May 18, 2024

"ოფიციალურად გადმოგვეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი, ქართველები 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე"

დღეს ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. ეს არის ყველა ქართველისთვის ალბათ საოცნებო დღე, ვინაიდან ქართველები 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანესთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრინც ღაზისთან ერთად მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

 

პრემიერმა საზეიმო ვითარებაში გახსნა მემორიალური ქვა, რომელზეც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერებია.

 

პრემიერ-მინისტრმა პრინც ღაზის საქართველოსთვის მიწის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პრინც ღაზის პირადი წვლილი გადამწყვეტი იყო საბოლოო შეთანხმების მიღწევაში და საქართველო ამას ძალიან აფასებს.

 

„დღეს ისტორიული დღეა. დღეს ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. ეს არის ყველა ქართველისთვის ალბათ საოცნებო დღე, ვინაიდან ქართველები, 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ამ საქმეში ფასდაუდებელი წვლილი აქვს მეფე აბდალა II-ს, პრინც ღაზის, ასევე იერუსალიმის პატრიარქს, ჩვენს პატრიარქს, ჩვენს მთავრობას. ჩვენ ყველამ ერთად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს ისტორიული ფაქტი დამდგარიყო დღეს და ჩვენ ყველანი ვართ ამის მომსწრენი. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ამ მნიშვნელოვან მოვლენას და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო იორდანიის მეფეს და ყველას, ვინც იყო ჩართული ამ საქმეში. რაც შეეხება კონცეფციას, ჩვენ დავიწყებთ მუშაობას აქტიურად, ამ საქმეში ჩაერთვება საპატრიარქო, ეროვნული მუზეუმი. კულტურის სამინისტროს დავავალებ, რომ დავიწყოთ ერთობლივი მუშაობა და კონცეფცია ძალიან მალე იქნება მზად. ჩემი სურვილია, რომ ძალიან მალე დავიწყოთ მშენებლობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დროულად მოხდეს კონცეფციაზე შეჯერება. ამ პროექტს, რა თქმა უნდა, გავაცნობთ საზოგადოებას და ამის შემდეგ დაიწყება მშენებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საკუთრებაში არსებული 4 000 კვადრატული მეტრი მიწა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან 15-20 მეტრის მანძილზეა.

 

„პრემიერ-მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად მდინარე იორდანეს სანაპიროზეც იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა პრინც ღაზისთან ერთად მოინახულა ადგილები, სადაც იოანე ნათლისმცემელი ცხოვრობდა და სადაც მაცხოვარი მოინათლა“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

წაკითხვა 282 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 30 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.