March 28, 2024

რატომ ვერ შეძლო საქართველომ 2008 წელს ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლით სარგებლობა?

თურქულ გაზეთ „ჰაბერთურქ“-ში («Habertürk») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვთქვათ და ნატო თურქეთს უბრძანებს...“, რომელშიც გაანალიზებულია თურქეთის სავარაუდო როლი რუსეთისა და უკრაინას შორის ბოლო დროს გამწვავებული ურთიერთობების ფონზე (ავტორი - მუჰარემ სარიყაია, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

რუსეთ-უკრაინას შორის გამწვავებული დამოკიდებულება თურქეთს მნიშვნელოვანი და იმავდროულად რთული არჩევანის წინაშე აყენებს. ამის მიზეზი ნატოს ის მისიაა, რომლის ხელმძღვანელობა, პოლონეთის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვრიდან თურქეთს მოუწია. რას ნიშნავს ეს მისია? საქმე ისაა, რომ ნატოს სტრუქტურაში არსებობს „მაღალი მზადყოფნის მქონე გაერთიანებული ოპერატიული ჯგუფი“, რომელიც ალიანსის „სწრაფი რეაგირების ძალების“ ნაწილს წარმოადგენს. 2021 წლის იანვრიდან ეს ამოცანა დაეკისრა  თურქეთის 66-ე მექანიზებულ ბრიგადას, რომელიც თრაკიაშია დისლოცირებული (4,2 ათასი სამხედრო მოსამსახურით).

 

თურქულ ბრიგადასთან ერთად მისიაში მონაწილეობს ნატოს წევრი თითქმის ყველა  ქვეყნის სამხედრო მოსამსახურებიც, რომელთა ჩათვლით სამხედრო პერსონალის რაოდენობა 6,4 ათასს აღწევს. ამ გაერთიანებულ სამხედრო შენაერთს თურქეთი ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

 

მნიშვნელოვანია ამ შეანერთის შექმნის მიზანიც: პირველ რიგში - რუსეთის მადესტაბილიზებელი მოქმედების თავიდან აცილება უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებით.

 

„მაღალი მზადყოფნის მქონე გაერთიანებული ოპერატიული ჯგუფის“ შექმნა გადაწყდა ნატოს უელსის სამიტზე, 2014 წელს, რომელსაც რუსეთის მადესტაბილიზებელი მოქმედების აღკვეთა დაევალა. ასევე იმ საფრთხეების განეიტრალება, რომლებიც ნატოს, სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან ემუქრება.

 

თურქეთმა ნატოს ჩარჩოებში ამ მიზნისათვის 66-ე ბრიგადა შეარჩია და მისი გაძლიერება დაიწყო - გააუმჯობესა მისი მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობა, აღჭურვა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით და სხვა თანამედროვე შეიარაღებით.

 

ახლა გადავიდეთ მთავარ საკითხზე:

 

რუსეთმა ბოლო დროს უკრაინაზე ზეწოლა გააძლიერა, მოსკოვის განცხადებები ისეთი ტონი აქვს, რომ თუ რუსები აუცილებლად ჩათვლიან, მათ შეუძლიათ უკრაინის ზოგიერთი რეგიონი დაიკავონ. რას გააკეთებს ნატო მოსკოვის ასეთი ნაბიჯის საპასუხოდ, ყირიმის გამოცდილების შუქზე? ისევ მოლაპარაკებით, დიპლომატიური „შეშფოთება-აღშფოთებით“ შემოიფარგლება თუ სწრაფად გადაისვრის ძალებს უკრაინის დასახმარებლად, რომელიც სტატუსით „ნატოს პარტნიორია“, მაგრამ არ შედის „მოკავშირის“ კატეგორიაში?

 

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ მომენტს, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს: უკრაინა ნატოს პარტნიორია, მაგრამ არა მოკავშირე... სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინაზე არ ვრცელდება ნატოს ხელშეკრულების ცნობილი მეხუთე მუხლი, რომლის პრინციპია „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“.

