May 15, 2024

"გამორიცხულია, მაკფოლის დონის დიპლომატმა არ იცოდეს, რომ სააკაშვილის ხსენება დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან არის აბსურდი"

გამორიცხულია, მაკფოლის დონის დიპლომატმა არ იცოდეს, რომ სააკაშვილის ხსენება დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან არის აბსურდი, ეჭვი მაქვს, გამზადებულ ტექსტზე ხელი მოაწერინეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა გამოეხმაურა რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, მაიკლ მაკფოლის ამერიკულ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიას, სადაც აღნიშნულია: „ჯო ბაიდენმა და სხვა ლიდერებმაც უნდა მოუწოდონ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი და მისცეს უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებაში გამგზავრების უფლება“.

 

ირაკლი ზარქუას განცხადებით, ასეთი განცხადებების ფონზე, რთული იქნება მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ დასავლეთი არის სამართლიანობა და კანონის უზენაესობა.

 

„ფაქტია, ამ ლობისტების თემა მუშაობს. შეიძლება, მაკფოლის განცხადება თამამად მივაწერო სწორედ იმ ხელწერას, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთნაირი სათაურითა და ერთნაირი შინაარსითაა. შეუძლებელი, გამორიცხულია, მაკფოლის დონის დიპლომატმა არ იცოდეს, რომ სააკაშვილის ხსენება დემოკრატიასთან აბსურდია, სააკაშვილის ხსენება მედიაპლურალიზმთან შეუძლებელია, სააკაშვილის ხსენება რამე დემოკრატიულ პროცესებთან და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელია. ამიტომ მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ესეც ანალოგიურად დაწერილი ტექსტია, გაუმზადეს, როგორც ერთნაირი სათაურებით იბეჭდება მსოფლიოში. ეტყობა, მაკფოლის ხელი მოაწერინეს და გამოქვეყნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მინდა, კითხვა დავუსვა, ბაიდენს ირანული კომპანიისთვის სტრატეგიული ობიექტები რომ მიეყიდა, მაგალითად, წყალი, რომელიც ვაშინგტონს ამარაგებს, თბოელექტროსადგურები ირანის მოქალაქეებისთვის და ბიზნესწრეებისთვის მიეცათ, „სიენენი“ და „ფოქს ნიუსი“ დაეხურა, ბაიდენის ადმინისტრაცია შევარდნილიყო, 100 ათასობით ამერიკელი ეწამებინა და შემდეგ ამაზე ევროპის სასმართლოს შესაბამისი დასკვნა დაედო, ამის შემდეგ მაკფოლი ასეთ განცხადებებს გააკეთებდა, რომ ბაიდენი დემოკრატიის შუქურა, მედიის თავისუფლების მხარდამჭერი და ადამიანის უფლებების დამცველია? რომელიმე მათგანი მსგავს განცხადებებს გააკეთებდა? არა, მაგრამ ეს საქართველოა, პატარა ქვეყანაა და მოსულა? ეს სამართლიანი მიდგომა არ არის. ჩვენ, ქართველებს, უკეთესი კულტურის, ტრადიციის, სტუმართმასპინძლობის, უკეთესი ხეობების, ხედის, უკეთესი სამზარეულოს და ღვინოს ქვეყანა გვაქვს, მაგრამ გვინდა დასავლეთთან, რადგან მოგვწონს კანონის უზენაესობა. არ აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსი გაქვს, დააშავებ, ჩაიდენ დანაშაულს და პასუხს აგებ სამართლიანად. დასავლეთი მოგვწონს იმიტომ, რომ იქ უკეთესი განათლების სისტემაა, ამიტომ გვინდა ჩვენს პარტნიორებთან ყოფნა. მეტი უსაფრთხოებაა, მეტი დემოკრატიული პროცესია. როდესაც განცხადებები კეთდება, თურმე სააკაშვილი წარსული დემოკრატიული დამსახურებებისთვის ციხიდან უნდა გამოვუშვათ, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ დასავლეთი არის სამართლიანობა და დასავლეთი კანონის უზენაესობაა.

 

კიდევ ერთხელ ვიტოვებ უფლებას, ვთქვა, რომ ეს არის ჩვეულებრივი ფასიანი ლობისტების ხელწერა. სააკაშვილის სახით ჩვენთან რა დიქტატურაც იყო, არასწორი მიდგომა იყო და ამას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წელს უთხრა უარი. უარი უთხრა ტირანიას, დიქტატურას. ძალიან გთხოვთ, ნუ იგდებთ თავს უხერხულში და ჩვენც უხერხულ მდგომარეობაში ნუ გვაგდებთ. პუტინის როლზე და მის ინტერესებზე ვინც მუშაობს, სწორედ ასეთი განცხადებებია, რათა ნიჰილოზმი დავნერგოთ ჩვენს მოსახლეობაში – თურმე არ აქვს მნიშვნელობა, რომ ადამიანს კლავენ, აუბედურებენ, მაინც დემოკრატიის შუქარად იქნება წარმოდგენილი. არ გვინდა, ამაში დარწმუნდეს ჩვენი მოსახლეობა. პუტინს, რომელიც ჩვენი მტერია და ოკუპანტი, სწორედ ეს უნდა. შემდეგში გაითვალისწინონ“, – განაცხადა ზარქუამ.

 

ამასთან, ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა ხატია დეკანოიძის განცხადებას, სადაც დეკანოიძემ აღნიშნა, რომ მაიკლ მაკფოლის განცხადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

„ხატია დეკანოიძეს პატივს ვცემ. მესმის, ის პარტიის წარმომადგენელი, თანამდებობის პირია და სუბიექტური განცხადებები აქვს. ხატიამ ხვალ რომ მოითხოვოს სააკაშვილის გამოშვება, ესეც მისი მხრიდან ადეკვატური და ნორმალური იქნება. ის იბრძვის თავისი ლოდერისთვის. ცუდია თუ კარგია, მისი ლიდერია, პარტიის დამფუძნებელია და, ბუნებრივია, მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს განცხადებები უნდა გააკეთოს. ჩვენ გვიკვირს იმ გამოცდილი პოლიტიკოსების, რომლებიც საერთაშორისო არენიდან სააკაშვილს და დემოკრატიას, სააკაშვილს და ადამიანის უფლებებს, სააკაშვილს და მედიაპლურალიზმს ერთ სიბრტყეში აყენებენ. ჩამობრძანდით და მოსახლეობას გაესაუბრეთ, იყო თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ და დემოკრატია ერთ სიბრტყეში. პასუხს მიიღებთ და შემდეგ ძალიან შეგრცხვებათ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

წაკითხვა 233 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.