"ის ნამდვილად შეწუხებულია ევროპული მომავლისთვის მიყენებული სერიოზული ზიანით" - მელია ზურაბიშვილზე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას ისევ ადასტურებს, რომ იგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მელიას სიტყვებით, სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად არის შეწუხებული ევროპული მომავლისთვის მიყენებული სერიოზული ზიანით.
"როდესაც ვსაუბრობ ქალბატონ ზურაბიშვილზე, მე, თუკი რაიმე მახარებს ახლა და ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი კრედიტად გასცემს ამ იმედებს, ვხედავ, ის ნამდვილად არის შეწუხებული ევროპული მომავლისთვის მიყენებული სერიოზული ზიანით, საფრთხით, რომელიც ჩვენს მომავალ თაობას დაემუქა. პოზიცია როგორი იქნება, ეს, ალბათ, მხოლოდ ქალბატონმა ზურაბიშვილმა იცის", - თქვა ნიკა მელიამ.
წამყვანის კითხვას, მისი ინიციატივა იყო თუ არა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა, მელია არ პასუხობს და ამბობს: "პოლიტიკაში არის საკითხები, რაზეც საჯაროდ ვერ საუბრობენ, ან არ საუბრობენ...".
მისივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი განიხილეს და "არამხოლოდ საგარეო ვექტორი, არამედ, ქვეყნის განვითარების ვექტორი".
ნიკა მელიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა არ უარყო 29 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის დაწყებამდე, როდესაც მას ამ თემაზე ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვები.
ნიკა მელიამ თქვა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებელ ფაქტორად იქცა საკითხი მიხეილ სააკაშვილისა, რომელიც ხელისუფლებამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო.
„ან ჩვენ ვწირავთ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ვეგუებით მის სიკვდილს და ამავე დროს, ვეგუებით მრავალი წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ფატალურ შედეგთან ერთად ქვეყნისთვის დასავლურ მომავალზე უარი თქმას“, - თქვა მელიამ.
მანვე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი შეხვედრა ჰქონია და არ ჰგონია, ის კონკრეტულად ამბობდეს, რას აპირებს სააკაშვილთან დაკავშირებით. მელიასვე თქმით, გუშინდელი მოვლენები იყო პარტია „ქართული ოცნების" "ორგანიზებული სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლის მოსახდენად".
სიახლეები
- ფრიდონ ინჯია პარლამენტს სახელმწიფო გერბზე გაკეთებული დევიზის „ძალა ერთობაშია“ შეცვლას და მის ნაცვლად, „ენა, მამული, სარწმუნოების“ დაწერას სთავაზობს
- "ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება" - გია ხუხაშვილი
- „ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!“ - ზურაბიშვილი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
- პაპუაშვილმა „ქარაფშუტა პოლიტიკოსი“ უწოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს
- "ლაზარე გრიგორიადისს სპეცრაზმის თანამშრომლები მივარდნენ, ვიდრე პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ, მანამდე სცემეს, ძირს დააწვინეს და ურტყეს, აგინებდნენ - დაზიანებები სახეზე და თავზე აქვს, ბორკილებისგან დაწითლებული აქვს ხელები " - ადვოკატი