 

მაგრამ ნატო ყოველ დღე აცხადებს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული დაცვის შესახებ, მკაფიოდ აფიშირებს თავის პოზიციას ამ ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერის თაობაზე.

 

მოსკოვი არად აგდებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეუთოს დოკუმენტებს, რომლის თანახმად, თუ სამხედრო მანევრებში 13 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, ამის თაობაზე ვენას უნდა აცნობოს დამკვირვებლების გამოგზავნის მიზნით.

 

ამას წინათ, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ფონზე, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ასევე საფრანგერთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა მანუელ მაკრონმა და ჯო ბაიდენმა რუსეთს იმის სიგნალი მისცეს, რომ არ იქნებიან ჩუმად, თუ მოსკოვი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობის დარღვევას შეეცდება.

 

თურქეთი სოლიდარობას ამჟღავნებს ნატოს პოზიციებისადმი შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონებში. ანკარა მუდამ აცხადებს თავის უარყოფით დამოკიდებულებას რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით.

 

და რა იქნება უკრაინასთან მიმართებით სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში? რას მოიმოქმედებს თურქეთი? სულ ახლახან შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის თვითმფრინავების გააქტიურების დროს მათ შესახვედრად ნატოს ავიაცია აფრინდა... თურქეთში მდებარე აეროდრონებიდან.

 

თუ რუსეთი კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგმას, რას იზამს ნატო?

 

და რაც მთავარია, რას იზამს ანკარა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა თურქი გენერლები ნატოს გაერთიანებულ ოპერატიულ ჯგუფს მეთაურობს?

 

სამხედრო ძალების გადასროლა თურქეთთან შეთანხმებით მოხდება თუ ბრძანება მათი გადასროლის თაობაზე პირდაპირ ბრიუსელიდან იქნება გაცემული?

 

ეს კითხვები გადამდგარ ელჩს თაჯან ილდემს დავუსვი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ნატოში თურქეთს წარმატებით წარმოადგენდა.

 

მან ხაზი გაუსვა ორ მომენტს: პირველი - უკრაინა ნატოს პარტნიორია და არა მისი მოკავშირე. მართალია, ნატო აფიქსირებს თავის მგრძნობელობას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს სამხედრო ძალებით დახმარებას. არსებობს სხვა დიპლომატიური მექანიზმები. ამის მაგალითია ყირიმის ანექსია, რისთვისაც რუსეთს სანქციები დაეკისრა.

 

თაჯან ილდემმა აღნიშნა, რომ მოსკოვი „რუსეთ-ნატოს“ ფორმატში აღარ მონაწილეობს, დიპლომატმა განაგრძო: „ნატომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოსა და უკრაინის  სამხედრო-საზღვაო ძალების განვითარებაში, ნატოს ქვეყნების გემები უკრაინისა და საქართველოს ნავსადგურებში ხშირად შედიან. ნატო მათ თავდაცვისუნარიანობის დონის ამაღლებაში ეხმარება. 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოს კონფლიქტში ჩაერია, თბილისმა ვერ შეძლო ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლით სარგებლობა, მაგრამ ალიანსის წევრ მოკავშირეთა მხრიდან საქართველოს მხარდასაჭერად ძლიერი განცხადებები გაკეთდა. ეს ყველაფერი ნატოს დეკლარაციებშიც აისახა. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინაში სამხედრო ძალების გადასროლა მოხდება...

 

12 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს უნდა ეწვიოს. ჯერ-ჯერობით იმის წინასწარმეტყველება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რთულია. მაგრამ მოდით ნუ დავივიწყებთ იმ კონფიდენციალურ შეთანხმებას, რომელიც დღემდე არსებობს რუსეთსა და თურქეთს შორის [უკრაინის შესახებ] და რომლის მთავარი დებულებაა „მოილაპარაკეს, რომ არ მოილაპარაკონ“.

 

წყარო: https://www.haberturk.com/yazarlar/muharrem-sarikaya/3027866-ya-nato-turkiyeye-o-emri-verirse

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 448 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.