May 1, 2024

მზადება დიდი ჩხუბისთვის - რა შეიძლება მოყვეს მელიას დაპატიმრებას

“სასამართლომ ოთხშაბათს უნდა გადაწყვიტოს, შეუცვლის თუ არა გირაოს პატიმრობით “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას.

მის დასაცავად ენმ-ის ოფისში ოპოზიციის დიდი ნაწილია მობილიზებული, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციას მელიას დაკავების უფლებას არ მისცემენ და მას ფიზიკურადაც კი დაიცავენ. პარლამენტის მიერ სამშაბათს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ნიკა მელია გახდა პირველი დეპუტატი საქართველოში, რომელსაც წელიწადნახევრის განმავლობაში 2-ჯერ შეუჩერეს სადეპუტატო იმუნიტეტი. პირველად ეს 2019 წლის ზაფხულში მოხდა. ამჯერად კი მისთვის იმუნიტეტის შეჩერებას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და 2 წინააღმდეგი იყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი" სტატიაში, სათაურით მზადება დიდი ჩხუბისთვის - რა შეიძლება მოყვეს მელიას დაპატიმრებას.

 

“პროკურატურა მისთვის იმუნიტეტის მოხსნას მელიას მიერ 40 ათასი ლარის გირაოს გადახდაზე უარის თქმის გამო ითხოვდა. ეს გირაო კი ისევ 2019 წლის ზაფხულის მოვლენებს უკავშირდება. მაშინ მელიას 20-21 ივნისის ცნობილი მოვლენების დროს პარლამენტში შეჭრის მცდელობასა და ამისკენ მოქალაქეების მოწოდებისათვის წაუყენებს ბრალი და აღკვეთის ღონისძიებად ელექტრონულ ზედამხედველობასთან ერთად 30 000 ლარიანი გირაო დააკისრეს. 2020 წლის 1 ნოემბერს, როდესაც ოპოზიცია რუსთაველზე საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა, მელიამ საჯაროდ და დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური და პარლამენტთან თავმოყრილი ხალხის მასაში გადააგდო. ამის გამო სასამართლომ მას დამატებით კიდევ 10 ათასი ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა. “ნაცმოძრაობის” ლიდერი თავიდანვე პრინციპულად აცხადებდა უარს საერთო ჯამში 40 ათასი ლარის გირაოს გადახდაზე და აცხადებდა, რომ ხელისუფლება მის დაპატიმრებას ვერ გაბედავდა. ამის გამო 16 თებერვალს პროკურატურამ პარლამენტს მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმების თხოვნით მიმართა. ოთხშაბათს სასამართლო, დიდი ალბათობით, “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის დაკავების ბრძანებას გასცემს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მზად არიან პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მელიას დაკავების საშალება არ მისცენ. ნიკა მელია პოზიცია კი კვლავ უცვლელია და ის დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს. პარლამენტის გადაწყვეტილებას კი მან “გავრილოვის ვერდიქტი” უწოდა. “გავრილოვის დავალება შესრულებულია და ამას ჩემზე კარგად ხედავს ძალიან ბევრი ადამიანი. 88 მორჩილებაში მყოფმა ადამიანმა გაასამართლა თავისუფლების და ღირსების იდეა. დიახ, არც მეტი და არც ნაკლები, 88 მონურ მორჩილებაში მყოფმა გაასამართლა თავისუფლების და ღირსების იდეა. ეს არ იყო ვერდიქტი ჩემთვის გამოტანილი. ამ ადამიანებმა, პარლამენად წოდებულმა რუსეთის მეხუთე კოლონამ განაჩენი გამოუტანა ყველას და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა და ვინც სამშობლოს გამოესარჩლა. მთელს საქართველოს მინდა ვუთხრა, მე არ და ვერ შევეგუები ჩვენი სამშობლოს დამცირებას,“ - განაცხადა ნიკა მელიამ, რომლის თქმით, “არ შეეგუება გავრილოვის განაჩენს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ახლა არ არის დრო პარტიისა და პარტიული პოლიტიკის. არის ეროვნული ქართული მოძრაობა ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის ოკუპანტი და ივანიშვილის დელეგატები. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია უკან დახევა და შეუძლებელია უსამართლობას თავი დავუხაროთ, ეს უბრალოდ არ მოხდება და ბრძოლა იქნება ბოლომდე და გამარჯვებამდე”, - თქვა მელიამ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი კი პირდაპირ აცხადებს, რომ ახლა, რადიკალური მოქმედებების დროა. “რადიკალური მოქმედებების დრო არის. აქ რომელიმე პარტიის ლიდერი, ან პარტია კი არ წყვეტს, რომ რადიკალურ მოქმედებებზე გადავიდეს. რადიკალური მოქმედებები არის ყველა ის კანონიერი საშუალება, რომლითაც სამოქალაქო პროტესტის გამოხატვა შეიძლება და ბუნებრივია, ჩვენ საზოგადოებასთან ერთად სწორედ მშვიდობიანად, კანონისმიერი საშუალებებით ვცდილობთ დაუმორჩილებლობის განხორციელებასაც, საპროტესტო აქციების წარმართვასაც, იმიტომ რომ, დღეს ხელისუფლება არ გვაძლევს სხვა საშუალებას პოლიტიკის კეთების და დღეს ჩვენ სხვა არ დაგვრჩენია”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. “ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავაც ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას ფიზიკური დაპირისპირების გარდა სხვა გზა არ დაუტოვა”, - დასძენს გამოცემა.

