"შეიძლება, ვიღაც ომის საფრთხით ცდილობდეს მანიპულირებას, უნდა იცოდეთ, რომ საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს"
ერთი რამ უნდა გვახსოვდეს 9 აპრილის გამოცდილებიდან, ჩვენ გვასუსტებს მხოლოდ შიდა დაპირისპირება, უთანხმოება კი მტერს უხსნის გზას, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება არ მარცხდება. ეს ეხება ასევე ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომლებთანაც ბოლოს და ბოლოს საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, რომლის გარეშე საერთო მომავალი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 9 აპრილთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლიდან მოგმართოთ თქვენ, მოგმართოთ იმ დროს, როცა შეიძლება, ვიღაც ომის საფრთხით ცდილობდეს მანიპულირებას და ცრუ შიშების გაღვივებას, უნდა იცოდეთ და ამ სიტყვებზე მე ვაგებ პასუხს, როგორც ამ ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი, საქართველოს მიერ დადებულ პირობაზე, რამეთუ კავკასიამ არ იცის საკუთარი სიტყვის, თუ დადებული პირობის გატეხვა – საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში. ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა. ყველანი ხომ ვხედავთ, რომ ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრის მომტანია, არც განვითარების, არც თვითდაკვირვების და არც იდენტობის დაცვის.
დღეს საქართველოს პერსპექტივა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა – აჩქარებული ევროპული ინტეგრაციის გზა. გვინდა, ხელი გამოგიწოდოთ და ამ გზაზე დემოკრატიის, თვითდამკვიდრებისა და თავისუფლების გზაზე შემოგთავაზოთ, რომ ერთად ვიაროთ. ერთიანობა ვერც დაძალებით, ვერც სხვისი დამონებით მოიპოვება. ეს გზა განვლილი გვაქვს, მაშასადამე, მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, მრავალეთნიკურობა, ასევე მრავალპარტიულობა ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინებაც თუ არა, სულ ცოტა გაგება მაინც და ქვეყნის ინტერესების ჩვენ პირად, პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა დაყენება. ამას ვუსურვებ სრულიად საქართველოს ამ 9 აპრილს, დიდებულ დღეს. გაუმარჯოს საქართველოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- "საქართველოს მთავრობის მეთაურთან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და არ უნდა იქნას მიღებული" - ოლაფ შოლცი
- "ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას" - პრემიერი
- "სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი" - კახა კალაძე
- "დღეს, თბილისსა და სხვადასხვა კუთხეში ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა" - შალვა პაპუაშვილი
- "დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიწვევენ თუ არა ამ კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია" - პრეზიდენტი