May 17, 2024

"ამ ნაბიჯით, ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს უკვე ღიად, რუსული პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნების სიაში გადაიყვანს"

ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში - ამის შესახებ  საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ყველანი უნდა გამოვიდეთ ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ გამარჯვება.

 

"ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ ამ არჩევნებზე და რეფერენდუმზე. ყველამ უნდა მივცეთ ხმა და დავაფიქსიროთ პოზიცია და მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება ყველანი უნდა გამოვიდეთ, ჩვენი ქალაქების სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ ჩვენს მიერ მოპოვებული გამარჯვება. ამიტომ მე ვერ ვიქნები ამ პროცესში გვერდით. საქართველოს ბედი წყდება, გადარჩენა არ გადარჩენის საკითხი წყდება და რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში. ამას არც ჩემთვის ვაკეთებ და მე არანაირი პირადი ამბიცია არ მამოძრავებს და არანაირი თანამდებობის სურვილი იმიტომ, რომ ნამდვილად არ ვაპირებ ამისთვის ბრძოლას, მაგრამ ვაპირებ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

აღნიშნულმა განცხადებამ პოლიტიკოსებსა და საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. 

 

მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, მასზეა დამოკიდებული, თუ ჩამოვა ძალიან ბედნიერები ვიქნებით, მას მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი. ცხადია, ხალხიც დახვდება, მიესალმება მის ჩამოსვლას და შესაბამისი სამსახურებიც დახვდება. საერთოდ არ არის საინტერესო მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა. თუ ეს ასე იქნება, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,"- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე  ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

 

ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ მშვიდად ჩავატარებთ არჩევნებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა და მეორედ ამის საშუალება აღარ მიეცემა.

 

ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი და რა რეაქცია ექნება მის დაკავებაზე უკრაინას? ამ  და სხვა საკითხებზე FirstNews.ge "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელს ზაზა ბიბილაშვილს ესაუბრა:

 

 

- მიხეილ სააკაშვილმა დაჯავშნილი ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა. ისიც ვიცით, რომ ძალიან ხშირად გვპირდებოდა ჩამოსვლას. რამდენად რეალურია ის ფაქტი, რომ ის 2 ოქტომბერს ჩამოვა?

 

- ძნელი სათქმელია და ამ კითხვაზე ყველა პასუხი სპეკულაციური იქნება. უამრავი ობიექტური გარე ფაქტორი ახდენს გავლენას მიმდინარე მოვლენებზე. ვარიანტი ბევრია - მაგალითად, შესაძლოა გამოფრინდეს, მაგრამ თვითმფრინავი ჰაერშივე უკან გააბრუნონ ან სხვა ქვეყანაში დასვან (სუსს ხომ ბორტის აფრენისთანავე ექნება ზუსტი ინფორმაცია, იმყოფება თუ არა ამ რეისზე სააკაშვილი). ხშირად ვამბობ და ახლაც გავიმეორებ - პრობლემა თავად საკითხის ამგვარ ფორმულირებაშია. იმაში, თუ რა არჩევანის წინაშე დააყენეს როგორც სააკაშვილი, ასევე მთელი ქვეყანა: ან ის უნდა წავიდეს ვაბანკზე, ჩამოვიდეს უკან დასახევი გზის გარეშე და მოაწყოს რევოლუცია, ან უნდა გარისკოს პუტინ-ივანიშვილის რუსულ ციხეში ჩაჯდომა. არადა, 9 წელია, რაც პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და 9 წელია თითქმის არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დამდგარიყო. სამწუხაროდ, ეს ბუნებრივიცაა, რადგან სააკაშვილის ჩამოსვლა ქოცებზე მეტად ბევრ ოპო-მუშაკს არ სურს. სააკაშვილის გარეშე ხომ ისინი მის ხმებსა და რესურსს „აზიან“. მისი ჩამოსვლის შემთხვევაში კი, ეს, ბუნებრივია, ვეღარ გაგრძელდება… მოკლედ, რაღა დარჩა 2 ოქტომბრამდე - დაველოდოთ და ვიმოქმედოთ შესაბამისად.

 

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ბილეთის გასაჯაროებით, ის საკუთარი დაპირების მძევალი გახდა და არ ჩამოსვლის შემთხვევაში დაკარგოს ამომრჩეველთა ხმები?

 

- ამ საფრთხეზე ბევრი საუბრობს, მაგრამ მისი ალბათობა დაბალი მგონია. სააკაშვილის მხარდამჭერებისთვის საკმარისია ბილეთის ჯავშანი (რომელიც უკვე ვიხილეთ) პლუს ჩამოსვლის მცდელობა, მიუხედავად იმისა, წარმატებული იქნება ის თუ ხელოვნურად აღკვეთილი ან გარე მიზეზების გამო გადადებული. დანარჩენებისთვის კი (რეჟიმის მხარდამჭერებისთვის და ოპოზიციის ანტინაცი ნაწილისთვის), საბოლოო ჯამში, ბევრი არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ მოკლევადიანი სასპეკულაციო თუ საღლიცინო თემა მიეცემათ.

 

- იმ შემთხვევაში, თუ მოხდა მიხეილ სააკაშვილის დაკავება, რა რეაქცია ექნება ამაზე უკრაინას? რას მოიმოქმედებს?

 

- ამ ნაბიჯით, ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს უკვე ღიად რუსული პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნების სიაში გადაიყვანს, რაც კარგად გააზრებული და გაცნობიერებული ქმედება იქნება. ამ შემთხვევაში, უკრაინის რეაქცია, ცხადია, არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის სახარბიელო (თან, რამდენადაც ვიცი, სააკაშვილს დიპლომატიური პასპორტი აქვს). მაგრამ უკრაინაზე უფრო მნიშვნელოვანია, რა რეაქცია ექნებათ ამაზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, აქამდე, ივანიშვილს პრაქტიკულად ყველაფერი შერჩა. ყველაზე დიდი სანქცია, რაც დასავლეთმა აქამდე გამოიყენა, 75 მილიონი ევროს დახმარების შეჩერება იყო სექტემბერში (რაზეც ოცნებამ ვითომ თავად თქვა უარი). ეს ცხადია არ იქნება საკმარისი. საჭიროა პირდაპირი, არაორაზროვანი რიტორიკა და მიზანმიმართული სანქციები კონკრეტულად ოლიგარქის, მისი ოჯახისა და ახლო წრის წინააღმდეგ. იმედია, ამაზე სააკაშვილს ვაშინგტონში ჰქონდა საუბრები მისი ბოლო ვიზიტისას, რათა მისი დაკავების სცენარი გამოირიცხოს.

 

წაკითხვა 2339 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 29 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.