 

“ჩვენ ვნახეთ ერთპარტიული პარლამენტი, მანქურთებით დაკომპლექტებული, ძალიან ტყუილად ცდება იქ ბევრი, რომელიც თვლის, რომ “მე არაფერ შუაში ვარ, ხომ გესმით...” არა, მეგობრებო, არავის არ ესმის ორპირობა, ორგულობა, ეს სიბინძურე და საზიზღრობა, რასაც სჩადიხართ - ისე არ იქნება „მერე რა მოხდა”... ყველას მოგეკითხებათ! მოვლენ საჩხუბრად?! ვისაც ძალა ერჩის, უნდა იჩხუბოს, სხვა გზას არ ტოვებს, კანონიდან გავიდა ეს ხელისუფლება, ჯანსაღი აზრის ფარგლებიდან გავიდა. პარლამენტში რომ მანქურთები არიან მოსამართლეები უარესები არიან. მოვიდნენ, სახეაფარებული პოლიციელები მაინტერესებს. გაიხსენეთ “ბერკუტელების” ბედი, ტყუილად გგონიათ, რომ ხელისუფლებას კიდევ დავჭირდები და ჩვენ ყველას დავჭირდებით. ამათგან ყველანაირი სიგიჟეა მოსალოდნელი, ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად. სუსტები არიან, ყველაზე საშინელი მდგომარეობა აქვთ, ტანჯავთ კომპლექსი, ვაი და ახლა ბიძინა წავიდა და ხალხმა არ იფიქროს ჩვენ კაცს ვერ ვიჭერთო. ამ კომპლექსის გამო მოვიდა ხელისფულება ამ საგიჟეთამდე”, - ამბობს გიგი უგულავა. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ “ნაცმოძრაობა” კრიზისს ხელოვნურად ქმნის, რათა ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ნებისმიერ დაწესებულებაში შექმნი კრიზისს, თუ დაგჭირდა. ამბობ, რომ არ მომწონს არჩევნების შედეგები და გადავდივარ კონკრეტულ მოქმედებებზე, მათ შორის, თუ საჭიროა, ფიზიკურ დაპირისპირებაზე. ერთხელ არ გამოუვიდათ, თორემ განა არ იყო მაგის მცდელობა. იგივე ნიკანორ მელიას საკითხი - თქვენ რა გგონიათ, არ იციან, რომ ასეთ შედეგებს გამოიწვევს და სახელმწიფო ვერ დათანხმდება იმაზე, რომ სტრუქტურები ჩამოიშალოს და იმ ჭკუაზე დადგეს, რასაც სააკაშვილი და გუბაზ სანიკიძე კარნახობენ?! ზუსტად იციან, მაგრამ თუ ვერ შეძლეს ფიზიკური დაპირისპირების, საზოგადოების ერთმანეთთან თუ სამართალდამცავ სტრუქტურებთან დაჯახების მოწყობა და ეს არეულ-დარეულობა, ნიკანორ მელია განამწესეს მოწინავე რიგებში. თქვენ გგონიათ, არჩევნები უნდათ მაგათ, გინდა მორიგი თუ რიგგარეშე?! ეს არის სიტუაციის არევის მცდელობა”, -განაცხადა გია ვოლსკიმ. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ოპოზიციის ქცევა მის დაბალ პოლიტიიკურ კულტურაზე მიუთითებს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

 

