May 18, 2024

"როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე, ვსაუბრობთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე"

ადამიანის უფლებებზე როდესაც ვსაუბრობთ, პირველ ყოვლისა, ვსაუბრობთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ დღეს განვიხილავთ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ახალ დოკუმენტს, რომელიც ცოტა ხნის წინ მთავრობამ დაამტკიცა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც 2022-2030 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიაზე იმსჯელეს.

პაპუაშვილის თქმით, შეიქმნება ჩარჩო, რომლის ფარგლებში სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და განახორციელოს ვალდებულებები, რაც მას ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ ეკისრება.

 

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ახალი დოკუმენტი, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა, კონკრეტულად განსაზღვრავს იმ ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადადგას ცალკეულმა უწყებამ, რათა სრულად შეძლოს ყველა ადამიანმა საკუთარი უფლების რეალიზება.

 

მისივე განცხადებით, 2022-2030 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას პარლამენტი განხილვის შემდეგ დაამტკიცებს.

 

„მთელი კონცეფცია ადამიანის უფლებების დაცვისა არის სწორედ ის, რომ ერთის მხრივ ეს არის სახელმწიფო, რომელიც შეიძლება ჩაერიოს ადამიანის უფლებების რეალიზაციის პროცესში და ასევე, ეს არის სახელმწიფო, რომელსაც აქვს უპირველესი პასუხისმგებლობა, რომ ეს უფლებები იყოს უზრუნველყოფილი და დაცული. ამ დოკუმენტზე დიდი ხანი მიდიოდა მუშაობა. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობას, რომ ეს დოკუმენტი შედგა. ეს საკითხი ახლა გადმოცემულია პარლამენტისთვის, რომელიც სათანადოდ განიხილავს. ასევე მიდის მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, რომელიც უკვე კონკრეტულად განსაზღვრავს იმ ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადადგას ცალკეულმა უწყებამ ამ სტრატეგიიდან გამომდინარე მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს და გაერო-ს განვითარების ფონდს ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით გაწეული სამუშაოსთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„სტრატეგიაზე, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა, დიდი მუშაობაა გაწეული. ამავე დროს არის პარლამენტი, რომელმაც უნდა განიხილოს ეს საკითხი და საკუთარი მოსაზრებით დაამტკიცოს საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ჩვენ 2030 წლამდე ამ ჩარჩოს მოგვცემს. მინდა, მადლობა გადავუხადო პარტნიორებს და მიხეილ სარჯველაძეს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც კომიტეტი ამ მიმართულებით აწარმოებს. დიდი მადლობა გაერო-ს განვითარების ფონდს იმ დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის ზოგადად ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით იჩენს, როგორც საქართველოში, აგრეთვე პარლამენტის გვერდით დგომის მხრივ. დღევანდელი ღონისძიება სწორედ გაერო-ს განვითარების ფონდთან ერთად თანამშრომლობით არის ორგანიზებული. ასევე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მონაწილეებს და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ დისკუსია იყოს გახსნილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 234 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.