May 15, 2024

"ხალხთან კავშირი გაწყვეტილია" - ზაზა ბიბილაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის ლევან ხაბეიშვილიც იბრძოლებს.

ერთი კვირის წინ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვადამდელ შიდა პარტიულ არჩევნებში მონაწილეობას უარყოფდა, თუმცა, 16 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ სურს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს საკუთარი კანდიდატურა, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე შესთავაზოს.

 

"ჩემი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ დავუბრუნო იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის – ამომრჩეველს, მხარდამჭერებს და ყველას, ვისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

ამასთან, ლევან ხაბეიშვილი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას შტაბი, რომელშიც გაერთიანდება ყველა ის ადამიანი, ვისაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს და შესთავაზა გიორგი ჩალაძეს, შტაბს უხელმძღვანელოს.

 

მთავარ ოპოზიციურ ძალაში მიმდინარე პროცესებზე FirstNews.ge-თან  "ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა ისაუბრა:

 

- როგორ ფიქრობთ, რატომ დადგა დღის წესრიგში "ნაციონალურ მოძრაობაში" ნიკა მელიას ჩამოშორება?



- ალბათ, ის უფრო საინტერესოა, აქამდე რატომ არ დადგა. თუმცა, ალბათ, ეს ფორმულირებაც არასწორია, რადგან პარტიის შიგნით ეს საკითხი არაერთხელ მომწიფებულა: მაგალითად, ჯერ კიდევ 2019 წლის ზუგდიდის შუალედური არჩევნების შემდეგ, როცა მელიამ ლამის ცესკოს დაასწრო „არჩევნების“ შედეგების გამოცხადება და იმავე საღამოს „წაგება“ სანდრა რულოვსს დააბრალა (რითაც ბევრს 2016 წლის ზუგდიდის მაჟორიტარული არჩევნები გაახსენა, რომელიც ივანიშვილმა პარტიის მაშინდელი ხელმძღვანელობის ჩუმი თანხმობით მოიპარა). იყო სხვა შემთხვევებიც. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მელიას პასუხისმგებლობის საკითხი დგებოდა, მას უხილავი (ან, ეგებ, არც თუ ისე უხილავი) მხსნელი ევლინებოდა, 24-საათიანი ეთერით „რეცხავდა“ და მკვდრეთით აღადგენდა ხოლმე გასაშვებად გამზადებულ პოლიტმუშაკს. ისიც ფაქტია, რომ ფეისბუქით ჩატარებული თავმჯდომარის არჩევნების მიმართ იმთავითვე უამრავი კითხვა იყო (ტროლ-ბოტებისა და სხვა პარტიების მხარდამჭერთა მონაწილეობა, ენმ-ს ძირძველი წევრების ბულინგი და სხვა).



მაგრამ მთავარი მაინც ისაა, თუ რა შედეგი აქვს პარტიას მელიას 6-წლიანი მმართველობის თავზე (2017 წლის იანვრიდან მოყოლებული, დროის მცირე მონაკვეთის გამოკლებით, ის ხომ პარტიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ერთადერთი პირია). ჩამოვთვალოთ:



ხალხთან კავშირი გაწყვეტილია. საკუთარ ამომრჩეველსაც კი არავინ უსმენს. ქუჩაში აქტივობა მკვდარია. უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობები ჩამოშლილია. შიდა მმართველობა არადემოკრატიული და გაუმჭვირვალეა. არანაირი სამომავლო ხედვა ან გეგმა არ არსებობს - არც სტრატეგიული, არც ტაქტიკური. სრული უმწეობაა იდეოლოგიურ და საინფორმაციო ფრონტზე. არ არსებობს ერთიანი მესიჯბოქსი, რომელიც ოცნების თანმიმდევრულ და, ჩვენდა სამწუხაროდ, ეფექტიან რუსულ პროპაგანდას დაუპირისპირდებოდა. ყოველი არჩევნების შემდეგ იქმნება ბრძოლის ილუზია - ჯერ „თავს შევაკლავთ“ და „არ შევეგუებით“. მერე - „ვიკრიბებით 2 კვირის თავზე“. და ბოლოს ყველაფერი ისევ მუხტის ჩაქრობისკენ მიდის: ხან პარლამენტიდან ცესკოსკენ 14-კილომეტრიან მარშზე უშვებენ ხალხს (2008 წლის გრეჩიხას სტილში), ხანაც - „ახლა დაიშალეთ და 2 თვეში შევიკრიბოთ“ რუტინას ათამაშებენ მეცხრედ... ისედაც გაჭირვებულ და ოლიგარქის მიერ დევნილ პარტიაში, სადაც ხშირად კოორდინატორებისთვის გადასახდელი კაპიკებიც კი არ არის, პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პირად ფეისბუქ-პიარში ერთ წელიწადში ნახევარ მილიონ(!) ლარს ხარჯავს. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია.



ამ ფონზე, ყველა წარუმატებლობა ხალხს და კრიტიკოსებს ბრალდება. ლიდერშიფი კი, რომელიც უზარმაზარ რესურსებსა და სტრუქტურებს განკარგავს და რომელიც ხალხთან უნდა იყოს ანგარიშვალდებული, არასდროს არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას და არც რაიმე განსხვავებულს გვპირდება: ვერც წარსული მიღწევებით იწონებს თავს, არც ამჟამად მიმდინარე სამუშაო პროცესებით გვაიმედებს და არც რაიმე სამომავლო ხედვას ამხელს... ჰოდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენი კითხვა, თუ რატომ დადგა თავმჯდომარის შეცვლა დღის წესრიგში, ალბათ, რიტორიკულია.


- რა შეიცვლება "ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის შეცვლით?



- ყველაზე მტკივნეულ თემას შეეხეთ. ხაბეიშვილთან მუშაობის გამოცდილება არ მაქვს. სამაგიეროდ, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ის ორი პოლიტმუშაკი, რომელიც ბრიფინგზე აქეთ-იქიდან უმშვენებდა მას მხარს, მელიასთან ერთად სრულად არის პასუხისმგებელი იმ კატასტროფულ ვითარებაზე, რომელიც ზემოთ აღვწერე. ამიტომ, მართალი გითხრათ, თვისებრივ ცვლილებებს ახალი თავმჯდომარის შემთხვევაში არ ველი. სხვა კანდიდატებზე კი შეგნებულად არ ვსაუბრობ, თუმცა გიორგი მუმლაძეს პატივს ვცემ, როგორც უაღრესად წესიერ, მებრძოლ, პატრიოტ ადამიანს.



- ვის რა შანსი აქვს - მელიას თუ ხაბეიშვილს? კეზერაშვილის ფაქტორზეც რომ ვისაუბროთ...

 

- ზემოთ ფაქტებზე ვსაუბრობდით. ეს ფაქტები საჯარო სივრცეშია - გადამოწმებადი და ხელმისაწვდომია ყველასთვის. აი, გამარჯვების შანსებს რაც შეეხება, ეს უფრო სპეკულაციაა, რასაც ყოველთვის ვერიდები. იგივე შეეხება კეზერაშვილის ფაქტორსაც.

 

წაკითხვა 3025 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 18 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.