May 15, 2024

"საქართველოს ხელისუფლების მიზანია, მოკლას მიხეილ სააკაშვილი"- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, საქართველოს ხელისუფლება ნელა კლავს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.

„ინტერფაქს-უკრაინის“ თანახმად, ეს განცხადება ზელენსკიმ კიევში გააკეთა ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ თქვა, რომ მას გადასცეს ფოტოები, რომლებზეც ასახულია სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა.

 

„ერთ დროს ის საქართველოს პრეზიდენტი იყო, მიხეილ სააკაშვილი. [ფოტოები] დავით არახამიამ გადმომცა. მინდა ნახოთ, როგორ გამოიყურება ის“, - თქვა ზელენსკიმ.

 

„ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა დღეს იმას აკეთებს, რომ ის მას კლავს. იცით, რომ მათ ის მოწამლეს და ახლა, ბოდიში და, ნელ-ნელა კლავენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

„მინდა, პრესამ დაინახოს, რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. მე არ განვიხილავ იმ საკითხს, თუ რატომ დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგები აქვს ამას საქართველოს პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის. ეს მათი საშინაო საქმეა. მე ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებაზე, რომელსაც ყოველდღე სახალხოდ აწამებენ. და ვფიქრობ, მათი მიზანია, მოკლან ის“, - დასძინა ზელენსკიმ.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე ვიდეოკავშირის მეშვეობით აჩვენა, რა მდგომარეობაში იმყოფება.

 

საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი სააკაშვილისთვის პატიმრობის შესაძლო გადავადების ან მისი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

 

სააკაშვილი თბილისის კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. ამჟამად დგას სარეანიმაციო განყოფილებაში მისი გადაყვანის საკითხი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

 

შარშან მაისში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცვლილებები შეიტანა თავისი წინამორბედის, პეტრო პოროშენკოს ბრძანებულებაში და უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა მიხეილ სააკაშვილს.

წაკითხვა 186 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.