May 18, 2024

"დღეს, როცა რუსის ტანკები უკრაინას თავს ესხმის, განვლილი ისტორიის ტრაგიკული მაგალითი იმედის მომცემია"

დღეს, როცა ისტორია უკრაინაში კიდევ ერთხელ თავის უსასტიკეს სახეს გვიჩვენებს, როცა რუსის ტანკები დამოუკიდებელ ქვეყანას თავს ესხმის და 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელი ბარბაროსული სცენები იხატება, ჩვენი ქვეყნის განვლილი ისტორიის ტრაგიკული მაგალითი იმედის და მხნეობის მომცემია, ამიტომ, ვიცით და გვჯერა, რომ უკრაინის მიერ გაღებული უმძიმესი მსხვერპლი, მისი გამარჯვების საწინდარი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლის ეზოში მიღება გამართა.

 

„ამ დროს და ამ დღეს არ უნდა დავივიწყოთ, ვინც ამ აქტის სათავეში იდგა – ზვიად გამსახურდია და მის მიერ მიღებული ყველაზე სწორი, ყველაზე დროული პოლიტიკური და ვიტყოდი ეროვნული გადაწყვეტილება, გამოცხადებული რედერენდუმი. მინდა, მოგმართოთ პირადად თქვენ, აქ დამსწრეებს, უზენაესი საბჭოს წევრებს, ამ აქტის ავტორებს და ხელმომწერებს – თქვენ ამით აღასრულეთ ნება ერისა, დაამკვიდრეთ სამართლებრივად ჩვენი დამოუკიდელობა და თავისუფლება, ამით თქვენ ჩვენი ისტორიაში საპატიო ადგილი დაიკავეთ. ამისთვის თქვენ ქართველი ხალხის უდიდესი პატივისცემა და მადლიერება გეკუთვნით. ამ აქტით გაიმარჯვა თავისუფლებამ და გაიმარჯვა საქართველომ. 1991 წლის 9 აპრილს ამ აქტზე ხელის მოწერით დავამარცხეთ 1989 წლის 9 აპრილის ღამის ტრაგედია. ამ აქტით აღვასრულეთ 9 აპრილს შეწირულთა ნება და ხმა ერისა. ამ აქტით ერთად დავამარცხეთ 9 აპრილის ტანკები, დავამარცხეთ ნიჩბები და დავამტკიცეთ, რომ მსხვერპლი ტყუილად არ ყოფილა. სწორედ მათი უმაღლესი მონაპოვარია, რომ სულ ცოტა ხანში, 2 წლის შემდეგ რეფერენდუმით გამყარებული დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ. სწორედ იმ დღიდან, 9 აპრილი საზეიმო დღედ გადაიქცა. სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენისა და გამარჯვების სიმბოლოდ. ასე უნდა აღვიქვამდეთ მას და ამ დღეს ზეიმით უნდა აღვნიშნავდეთ.

 

დღეს კი, როცა ისტორია უკრაინაში კიდევ ერთხელ თავის უსასტიკეს სახეს გვიჩვენებს, როცა რუსის ტანკები დამოუკიდებელ ქვეყანას თავს ესხმის და 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელი ბარბაროსული სცენები იხატება, ჩვენი ქვეყნის განვლილი ისტორიის ტრაგიკული მაგალითი იმედის და მხნეობის მომცემია. ამიტომ, ვიცით და გვჯერა, რომ უკრაინის მიერ გაღებული უმძიმესი მსხვერპლი, მისი გამარჯვების საწინდარი იქნება. ვიცით და გვჯერა, რომ ბუჩასა და კრამატორსკის ტრაგედიები, როგორც ჩვენი 9 აპრილის ტრაგიკული ღამე, გახდება სულიერი გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის განმტკიცების საწინდარი. ასეთი შავი დღეები საზრდოა ეროვნული სულის სიმტკიცისა და გამძლეობისა. დღეს ამას რომ ვამბობთ, ამ დიდი მარხვის დღეებში ვიცით და გვჯერა, როგორც ჯვარცმას მოჰყვება აღდგომა, ისე ტანჯვას მოჰყვება გამარჯვება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 232 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.