May 15, 2024

"მე არ ვუძლებ, ვიხდი სასჯელს და მაძლიერებს იმის გაცნობიერება, რომ ეს სასჯელი არ მეკუთვნის"- ნიკა გვარამია

მთავარი ჩემთვის ისაა, რატომ ვარ აქ და არის თუ არა ეს ჩემი შეგნებული არჩევანი - ცხადია, რომ არის - ვიხდი სასჯელს, რომელიც არ მეკუთვნის და ამის გაცნობიერება მაძლიერებს,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პროცესი მიმდინარეობს.

გვარამიას თქმით, თავად თავისუფალია და ბრძოლას აგრძელებს სხვისი და ქვეყნის თავისუფლებისთვის. მან საკუთარ გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილიც ახსენა და თქვა, რომ „სააკაშვილი გაძლებაზეა“.

 

„ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე, რომ ჩემს სანახავად მოდიან როგორც ზოოპარკში ეგზოტიკური ჟირაფის. ვისმენ ხოლმე ტელევიზიითაც, ჩემთან შემოსული ადამიანების საუბრებიდანაც - როგორ კარგად უძლებ და როგორ ზიხარ. არ მეგონა თუ ცხოვრებაში ამას მოვისმენდი. მიკვირს, რომ ასე ფიქრობენ, რადგან ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იყოს სხვანაირად. მე არ ვუძლებ, ვიხდი სასჯელს. სასჯელს, რომელიც არ მეკუთვნის და მაძლიერებს იმის გაცნობიერება, რომ მე ეს სასჯელი არ მეკუთვნის. ის, რომ ამას ვუძლებ, როგორც მეუბნებიან, ეს ჩემი არჩევანია. მე თავისუფლება მოსაპოვებელი არ მაქვს. თავისუფალი ადამიანი ვარ, მე ვიბრძვი სხვისი და ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ის, რომ მე ასე ვუძლებ, ჩემი ბრძოლის ფორმაა. ამ თვეებში ბრძოლის სხვა შესაძლებლობები ნაკლებად მაქვს, ამიტომ ვიბრძვი ისე, როგორც შემიძლია, როგორც ადამიანი შეიძლება იბრძოდეს ოთხ კედელს შორის უსამართლოდ დატყვევებული. ჩემი ბრძოლა გრძელდება. ვაკეთებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი, უბრალოდ სხვანაირად. ამიტომ მგონია, რომ ადამიანების გაძლებაზე უნდა ვისაუბროთ მაშინ, როდესაც ისინი სიკვდილს ებრძვიან, როგორც, მაგალითად მიშა. ის მიიყვანეს იქამდე, რომ გაძლებაზეა, რადგან ადამიანი უმძიმესად ავადაა. მოვიკითხავ მას და ვთხოვ, რომ გამაგრდეს და პირველ რიგში, ჯანმრთელობას მიხედოს. ის ცოცხალი არა მხოლოდ მის ოჯახს სჭირდება.

 

სიკვდილის გარდა ყველა გამოცდილება ფასეულია, საინტერესოა ისიც, რაც ჩემს თავს ხდება. არავინ იფიქროს, რომ მე იქ ყოფნა მომწონს ან მარტივია შვილების, ცოლის, მეგობრების გარეშე იზოლაციაში ყოფნა. ყველაზე მეტად შვილების გამო მიჭირს და ყველაზე მეტად მაღელვებს, რომ ისინი ღელავენ ამაზე და ეს რთული გადასატანია“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომის შემდეგ, მოსამართლეთა კოლეგია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს ითხოვენ, პროკურატურა კი, ყველა ეპიზოდში როგორც ნიკა გვარამიას, ასევე, ზურაბ იაშვილის დამნაშავედ ცნობას ითხოვს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია და კახაბერ დამენია დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა.

 

ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც "პორშესა" და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

წაკითხვა 313 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.