარჩებიან. მინისტრთა კაბინეტის წევრი შეიძლება გადააყენო, მაგრამ პარლამენტის წევრს, თუ მან სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაიდინა, მანდატს ვერ შეუჩერებ. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი შესაძლებელია და არაა გამორიცხული მსგავსი ტიპის როტაციის ხილვა. უბრალოდ, მე ამ შემთხვევაში დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - არაა გამორიცხული მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე მოქმედი წევრი ვიხილოთ საპარლამენტო სიაში”, - დასძენს ჩიტაძე.

 

“პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განხორციელდება. არსებითი პოლიტიკური დატვირთვა აღმასრულებელ ხელისუფლებაზეა, წინაა ყოველმხრივ საკმაოდ მძიმე პერიოდი, კორონავირუსის შედეგები დიდხანს იქნება და რა თქმა უნდა, ამ სიტუაციას ახალი გუნდი დასჭირდება. აღმასრულებელი ხელისუფლებიდან საკანონმდებლო ხელისუფლებაში გადაყვანის პროცესი სულ არის ხოლმე. ახლაც მოსალოდნელია. ვერ გეტყვით ვინ შეიძლება აღმოჩნდეს აღმასრულებელისთვის საჭირო ფიგურა, გარდა იმისა, რომ გახარიამ, როგორც პრემიერმა, კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და შედეგი აჩვენა. ის ალბათ საყრდენია მოსახლეობის ნდობისა “ქართული ოცნების” მიმართ სწორედ, როგორც პრემიერ-მინისტრი. ჩემის აზრით, ის თანამდებობაზე დარჩება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

წაკითხვა 717 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 10 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.