May 15, 2024

“ურთულესი ზამთარი გველის ჩვენც და ჩვენს პარტნიორებსაც...” - ვახტანგ ძაბირაძე

“სამწუხაროდ, უკვე კარგა ხანია, რაც “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო შეტევა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებზე. შეიძლება ითქვას, სპეციალური უჯრედიც კი შეიქმნა.

ჯერ სამეული იყო, ახლა ცხრანი არიან, “ხალხის ძალა” დაირქვეს და ყოველდღიურად ცილს სწამებენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და ჩვენს პარტნიორ ქვეყანას. არ ვიცი, რომელი ხალხის ძალად მიაჩნიათ თავი, მაგრამ მათი მიზანი აშკარად დასავლეთის დისკრედიტაციაა ქართველ საზოგადოებაში. ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობა გამწვავდეს. ვერავის დააჯერებ, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” გარეშე მოქმედებენ. გასულ კვირას პარლამენტში მიბრძანებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა არათუ დაგმო მათი განცხადებები, არამედ წარმატებაც უსურვა. ისინი კვლავ უმრავლესობის შემადგენლობაში არიან, მხოლოდ დროდადრო აცხადებენ "ქართული ოცნების" ლიდერები, რომ ამ გაუგებარი წარმონაქმნის განცხადებებს ემიჯნებიან, მაგრამ რომ დავაკვირდეთ, მათგან დიდად არ განსხვავდება ირაკლი კობახიძის თუ დანარჩენების რიტორიკა”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ურთულესი ზამთარი გველის ჩვენც და ჩვენს პარტნიორებსაც...”

 

“ამ ჯგუფმა, როგორც ჩანს, მიზანს მიაღწია - საქართველოს დამოუკიდებლობის განმავლობაში არ მახსენდება ასეთი მწვავე შეფასებები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ისეთი განცდა მაქვს, რომ დავუბრუნდით ძველ, საბჭოთა იდეოლოგიურ გარემოს, როდესაც ე.წ. დიდი, რუსი პოლიტოლოგები ზორინი და სხვები ყოველ საღამოს, “ვრემიაში” აკრიტიკებდნენ ამერიკას და ცილს სწამებდნენ... ვერ წარმოვიდგენდი, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ხელისუფლება, რომელსაც, წესით, უნდა ესმოდეს, თუ რაზე დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა, გაბედავდა ამგვარ განცხადებებს. ჩვენ რომ დღეს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ვარსებობთ, რომ არ გადავიქეცით თუნდაც ბელორუსად, რომ გვაქვს ეკონომიკა და მოვახერხეთ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, ეს დასავლეთის, განსაკუთრებით კი ამერიკის მხარდაჭერის შედეგია. ამდენი თავდასხმის მიუხედავად, ამერიკის ოფიციალური პირები თავს იკავებდნენ პასუხისგან, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. არ ვიცი, რა შეიძლება გააკეთოს ამ განცხადებების შემდეგ ამერიკამ. იმედია, სწორად შეაფასებენ ჩვენს საზოგადოებაში და არა ხელისუფლებაში არსებულ განწყობას და ისეთ ნაბიჯებს არ გადადგამენ, რაც მომავალში საქართველოს დააზარალებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ჩვენ ამერიკასთან პარტნიორობის შენარჩუნება ჰაერივით გვჭირდება, მით უფრო რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, აქ უამრავი ქვეყნის ინტერესი იკვეთება. ჩვენი ფუნქცია და მნიშვნელობა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ წარმოვადგენთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კვანძს. დღეს მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი ტერიტორიული თუ კულტურული დამოუკიდებლობა გრძელვადიანად შევინარჩუნოთ. ამიტომაც გვჭირდება ძლიერი პარტნიორი, რომელთანაც ერთად შევძლებთ სუვერენიტეტის შენარჩუნებას და გაძლიერებას. სულ იდილიური ურთიერთობა შეიძლება არ გვქონდეს, შეიძლება გავაკრიტიკოთ კიდეც ბევრი რამ, მაგრამ არა ისე, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლება აკეთებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ის არის, თუ რატომ დაიწყეს ასეთი მძაფრი ცილისწამების კამპანია ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ. მეეჭვება, ამის გამომწვევი მხოლოდ ერთი ფაქტორი იყოს, მაგალითად, ივანიშვილის ქონების გადარჩენა. რომ დავფიქრდეთ, ალბათ, ეს საკითხი არც დადგებოდა დღის წესრიგში, რომ არა ხელისუფლების პოლიტიკა. კელი დეგნანმა ხელისუფლების არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი დამოკიდებულებაზე საუბრისას ბრძანა, ეს რუსული გაკვეთილიაო, და სამწუხაროდ, რთულია, არ დაეთანხმო, მაგრამ მე კიდევ უფრო რთულად მგონია საქმე. დღეს ამგვარი პოლიტიკით “ქართული ოცნება” ცდილობს დასავლელ პარტნიორებს თვითონ ათქმევინოს საქართველოზე უარი. თუ ადევნებთ თვალს რუსულ საინფორმაციო საშუალებებს, შეამჩნევდით, რომ ბოლო ხანს მხოლოდ იმას ლაპარაკობენ, უკრაინასა და ევროპას ენერგოკრიზისით დავაჩოქებთ და ვაიძულებთ უკრაინის ხელისუფლებას დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან რუსული პირობებითო. ამ კონტექსტში რუსეთის ინტერესი შესაძლოა ისიც იყოს, რომ საქართველო გახდეს ენერგოგაუმტარი არეულობის ან სხვა ტიპის პროვოკაციების შედეგად, რათა არ მოხერხდეს ამ ე.წ. შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდა და დასავლეთისთვის ენერგომატარებლების გაზრდილი ოდენობით მიწოდება”, - დაასკვნის პოლიტოლოგი.

