12 ქვეყანა რუსეთს აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს

ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი და უკრაინა საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ და რუსეთს საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ.

განცხადების ტექსტს ეუთო-ში ნორვეგიის მუდმივი წარმომადგენლობა აქვეყნებს.

 

„ეს განცხადება გაკეთდა ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთისა და უკრაინის სახელით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტისა და მისი შედეგების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ სასამართლოს ამ განაჩენს ვაფასებთ როგორც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ფაქტების დადგენის, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და იმ ადამიანების ინტერესების დაცვის კუთხით, რომელთა უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები დაირღვა და კვლავ ირღვევა რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის აქტებით და შემდგომ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციით.

 

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას სრულად შეასრულოს გადაწყვეტილება, მათ შორის შეაჩეროს ადამიანის უფლებების დარღვევები აფხაზეთისა და ცხინვალის / სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, დევნილებს თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების საშუალება მისცეს და უზრუნველყოს სასამართლოს განჩინებაში მითითებული მოვლენების ადეკვატური და ეფექტური გამოძიება. ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის ფედერაცია ვალდებულია, ასევე გამოიძიოს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის ყველა დარღვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ეტაპზე. გავიხსენებთ ჰოლანდიური ტელევიზიის RTL-ის ოპერატორის, სტანისლაუს სტორიმანსის და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების ტრაგიკულ გარდაცვალებას, რომლებიც 2008 წლის 12 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ქართულმა სამხედრო და პოლიციურმა ნაწილებმა ქალაქი დატოვეს, კასეტურ საბრძოლო მასალას ემსხვერპლნენ, ამ ტიპის რაკეტა მხოლოდ რუსული შეიარაღებული ძალებისთვისაა ხელმისაწვდომი”, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

განცხადება ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სიტყვით გამოსვლის საპასუხოდ გავრცელდა.

წაკითხვა 386 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.