May 18, 2024

"ზოგადი მზაობა, რომ უკრაინაში უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს ვიზიტი, არსებობს, თუმცა არის მკაფიო წინაპირობები"

გავახმოვანეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები განახორციელებენ ვიზიტს უკრაინაში, შემადგენლობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ზოგადი მზაობა, რომ უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს ვიზიტი, არსებობს, თუმცა არის მკაფიო წინაპირობები და ეს წინაპირობები ყველამ იცით, რას უკავშირდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა დღემდე რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ.

 

„გადაიდგა რამდენიმე შეურაცხმყოფელი ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, საუბარია სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელ ნაბიჯებზე და არა მმართველი გუნდის შეურაცხმყოფელ ნაბიჯებზე, ეს ამ შემთხვევაში იქნებოდა მეორეხარისხოვანი, ეს უკავშირდებოდა იგივე ელჩის გაწვევის საკითხს და შემდეგ გათავისუფლების საკითხს. დღემდე, უკრაინა რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ, ასე გამოდის. ყოველ შემთხვევაში, რაიმე განსხვავებული ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს. მეორე, ჩვენ მოვისმინეთ ბრალდება კონტრაბანდასთან დაკავშირებით, მოვისმინეთ შერბილებული განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ეს არ არის საკმარისი. როცა ასეთი ბრალდება მოდის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ამას სჭირდება სათანადოდ ან დადასტურება ან უარყოფა, არც ერთი არ მოგვისმენია. მესამე, ალბათ ყველაზე პრინციპული საკითხი, ჩვენ გვგონია, რომ ყველა ამ პრობლემის სათავე არის ის, რომ დღემდე, ადამიანები რომლებიც არიან საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, არიან უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე წარმოდგენილნი. ესენი არიან სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და არახამია, ეს არის პირი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის. თქვენ წარმოიდგინეთ, იგივე რომ გვქონდეს ჩვენ, ადამიანები, რომლებიც არიან უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კრიმინალებად აღიარებული, იკავებდნენ თანამდებობებს საქართევლოში, რა თქმა უნდა უკრაინის ინტერესებში იქნებოდა ამ ვითარების მოგვარება, რომ ორმხრივ მეგობრობას რაიმე დამატებითი პრობლემა არ შეექმნას“, – განაცხადა კობახიძემ.

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინა-საქართველოს შორის არსებული საკითხების გადაწყვეტის შემდეგ, შესაძლებელია, დაიგეგმოს უმაღლესი საპარლამენტო დონის ვიზიტიც.

 

„როგორც კი დავინახავთ პროგრესს პირველი, მეორე და მესამე მიმართულებით, ბუნებრივია ვიფიქრებთ უმაღლეს საპარლამენტო დონეზე ვიზიტის გაგრძელებაზეც. ჩვენ გვჭირდება რეაგირება, თავდასხმა იყო რეალურად ელჩის გაწვევა და თავდასხმა იყო ცრუ ბრალდება კონტარაბანდასთან დაკავშირებით. თავდასხმაა, როდესაც პატიმარი სააკაშვილი რჩება თანამდებობაზე, ამაზე ჩვენ არ ვაპირებთ რა თქმა უნდა კონტრშეტევების განხორციელებას. იმისათვის რომ საფრთხე არ შეექმნას მეგობრობას, საჭიროა პრინციპული ნაბიჯების გადადგმა. რაც შეეხებათ კრიმინალებს, მათი გათავისუფლება ხელისუფლებიდან პირველ რიგში წაადგება უკრაინის ხელისუფლებას. თუ სააკაშვილს აღარ ექნება ეს სტატუსი, თუ ადეიშვილი აღარ მისცემს მათ იმ რჩევებს, რომლითაც საქართველოშიც ხელმძღვანელობდა, თუ ლორთქიფანიძე არ იქნება კონტრდაზვერვითი საქმიანობით, დამიჯერეთ, ეს წაადგება პირველ რიგში უკრაინას და მეგობრობის გაღრმავებას“, – განაცხადა კობახიძემ.

წაკითხვა 215 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.