May 18, 2024

"რუსეთს გამარჯვების შანსი აღარ აქვს" -ზაზა ბიბილაშვილი

რუსეთ-უკრაინის ომის 52-ე დღე. რუსეთი ისევ აქტიურად აგრძელებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების დაბომბვას.


როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რუსეთის არმიის მთავარი სამიზნე კვლავ ლუგანსკის ოლქის დასახლებებია, რომელთა დაკავებასაც ის უშედეგოდ ცდილობს.


როგორც სამხედროები ამბობენ, ბოლო 24 საათში მათ შეძლეს დონბასში რუსი ოკუპანტების რვა შეტევის მოგერიება.
მათივე ცნობით, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში რუსული ძალები გამაგრებას ცდილობენ, ავსებენ საწვავის მარაგს და უპილოტო საფრენი აპარატებით დაზვერვას ატარებენ.


ამავე დროს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთი აგრძელებს სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს უკრაინის დასახლებული პუნქტების ინფრასტრუქტურაზე.


შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით უკრაინული მედია იუწყებოდა აფეთქებების შესახებ კიევის ოლქში. შედეგად, ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვსა და ხერსონშიც.


გაერო-ს ცნობით, რუსეთის აგრესიის დაწყების დღიდან უკრაინაში 1 982 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 162 არასრულწლოვანი, ხოლო დაშავდა 2 651 პირი. მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებშია.

 

რუსეთ -უკრაინის ომის შესახებ FirstNews.ge-ს „ილია ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ესაუბრა

 

- რუსეთ-უკრაინის ომის 52-ე დღე. რა გვასწავლა ამ ომმა?


- მთავარი, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა გვასწავლა, არის ის, რომ რუსეთის „უძლეველობა“ ერთი დიდი, ფუყე მითი ყოფილა. აღმოჩნდა, რომ ბოროტების იმპერიის დამარცხება შესაძლებელია, თუ გაქვს ღირსება, თავმოყვარეობა და, რაც მთავარია, ნება, ყველა მეთოდით დაიცვა საკუთარი სამშობლო და თავისუფლება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რაც არ უნდა შემართული იყოს ხალხი, გადამწყვეტი მნიშვნელობა ხელისუფლების რიტორიკას, ქმედებებსა და პირად მაგალითს ენიჭება. უკრაინის ხელისუფლებამ შეძლო ერთი მხრივ ერის კონსოლიდაცია და საბრძოლო მუხტის გაღვივება, ხოლო მეორე მხრივ საინფორმაციო ომში რუსეთის დამარცხება, რამაც შესაძლებელი გახადა დასავლეთის ტოტალური მობილიზება ომის პირველივე დღიდან. სამწუხაროდ, საქართველო ამის საპირისპირო მაგალითია. დღეს, ჩვენს ქვეყანას მართავს რეჟიმი, რომელიც ქვეყანას არ დაიცავს, სულ რომ მთელი მსოფლიოს საუკეთესო შეიარაღება მოგვცეს ნატომ, რეჟიმი, რომელიც ასხივებს მონობას, უთავმოყვარეობას, მტერთან სოლიდარობას და საკუთარი პარტიულ-კლანური ინტერესების პრიმატს სახელმწიფოს ინტერესებზე.


- უკვე გამოკვეთილად ვხედავთ, რომ უკრაინა ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულებრივ ცხოვრებას. მაგალითად, კიევის მეტრო მუშაობას იწყებს. როგორ ფიქრობთ ამისთვის ჯერ ადრე ხომ არ არის, იმ ფონზე რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა.

 