 

“რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ენერგოდერეფნის გამოყენება იმ ძალით ვერ მოხერხდეს, როგორითაც დასავლეთს სურს. შესაბამისად, ერთ-ერთი ფაქტორი ხელისუფლების ამგვარი პოლიტიკის შესაძლოა ესეც იყოს. ყველა ეს თემა კომპლექსურად, ერთიანობაშია განსახილველი. ურთულესი ზამთარი გვექნება. მნიშვნელოვანია, რომ ის მშვიდად გადავიტანოთ ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც. ამაზე დამოკიდებული იქნება ბევრი რამ, მათ შორის ისიც, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი. იმედია, ჩვენს პარტნიორებს ეს ესმით, საქართველოს ხელისუფლებასთან უფრო ღრმა კონფრონტაციაზე არ წავლენ და ამით არ შეუწყობენ ხელს, რომ ის საბოლოოდ მოექცეს რუსულ გავლენაში. სხვათა შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეცდომა მგონია ის, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს. ჩემი აზრით, ეს პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილება იყო, ახლა ცდილობენ ეს გამოასწორონ, მაგრამ ამან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიულ განვითარებაზე ცუდი გავლენა უკვე მოახდინა”, - ამბობს ვახტან ძაბირაძე და შეკითხვაზე - “პარლამენტში გამოსვლისას ყურადღება ირაკლი ღარიბაშვილის ერთმა ფრაზამ მიიქცია, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაო...” - პასუხობს:

 

“სხვათა შორის, მაგ განცხადებას მეც მივაქციე ყურადღება და თქვენსავით გამიკვირდა. ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივას მეც დასავლეთთან ინტეგრაციის გზით ვხედავ. ჩვენმა პარტნიორებმა და უკრაინამ ამ ომში თუ მიაღწიეს წარმატებას, არა მარტო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველი გაჩნდება, არამედ საქართველო რუსეთის აგრესიის საფრთხისგან საბოლოოდ გათავისუფლდება. საქართველოს ხელისუფლებას, სამწუხაროდ, ამის არ სჯერა. ღარიბაშვილის ეს განცხადება კი იძლევა განსაზღვრული ვარაუდების საფუძველს. მაგალითად, ხომ არ მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკება საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთს შორის სწორედ ამ მიმართულებით. არ არის გამორიცხული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის ფსევდოგადაწყვეტას სთავაზობდეს კრემლი, რაც მორიგი ტყუილი და აფერა იქნება”.

