საქართველო კრემლის “შავ სიაში” - რა შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეს რუსეთში ჩვენს მოქალაქეებს

“ოფიციალური მოსკოვი რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების სიას ადგენს და მასში, სავარაუდოდ, საქართველოც მოხვდება. ამაზე მიუთითებს თუნდაც 27 აპრილს ქვეყნის მთავარ სახელისუფლებო არხზე - “რასია 1”-ზე გასული ანალიტიკური გადაცემის შინაარსი.

ამ “შავ სიაში” მოხვედრილი ქვეყნების ოფიციალურ სტრუქტურებსა და რიგით მოქალაქეებს კი გარკვეული შეზღუდვები და აკრძალვები დაუწესდებათ. ამან კი შესაძლოა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს სერიოზული პრობლემები შეუქმნას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების სიის შედგენა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 23 აპრილის განკარგულებით დაევალა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველო კრემლის “შავ სიაში” - რა შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეს რუსეთში ჩვენს მოქალაქეებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს.

 

“სამშაბათს კი რამდენიმე რუსულმა გამოცემამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ის ათი ქვეყანა დაასახელა, რომელთა შეყვანაც “შავ სიაში” უკვე გადაწყვეტილია - აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, პოლონეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და უკრაინა. ამავე წყაროების ცნობით, ეს სია საბოლოო არაა და მასზე მუშაობა გრძელდება. რა სანქციები და აკრძალვები დაუწესდებათ სიაში შესული ქვეყნების ოფიციალურ სტრუქტურებს და რიგით მოქალაქეებს, ბოლომდე გარკვეული ესეც არაა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილ ქვეყნებს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე მათ საელჩოებსა და საკონსულოებში, აეკრძალებათ შრომითი ხელშეკრულების გაფორმება რუსეთის მოქალაქეებთან. თუმცა, რუსული მედიის ცნობით, იქნება სხვა შეზღუდვებიც, რომლებზე მუშაობაც ახლა მიმდინარეობს. გარდა ამისა, “იზვესტია” ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ “თუ ქვეყნები ანტირუსულ რიტორიკას შეწყვეტენ, შესაძლოა სია გადაიხედოს და არამეგობრული ქვეყნებიდან გაიყვანონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ამის პარალელურად, სამშაბათს “რასია 1”-ზე ანალიტიკურ გადაცემაში “60 წუთი”, რუსმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა შეადგინეს სია, თუ რომელი ქვეყნები უნდა ჩაითვალოს რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილად და ამ სიაში საქართველოც მოხვდა. როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტის ცნება არ არსებობს და ამიტომაც დიდი ალბათობაა, რომ ექსპერტების მიერ ტელეგადაცემისას ჩამოთვლილი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველოც, რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების ოფიციალურ სიაში შეიყვანონ”, - დასძენს გამოცემა.

 

“რუსეთში, როგორც ავტორიტარულ ქვეყანაში, ჩვენგან განსხვავებით, დამოუკიდებელ ექსპერტის ცნება არ არსებობს. მათი მხრიდან ამ სიების შექმნა ნიშნავს იმას, რომ კრემლი ამ ქვეყნებზე ტესტირებას ახდენს. კრემლს ასეთი არასასურველი პირების შავი სიები დიდი ხანია შექმნილი აქვს და ახლა უკვე ასეთ სიებს ქვეყნებზე აკეთებს. რუსი ექსპერტების მიერ გადმოცემული სია კი ერთგვარი ტესტირებაა - ეს ამ ქვეყნებისთვის ერთგვარი სიგნალია და პარალელურად იმის შემოწმებაც, თუ შიდა საზოგადოებას რა რეაქცია ექნება. კრემლი ამას უფრო შიდა მოხმარებისთვის აკეთებს, ანუ კრემლი შიდა საზოგადოებრივ აზრს ქმნის, რომლის მეშვეობითაც შეძლებს პოლიტიკური ქმედებების განხორციელებას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“რაც შეეხება საქართველოს და რუსეთში მცხოვრებ ქართველებს, დიდი ალბათობით ამ სიაში საქართველოს შეიყვანს. ალბათ იქნება საუბარი იმაზე, რომ ადგილობრივი ქართველები გამოიყენოს იმისათვის, რომ მოახდინოს ირიბი ან პირდაპირი ზეწოლა და რუსეთში არსებულ დისპორაში შექმნას სიტუაცია, რომ, მაგალითად, ქართველი წარმოშობის რუს ბიზნესმენებს უთხრას - გადაუხადეთ თანხა საქართველოში პრორუსულ პოლიტიკურ პარტიას, რომ პოლიტიკურ ველზე იმოქმედოს. ან, მაგალითად, ქართული წარმოშობის რუსი სამხედროები გარკვეული ჯაშუშური საქმიანობისთვის გამოიყენონ, ან იქ მცხოვრებ ქართველებზე გარკვეული ზეწოლა განახორციელოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ყველა ვარიანტში ამ სიაში პირველი ამერიკა და ბრიტანეთი შევლენ. თავისთავად ცხადია, რომ საქართველოს და უკრაინასაც შეიყვანს, ალბათ ბალტიის სახელმწიფოებსაც, პოლონეთს, ჩეხეთს და ბულგარეთსაც, ანუ ისეთ ქვეყნებს, ვისთანაც ამ ეტაპზე არამეგობრული ურთიერთობა აქვს. ეს სია იმისთვისაა, რომ საზოგადოებრივი აზრი შექმნას, რომ მტრულ გარემოში არიან და ამ მტრული სახელმწიფოებისგან ჩვენი სახელმწიფო უნდა დავიცვათ და აქტიური ქმედებები უნდა გავატაროთ, რომ ამ ქვეყნების გავლენა გავანეიტრალოთო. ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური და ეკონომიკური წარმომადგენლობა არ გვყავს, ამიტომ ამ კუთხით თუ რამე შეიზღუდება, ჩვენზე მაინცდამაინც არ იმოქმდებს. არ მგონია კარასინი-აბაშიძის ფორმატს რამე საფრთხე შეექმნას, რადგან მოლაპარაკების ეს ფორმატი ეს უფრო მათ ინტერესებშია. ასევე ჟენევის ფრმატშიც არაფერი ისეთი არ იქნება. სხვა ქვეყნებს რაც შეეხება, შესაძლოა ამ კუთხით მათზე მკაცრი რეპრესიული ზომები გაატაროს”, - მიიჩნევს მაისაია.

წაკითხვა 449 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.