May 15, 2024

"საზოგადოებას უფლება აქვს, ხედავდეს, ვინ როგორ ფინანსდება"- მიხეილ სარჯველაძე

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე "უცხოური აგენტების" სიაზე "ხალხის ძალის" კანონპროექტს აფასებს და ამბობს, რომ "საზოგადოებას უფლება აქვს, ხედავდეს, ვინ როგორ ფინანსდება.

"საზოგადოებას აქვს უფლება, ხედავდეს ვინ როგორ ფინანსდება, რა სახსრებით ახორციელებს თავის საქმიანობას, შესაბამისად, ინიციატვა გულისხმობს იმას, რომ ეს სივრცეც მოექცეს მსგავსი რეგულაციების პირობებში", - განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფმა დეპუტატების ჯგუფმა "ხალხის ძალას" დღეს, 14 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომ მათ დაასრულეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა და უკვე პარლამენტში შეაქვთ.

 

გავრცელებულ განცხადებაში ისინი მოკლედ მიმოიხილავენ პროექტის შინაარს, სადაც ნათქვამია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, არამედ ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე.

 

დეპუტატების განცხადებით, კანონპროექტით შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.

 

"ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები.

 

ამასთანავე, ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან. აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოების ინფორმირების ხარისხს, რაც დაეხმარება ხალხს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენ პრაქტიკულად დავასრულეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მედია სივრცეში სიცრუის და უხამსობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას. აღნიშნულ კანონპროექტსაც უახლოეს დღეებში დავაინიცირებთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

მათივე მტკიცებით, კანონპროექტი "საუკეთესო დასავლურ" პრაქტიკას და ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება.

 

აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს იქნა მიღებული, მოგვიანებით კი მან ცვლილებები განიცადა.

 

თავდაპირველად აღნიშნული კანონი ამერიკაში შემოიღეს მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად.

 

მოგვიანებით კანონმა სახეცვლილება განიცადა და მისი მოქმედების არე დავიწროვდა. ახლა ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს ეხება.

წაკითხვა 203 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 14 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.