 

“თუ ამგვარი მოლაპარაკება მართლაც მიდის, იმედია, რუსულ ტყუილებს საქართველოს ხელისუფლება არ წამოეგება. ბოლოს და ბოლოს გაითვალისწინებს ჩვენს ისტორიულ გამოცდილებას, თუ რამდენჯერ გაგვაცურეს და გაგვაბითურეს რუსებმა. ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ტერიტორიული მთლიანობის თემით სპეკულაცია საქართველოს ხელისუფლებამ ისევ ანტიდასავლური განწყობის გასაღვივებლად წამოჭრას, რადგან მშვენივრად იცის, რომ ქვეყნის მოსახლეობის 80% სწორედ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეა. “ქართული ოცნებისა” და რუსეთისთვის მთავარი პრობლემა სწორედ ჩვენი საზოგადოებაა, რომელზეც ამ ე.წ. “ხალხის ძალისა” და “ქართული ოცნების” რიგი ლიდერებისგანაც პირდაპირ ფორსირებული შეტევა მიდის, თუმცა ამან საზოგადოების პროდასავლური და ანტირუსული განწყობები ჯერ ვერ შეცვალა. მშვენივრად იციან ეს ხელისუფლებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომაც არ არის გამორიცხული წამოჭრან ფსევდოსაკითხები იმისთვის, რომ როგორმე საზოგადოების განწყობებში გარდატეხა შეიტანონ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

 

“რუსეთი დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, უმნიშვნელოვანესია, რომ უკრაინამ გამარჯვება ბოლომდე მიიყვანოს. ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლის საქართველოსთვისაც. ჩვენ ახლა მთლიანად მიბმული ვართ უკრაინაზე. მისი გამარჯვება ჩვენთვის ნიშნავს ყველაფერს, რისი მიღწევაც გვსურდა ამ 30 წლის განმავლობაში, მათ შორის ხელისუფლების ცვლილებასაც. მნიშვნელოვანია ისიც აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებაში ძალიან ძლიერი უარყოფითი მუხტია ხელისუფლების მიმართ და მას არასტაბილურობისა და რუსეთის შიში აჩერებს. ეშინიათ ქვეყანაში ვითარების არევის, რადგან შესაძლებელია ამას რუსული სამხედრო ძალების შემოსვლა მოჰყვეს. როგორც კი გამოჩნდება, რომ რუსეთი უკვე საკუთარ თავსაც კარგავს, მაშინ ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვა, მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს - შესაძლებელია ოპოზიცია მზად არ აღმოჩნდეს პოლიტიკური დღის წესრიგის სამართავად. როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციასაც ძალიან დაბალი ნდობა აქვთ ხალხში. თუ ამერიკიდან ასეთ კრიტიკას 5-6 წლის წინ ქართველი საზოგადოების მასშტაბური პროტესტი მოჰყვებოდა, დღეს მხოლოდ სიტყვიერი უკმაყოფილება გვესმის”, ამტკიცებს პოლიტოლოგი.

 

“რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს ის, რომ პარტიაში გავლენის ჯგუფები არსებობს, ახალი არ არის. უბრალოდ, უფრო საჯარო გახდა. გულწრფელად რომ გითხრათ, “ნაციონალური მოძრაობის” გულშემატკივარი 2004 წლიდან აღარ ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პოლიტიკური სპექტრისთვის კარგი იქნება, თუ “ნაციონალური მოძრობა” შეინარჩუნებს ერთიანობას. არჩევნები დემოკრატიული პროცესია და ეს პრობლემა არ არის, არც გავლენის ჯგუფების არსებობა მიმაჩნია ტრაგედიად, მით უფრო, რომ საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიდნენ და, ფაქტობრივად, დამალული აღარაფერია. ყველამ იცის, რომ ხაბეიშვილის უკან კეზერაშვილისა და მერაბიშვილის ჯგუფები დგას, მელიას კი თავისი ჯგუფი ჰყავს, რომელიც შედგება უფრო რაციონალურად მოაზროვნე პირებისგან. მნიშვნელოვანია ერთი რამ, რაც პოლიტიკურ სივრცეში სიახლეც იქნება და წაადგება კიდეც ქართული პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას - პარტიაში დაპირისპირებული მხარეები წინასწარ უნდა შეთანხმდნენ, რომ ისინი ენდობიან საარჩევნო კომისიას პარტიაში და დაემორჩილებიან არჩევნების ნებისმიერ შედეგს. თუ ასე მოხდება, მაშინ მე პრობლემას ვერ ვხედავ ამ პროცესში. თუ ეს დასრულდა პარტიის გახლეჩით, ამაზე ვერ ვიდარდებ, მაგრამ პოლიტიკურ ვითარებას ნამდვილად არ წაადგება”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

წაკითხვა 673 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.