“სიმართლე გითხრათ, ამ მოვლენას ასეთი კუთხით უფრო ვუყურებ, ვიდრე სამართლებრივ ასპექტებს, რომელიც მელიას საქმესთან არის დაკავშირებული. რეალურად, კაცმა რომ თქვას, ეს ადამიანი კანონდარღვევაზე სრულიად შეგნებულად მიდის. ამას თავადაც არ უარყოფს და იმით ამართლებს, რომ კანონი უსამართლოა და სისტემა ებრძვის. თუნდაც ეს ახსნა-განმარტება, რაც მას აქვს, მის საქციელი და ოპოზიციის ქმედებები, რასაც ახლა აკეთებენ, ევროპულ სტანდარტებში ჯდება? თუ ეს ეს პრეცედენტი შედგა, სადაა გარანტია, რომ იგივე სიტუაციაში ნებისმიერი ოპოზიციონერი იგივეს არ იზამს იმ იმედით, რომ რაც არ უნდა დააშავოს და კანონი დაარღვიოს, ეს საქციელი შერჩება?! მესმის, “ოცნებამ” აირჩია ერთის მხრივ სარისკო, მაგრამ სახელმწიფოებრივი კუთხით საჭირო და აუცილებელი გადაწყვეტილება. შეიძლება ეს რაღაც პრობლემებად დაუჯდეს, თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრებთან ურთიერთობის გარკევევის ფასად, მაგრამ თუ ცოტა საკუთარი ცხვირის იქით გავიხედავთ, სახელმწიფოებრივად მაინც სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

 

“მისივე თქმით, ნიკა მელიას მოქმედება ჩვეულებრივი პოლიტიკური ბანდიტიზმია და არაა გამორიცხული იგი უშუალოდ სააკაშვილის მითითებით მოქმედებდეს, რადგანაც ნებისმიერი სიტუაციის რადიკალიზაცია მის ინტერესებში შედის. ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ მელიას შერჩევა პარტიის თავმჯდომარედ შემთხვევითი არ არის, რადგანაც სააკაშვილს ზუსტად ასეთი ტიპის ლიდერი სჭირდებოდა. ის მელიას იყენებს და ფორმალური თავმჯდომარეობის ეგიდით უფრო კონკრეტულ საქმეს აკეთებინებს, რომელიც მხოლოდ ქვეყანას აზიანებს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ორივე მხარე, როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება თვითდაზიანების გზას დაადგა. ძაბირაძის აზრით, თუ ისევ აღმოჩნდება, რომ მხადაჭერა მელიას დაკავებას არც ქვეყნის გარეთ არ მოჰყვა მხადაჭერა და არც ქვეყნის შიგნით მასობრივი საპროტესტო აქციები, ეს ოპოზიციის განადგურებას გამოიწვევს. ძაბირაძე ამბობს, რომ ახლა დაახლოებით 2011 წლის 26 მაისის მსგავს მოვლენებს მივიღებთ, როცა მაშინდელი ოპოზიცია ერთი დაშვებული შეცდომის გამო საერთოდ გაიკრიფა და გაქრა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

 

“ამ პროცესებიდან მოვლენები როგორც არ უნდა განვითარდეს, მოგებული ვერც ერთი მხარე ვერ გამოვა. პლუსი არც ერთი მხარისთვის არ იქნება. ის, რა განცხადებებიც ოპოზიციის მხრიდან კეთდება, რომ ისინი პოლიციას მელიას არ გაატანენ, სხვა რას ნიშნავს თუ არა დაუმორჩილებლობის გამოცხადებას? გამოდის, რომ ოპოზიცია სამართლებრივი ჩარჩოებიდან გადის, ამ ხელისუფლებას საერთოდ არალეგიტიმურად და არარსებულად აცხადებენ. აბა, რას ნიშნავს - “კანონს არ დავემორჩილები და პოლიციას თუ დამარტყამს, დავარტყამო...” პრობლემა სწორედ ისაა, რომ მოსახლეობაში სხვა გასაჭირი არსებობს და არა ის, მელიას დაიჭერენ თუ არა. ამიტომაც ვერ ვიგებ ოპოზიციას ვისი იმედი აქვს. ხალხს რომ მარტო ამათი პარალმენტში შესვლა-არშესვლა ანაღვლებდეს, აქამდე ქუჩები ხალხით იქნებოდა გადავსებული. ქვეყანაში საპროტესტო მუხტი არ არსებობს. როდესაც ამ პროცესს იწყებ, მაშინ უნდა გათვალო ბოლოში სად გადიხარ. ოპოზიცია წინასწარ აცახდებს, რომ მინიმუმ ხელჩართული ბრძოლა იქნება. ასეთ ვითარებაში ოპოზიციას ასევე რატომ აქვს იმედი, რომ დასავლეთი მათ მხარს დაუჭერს, ეს გაუგებარია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

წაკითხვა 497 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.