- ჩვეულებრივ ცხოვრებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია. ომი აქტიურ ფაზაშია. რუსეთი აგრძელებს უკრაინის ქალაქების აქტიურ დაბომბვას. უკრაინა აგრძელებს მტრის ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მეთოდურ განადგურებას, რაშიც მას მთელი ცივილიზებული სამყარო ეხმარება. ამ დღეებში მოკლული რუსი სამხედროების რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა, ხოლო შავ ზღვაზე უკრაინელებმა რუსული ფლოტის ფლაგმანი, „მოსკოვი“ ჩაძირეს, რაც უმძიმესი დარტყმაა აგრესორის მორალზე. მიუხედავად ამისა, რუსეთი ცდილობს გადაჯგუფებას და ახალი, შედარებით მცირე, ამოცანების დასახვას, რათა აქამდე განცდილი ტოტალური მარცხი გადაფაროს. ზოგიერთი პატივსაცემი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ომი შესაძლოა რამდენიმე თვე, ან წელიც კი გაგრძელდეს. თუმცა, ამ ომის საბოლოო შედეგი პრაქტიკულად განსაზღვრულია. რუსეთის საბრძოლო შემართება და მორალი ყოველდღიურად ეცემა, მისი რესურსები ყოველდღიურად იწურება, მას მეთოდურად ახრჩობს დასავლური სანქციები. ამ ფონზე, უკრაინისადმი სოლიდარობა, ეკონომიკური და სამხედრო დახმარება უფრო და უფრო იზრდება. არ ვიცი, როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ ის აუცილებლად დასრულდება მშვიდობით. მაგრამ არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტით, არამედ მშვიდობით, რომელიც დამყარდება უკრაინის გამარჯვებისა და რუსეთის დამარცხების შედეგად, რაც უნდა სამწუხარო იყოს ივანიშვილის რეჟიმისთვის.

 

- არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შესაძლოა რუსეთმა მარიუპოლიც მიითვისოს, რამდენადაა შესაძლებელი ეს?

 

- ის, რაც მარიუპოლმა უკვე შეძლო, ისტორიის წიგნებში შევა. მარიუპოლის ალყაზე შექმნიან ლეგენდებს, ეპოსებს, მოუყვებიან შვილებს, ეს ლეგენდები იქცევა ფოლკლორად, გადაიღებენ ფილმებს... ის, რაც მარიუპოლის მოსახლეობამ და მისმა დამცველებმა შეძლეს, ისტორიული მასშტაბის გმირობაა. ალბათობა იმისა, რომ რუსეთმა მაინც დაიკავოს მარიუპოლი, სამწუხაროდ, არსებობს. თუმცა ასეც რომ მოხდეს, ეს დროებითი იქნება, რადგან დიდ სურათში რუსეთს გამარჯვების შანსი აღარ აქვს. რაც მთავარია, ამ ომში რუსეთი სრულიად გასულია ლეგიტიმაციის სივრციდან. მსოფლიოს თავმოყვარე ლიდერები პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებენ, რუსეთს კი გენოციდსა და სამხედრო დანაშაულებში სდებენ ბრალს. ასეთი ომის მოგება, რომელიც მთელი ცივილიზებული მსოფლიოს, თანამედროვე მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ აკვიატებულ გალაშქრებად იქცა - შეუძლებელია. მეტიც, ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათი მიზანი არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტა, არამედ რუსეთის დამარცხებაა. დარწმუნებული ვარ, ისინი ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ.

 

- როგორ ფიქრობთ მსოფლიომ უკრაინის დასახმარებლად მაქსიმუმი გააკეთა?

 

- მოდით ასე ვთქვათ - დახმარება დინამიკური პროცესია. რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ეტაპობრივად უფრო და უფრო მძიმდება. უკრაინას მეტი და მეტი იარაღი მიეწოდება. არის თუ არა ეს „მაქსიმუმი“? ცხადია, არა. თუმცა, ალბათ იმაზე მეტი გააკეთა მსოფლიომ, ვიდრე ამას ბევრი ჩვენგანი ელოდა - და იმაზე შეუდარებლად მეტი, ვიდრე თავად პუტინი ელოდა (სხვანაირად ის ამ ბოროტ ავანტიურას არ დაიწყებდა). რაც მთავარია, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს დახმარება მხოლოდ და მხოლოდ მატულობს. მჯერა, ის მოიმატებს, სანამ არ დადგება მსოფლიოსთვის სასურველი შედეგი, ანუ ბოროტების იმპერიის დამარცხება და საბოლოო დაშლა. ამის შემდეგ, უკრაინისთვის შეიქმნება ერთგვარი მარშალის გეგმა და უკრაინა იქცევა ერთ-ერთ მეწინავე ეკონომიკად. სამწუხაროდ, უაღრესად მაღალია იმის შანსი, რომ საქართველო ამ პროცესის მიღმა დარჩეს (თუ, მანამდე, რაღაც მანქანებით, ივანიშვილის რეჟიმი არ მოვიშორეთ).

წაკითხვა 783 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 16 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.